დიდ ბრიტანეთში რეკორდულად მაღალი ტემპერატურაა. მოსახლეობა პლაჟებსა და მდინარეების სანაპიროებზე აფარებს თავს.
ქვეყნის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, 24 და 25 ივნისს ძალიან მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. პროგნოზის მიხედვით, სამხრეთ ინგლისში ტემპერატურა 37 გრადუსს მიაღწევს, ლონდონსა და ზოგიერთ რეგიონში კი შესაძლოა 39 გრადუსამდეც ავიდეს, რაც ივნისის რეკორდს მოხსნის.
უკიდურესი სიცხის გამო ასობით სკოლა სასწავლო პროცესს დროზე ადრე ამთავრებს, რკინიგზის ოპერატორებმა რეისების ნაწილი გააუქმეს ან შეამცირეს. მგზავრებს მოუწოდებენ, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში იმგზავრონ, რადგან მაღალ ტემპერატურას სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზეც აქვს გავლენა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ამინდი 26 ივნისიდან შედარებით გაუმჯობესდება, თუმცა სპეციალისტები მოსახლეობას კვლავ განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
მეცნიერების შეფასებით, კლიმატის ცვლილება სიცხის ტალღებს უფრო ხშირ და ინტენსიურს ხდის. გაეროსა და ევროპული ორგანიზაციების მონაცემებით, ბოლო წლებში მაღალი ტემპერატურის შედეგად ასიათასობით ადამიანი დაიღუპა. ექიმები მოსახლეობას მზეზე ხანგრძლივად ყოფნისგან თავის შეკავებას, დიდი რაოდენობით სითხის მიღებასა და განსაკუთრებით ბავშვებისა და ხანდაზმულების დაცვას ურჩევენ. მათი შეფასებით, ექსტრემალური სიცხე ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ბუნებრივი საფრთხეა.
