ევროპის ხუთი წამყვანი ქვეყნის ლიდერები ბერლინში შეიკრიბნენ და უკრაინის მხარდაჭერაზე, ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასა და ნატოს ევროპული მიმართულების გაძლიერებაზე იმსჯელეს.
მოლაპარაკებების მთავარი თემები ევროპული თავდაცვა, უკრაინაში მიმდინარე ომი და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება იყო.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და პოლონეთის ლიდერები. დისტანციურად მათ ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტეც შეუერთდა.
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს მადლობა გადაუხადა და ყურადღება ნატოს გაძლიერებისა და ევროპის ერთიანობის განმტკიცებაზე გაამახვილა.
„ჩვენ გვსურს, ალიანსი განვაახლოთ და მისი ევროპული მიმართულება კიდევ უფრო გავაძლიეროთ. რაზეც, ერთი წლის წინ, ჰააგის სამიტზე შევთანხმდით, ახლა სისრულეში მოგვყავს. თავდაცვით ხარჯებს მთლიანი შიდა პროდუქტის 3.5%-ამდე ვზრდით. გერმანიის ფედერალური მთავრობა ამ მაჩვენებლის მიღწევას 2029 წლისთვის გეგმავს. საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია და პოლონეთიც მნიშვნელოვნად ზრდიან თავდაცვით ინვესტიციებს. ეს უფრო დაბალანსებული ტრანსატლანტიკური პარტნიორობის საფუძველს ქმნის.
ანკარაში უკრაინისადმი მხარდაჭერის ძლიერი სიგნალის გაგზავნა გვინდა. გერმანიის მთავრობა გამოდის წინადადებით, რომ ნატოს ევროპელმა წევრებმა კიევის მიმართ მნიშვნელოვანი ფინანსური ვალდებულება აიღონ. ჩვენი პოზიცია რუსეთისთვის ნათელია: უკრაინა ძლიერია, ხოლო ევროპის მხარდაჭერა არ სუსტდება. ევიანში გამართული G7-ის სამიტის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრანსატლანტიკური ერთიანობა დიდი ხნის განმავლობაში არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი. ვიმედოვნებთ, მოსკოვი შესაბამის დასკვნებს გამოიტანს. დროა, სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს“ - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა.
კირ სტარმერი, რომელმაც თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ორშაბათს განაცხადა, ამაყობს იმით, რომ დიდმა ბრიტანეთმა ევროპელ და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების აღდგენას შეუწყო ხელი.
მისი თქმით, ქვეყანა კვლავ იცავს ღირსების, ურთიერთპატივისცემისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს.
„გმადლობ, ფრიდრიხ. დიდი სიამოვნებაა დღეს თქვენთან ერთად ყოფნა და მადლობა თბილი სიტყვებისთვის. ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენთან თანამშრომლობა ამ მნიშვნელოვან საკითხებზე. ვამაყობ იმით, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში გავაკეთეთ ევროპასა და მთელ მსოფლიოში ჩვენს მოკავშირეებთან ურთიერთობების აღსადგენად. ასევე ვამაყობ, რომ დიდი ბრიტანეთი კვლავ იცავს ღირსების, ურთიერთპატივისცემისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს.
მოსკოვში სულ უფრო იზრდება უკმაყოფილება პუტინის ომის მიმართ. ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის ეკონომიკაზე ზეწოლის გაძლიერება ახალი სანქციებით, ასევე უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გაწევა. ჩვენ მზად ვართ, ეს პროცესი წინ წავწიოთ და ვფიქრობთ, რომ სწორედ ეს უნდა იყოს რამდენიმე კვირაში დაგეგმილი ნატოს სამიტის მთავარი საკითხი“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც დაადასტურა, რომ ევროპის ლიდერებსაც უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებასა და რუსეთის წინააღმდეგ კოორდინირებული პოლიტიკის შენარჩუნებასთან დაკავშირებით საერთო პოზიცია ჰქონდათ.
„უკრაინასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩვენი საერთო პოზიციის დაზუსტება. ბოლო 18 თვის განმავლობაში პირველად G7-ის ყველა წევრმა ერთსა და იმავე დოკუმენტს მოაწერა ხელი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩვენთან ერთად კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა, სამხედრო და ენერგეტიკული დახმარების გაგრძელების, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისა და საერთო კურსის გაგრძელების მზადყოფნა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომლის განმტკიცებაც გვსურს. ნავთობსა და გაზთან დაკავშირებული ბოლო გადაწყვეტილება და სანქციების აღდგენა სწორედ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. ამ გზით მუშაობას ანკარაში შეხვედრებისა და 13 ივლისს „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის ფარგლებშიც გავაგრძელებთ“ - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.
ბერლინში შეხვედრა ივლისში დაგეგმილი ნატოს სამიტის წინ გაიმართა. სამიტზე მთავარი განსახილველი თემები ევროპული უსაფრთხოებისა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხები იქნება.
