ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანთან გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს ვაშინგტონისთვის კვლავ დიდ წარმატებად წარმოაჩენს და აცხადებს, რომ მიზანი, რომელიც ომის დაწყების მთავარი საფუძველი იყო,
მიღწეულია და თეირანი ბირთვული იარაღის შექმნას ვერასდროს შეძლებს. დონალდ ტრამპი იმასაც ამბობს, რომ თვეების განმავლობაში ბლოკირებულ ჰორმუზის სრუტეში მხოლოდ გუშინ 19 მილიონი ბარელი ნავთობი გავიდა და რომ ეს ისტორიული მაჩვენებელია. პენსილვანიის შტატში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკული და ირანული მხარეები ერთმანეთს „საკმაოდ კარგად უგებენ“.
„როგორც იცით, ჩვენ ახლახან ირანთან ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას მივაღწიეთ, რათა ჰორმუზის სრუტეში კონფლიქტი დასრულდეს. და სხვათა შორის, გუშინ მშვენიერი ჰორმუზის სრუტიდან 19 მილიონი ბარელი ნავთობი გავიდა. ეს სრუტის ისტორიაში ნავთობის ყველაზე დიდი მოცულობაა. მსგავსი რამ არასოდეს გინახავთ. ეს ნავთობის ამოფრქვევაა. რაც მთავარია, ჩვენ ვუზრუნველყოფთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. სწორედ ამიტომ, 99%-ით ამ მიზეზის გამო გავაკეთე ეს: ირანს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი. და ისინი ამას დათანხმდნენ. თუმცა გახსოვდეთ, რომ ეს ადვილი არ ყოფილა. 47 წლის განმავლობაში ჩვენ გვყავდა პრეზიდენტები და სხვა ადამიანები, ასევე სხვა ქვეყნებიც - მხოლოდ ჩვენ არ ვყოფილვართ ისინი, ვინც ვერაფერს აკეთებდა. ისინი ახლო აღმოსავლეთის მჩაგვრელები იყვნენ. ახლა კი ირანს სამხედრო-საზღვაო ფლოტის, საჰაერო ძალების, საჰაერო თავდაცვის სისტემის, სარაკეტო შესაძლებლობებისა და ბირთვული პროგრამის გარეშე ვტოვებთ. ჩვენ მათ ყოველგვარი ბირთვული შესაძლებლობის გარეშე ვტოვებთ. და მათ ამაზე თანხმობა განაცხადეს. ჩვენ საკმაოდ კარგად ვუგებთ ერთმანეთს. თუმცა, თუ ყალბ ამბებს წაიკითხავთ, ამას ვერასოდეს გაიგებთ. დაფიქრდით - ეს ყალბი ამბებია. მათ აღარ ჰყავთ არმია, აღარ ჰყავთ ფლოტი, აღარ ჰყავთ საჰაერო ძალები, აღარ აქვთ საჰაერო თავდაცვის სისტემა. ჩვენ შეგვიძლია თეირანს უბრალოდ გადავუფრინოთ და ვერავინ ვერაფერს დაგვიშავებს. და შემდეგ ყალბ სიახლეებს ვკითხულობ, რომ თითქოს მათ ყველაფერი კარგად აქვთ. ისინი კარგ მდგომარეობაში არ არიან“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამავდროულად ირანის პრეზიდენტი, მასუდ ფეზეშკიანი აცხადებს, რომ თეირანის სარაკეტო პროგრამა შეერთებულ შტატებთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმში არ შედის. მისი თქმით, რომ არა ირანის სარაკეტო შესაძლებლობები, ქვეყანა ახლა განადგურებული იქნებოდა.
„ჩვენი სარაკეტო პროგრამა ურთიერთგაგების მემორანდუმის ნაწილი არ არის და არც იქნება. მინდა ვთქვა, რომ თავდაცვისთვის ირანს სარაკეტო შესაძლებლობები რომ არ ჰქონოდა, ჩვენი ქვეყანა სიონისტური რეჟიმისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უკვე გაძარცვული და განადგურებული იქნებოდა, ისევე როგორც ღაზა. ისინი არც ახალგაზრდებს დაინდობდნენ და არც მოხუცებს. ისინი ამტკიცებენ, რომ ადამიანის უფლებებს პატივს სცემენ, მაგრამ ეს დიდი ტყუილია. და ჩვენ რომ საკუთარი თავის დაცვა არ შეგვეძლოს, ისინი მოწყალებას ჩვენი ქვეყნის მიმართ ნამდვილად არ გამოიჩენდნენ და ჩვენს ძალას გაანადგურებდნენ. ამიტომ, ჩვენ არასოდეს წავალთ კომპრომისზე და არავისთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ჩვენი სარაკეტო შესაძლებლობების შესახებ“, - განაცხადა მასუდ ფეზეშქიანმა.
მასუდ ფეზეშქიანმა ეს განცხადება ისლამაბადში ვიზტის ფარგლებში პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. სამშვიდობო პროცესში შუამავალი პაკისტანის ლიდერმა თავადაც გაიმეორა, რომ ბალისტიკური რაკეტების საკითხი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში განხილვის საგანი არასდროს ყოფილა.
„მსოფლიოში მრავალი ქვეყანაა, რომელსაც მსგავსი რაკეტები აქვს საკუთარ არსენალში. მაშ, რატომ უნდა იყოს ირანის ბალისტიკური რაკეტები განსაკუთრებული წინააღმდეგობის საგანი? ეს მხოლოდ დამატებით დაპირისპირებას შექმნიდა, გაუმართლებელ შეფერხებებს, ეჭვებსა და კითხვებს გამოიწვევდა. ამიტომ, დასასრულს მინდა კატეგორიულად განვაცხადო, რომ ბალისტიკური რაკეტების საკითხი არასოდეს ყოფილა იმ დღის წესრიგის ნაწილი, რომელიც განიხილებოდა. იგი ურთიერთგაგების მემორანდუმის ნაწილი არაა და არც არასოდეს ყოფილა მოლაპარაკებების მაგიდაზე“, - თქვა შეჰბაზ შარიფმა.
გასულ კვირაში მხარეებს შორის მიღწეული წინასწარი შეთანხმება, უპირველეს ყოვლისა, ჰორმუზის სრუტის გახსნას ითვალისწინებდა. ამასთან, შეთანხმება ირანს მოლაპარაკებების 60 დღიან პერიოდში ნავთობის კვლავ თავისუფლად გაყიდვის საშუალებს აძლევს. ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს თეირანის გაყინული აქტივების განბლოკვასაც.
ამ შეთანხმების გაფორმებას ვაშინგტონისთვის სერიოზული კრიტიკა მოჰყვა, რადგან ბევრი მიიჩნევს, რომ იგი იმ მიზნებს, რომლებიც დონალდ ტრამპმა 28 თებერვალს ახლო აღმოსავლეთში სამხედრო მოქმედებების დაწყებისას დაასახელა, გვერდს უვლის.
