„ერთმანეთს კონურენცია მაღაზიის თაროზე უნდა გავუწიოთ, მაგრამ მიწოდების ჯაჭვის კუთხით უმჯობესია, ვითანამშრომლოთ“, - განუცხადა შოკოლადის ერთ-ერთი წამყვანი მსოფლიო ბრენდის Tony’s Chocolonely-ის ხელმძღვანელმა დუგლას ლამონტმა „ევრონიუსს“. მისი კომპანია ცდილობს, შოკოლადის ინდუსტრიაში არსებული ბავშვთა შრომის ექსპლუატაციისა და გაუტყევერების წინააღმდეგ იბრძოლოს და შოკოლადის სხვა მწარმოებლებსაც მოუწოდებს, თავიანთი სიტყვა თქვან ამ კუთხით.
ჰანა ბრაუნი, ევრონიუსი: „დღეს ჩემი სტუმარია კომპანია Tony's Chocolonely-ის აღმასრულებელი დირექტორი დუგლას ლამონტი. თქვენი კომპანია 2005 წელს დაფუძნდა შოკოლადის ინდუსტრიაში ფართოდ გავრცელებული ბავშვთა ექსპლუატაციისა და მონობის წინააღმდეგ მიმართული პროტესტის მიზნით. უკვე 21 წელი გავიდა. რა მდგომარეობაა ახლა ამ ინდუსტრიაში?“
დუგლას ლამონტი, Tony's Chocolonely-ის აღმასრულებელი დირექტორი: „ცვლილება ნელა მიდის, როგორც მივხვდით, თუმცა, ასე მგონია, საკმაოდ კარგ შედეგს მივაღწიეთ იმ თვალსაზრისით, რომ ხალხი სულ უფრო მეტს იგებს დასავლეთ აფრიკაში არსებული პრობლემების შესახებ. გარდა ამისა, ჩვენ, როგორც კომპანიას, გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ შესაძლებელია ბიზნესის განსხვავებულად კეთება, რომ შესაძლებელია ისეთი მოდელის შექმნა, რომელიც უფრო მდგრადია და ფერმერებს განსხვავებული მეთოდით ეხმარება. ჩვენ წამოვიწყეთ ინიციატივა, სახელწოდებით „ტონის ღია ჯაჭვი“ Tony's Open Chain, რომლის ფარგლებშიც შემოგვიერთდა 20 პარტნიორი, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ კაკაოს ნედლეულის მიღების მიზნით. თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ ინდუსტრიის ძალიან მცირე წილი - 1% პროცენტი გვიკავია. და კიდევ გვჭირდება გარკვეული ცვლილებები, რათა დასავლეთაფრიკელ ფერმერებს უკეთესი პირობები შევუქმნათ“.
ჰანა ბრაუნი, ევრონიუსი: „რომ განგვიმარტოთ, მაინც რამხელაა ევროპის შოკოლადის ინდუსტრია 2026 წელს?“
დუგლას ლამონტი, Tony's Chocolonely-ის აღმასრულებელი დირექტორი: „ევროპაში ამ ინდუსტრიის მოცულობა დაახლოებით 42 მილიარდი ევროა, ასე რომ, საკმაოდ დიდია. რაც შეეხება გლობალურ დონეს, ეს ინდუსტრია ორჯერ დიდია. ეს უზარმაზარი გლობალური პროდუქტია, მაგრამ მსოფლიოში მოხმარებული კაკაოს 60% დასავლეთ აფრიკის ორი ქვეყნიდან მოდის: კოტ-დ’იუვარიდან და განიდან. ამიტომ ძალიან რთულია გარანტიების შექმნა, რომ დასავლეთ აფრიკაში არსებულმა ბიზნესმოდელმა არ მიმართოს კაკაოს მწარმოებელი ფერმერების ექსპლუატაციას“.
ჰანა ბრაუნი, ევრონიუსი: „როგორ გგონიათ, ამ ინდუსტრიის რამდენი პროცენტი მიმართავს ისევ ექპლუატაციას?“
დუგლას ლამონტი, Tony's Chocolonely-ის აღმასრულებელი დირექტორი:
„ჩემი აზრით, რეალობა ისაა, რომ ამ პრობლემას ჯერ კიდევ მყარად აქვს გადგმული ფესვები. ჩვენს საკუთარ მიწოდების ჯაჭვშიც კი - რომელსაც ყოველწიურად მონიტორინგს ვუტარებთ ბავშვთვა შრომის გამოვლენის მიზნით - მაინც გვხვდება ხოლმე ასეთი შემთხვევები. ჩვენი მონაცემების მიხედვით, რომელთაც თითოელ ოჯახთან შეხვედრის საფუძველზე ვაგროვებთ, დაახლოებით 4%-ია ბავშვთა შრომის შემთხვევები. რაც შეეხება მთლიან შოკოლადის ინდუსტრიას, ეს მაჩვენებელი 40%-ზე მეტია. ასე რომ, ეს უზარმაზარი პრობლემა ისევ არსებობს და რასაც საკუთარი თვალით ვხედავთ, კაკაოს მწარმოებელი ფერმერების 40%-ზე ნაკლები ახერხებს არსებობისთვის საკმარისი შემოსავლის მიღებას“.
ჰანა ბრაუნი, ევრონიუსი: „მაინც როგორ ახერხებთ ექსპლუატაციის შემთხვევების აღმოჩენასა და გადაჭრას თქვენი მიწოდების ჯაჭვის ფარგლებში?“
დუგლას ლამონტი, Tony's Chocolonely-ის აღმასრულებელი დირექტორი:
„ჩვენ დავნერგეთ ე.წ. ხუთი წყაროს პრინციპზე დაფუძნებული მოდელი, რომელიც მიკვლევადობით იწყება. ვრწმუნდებით, რომ თავად ვიცნობთ თითოეულ ფერმას, რომელიც კაკაოს მარცვლებს გვაწვდის. ამის მერე ვთანამშრომლობთ ამ ფერმერებთან, რომ ფერმერების მყარი ბაზა შევქმნათ. მათ ვუდებთ გრძელვადიან კონტრაქტებს, ეს არის ასიმეტრიული კონტრაქტები, რომელთა მიხედვითაც, ვალდებულებას ვიღებთ, რომ ყოველთვის შევიძენთ მათგან პროდუქტს არსებობისთვის საკმარის ფასად. ისინი არ არიან ვალდებული, მოგვყიდონ კაკაოს მარცვალი, თუკი ვინმე სხვა უფრო მეტს გადაუხდის. ასე რომ, მათ ხელები გახსნილი აქვთ. თუმცა ჩვენ ვალდებული ვართ, გადავიხადოთ საარსებო მინიმუმის შესაბამისი ფასი. ამჟამად, მაგალითად, დასავლეთ აფრიკაში გავრცელებულ ფერმაში ასაღებ ფასს 45%-ს ვამატებთ პრემიის სახით. ფაქტების ასეთი კომბინაცია ნიშნავს, რომ ფერმერს ცოტა მეტი ფული რჩება ჯიბეში და შეუძლია, რომ საკუთარ ფერმაში ინვესტიციაც გააკეთოს და შვილი სკოლაშიც გაუშვას“.
ჰანა ბრაუნი, ევრონიუსი: „თქვენი ბრენდის სახელწოდებაში არის სიტყვა „მარტო“, რომელიც, სავარაუდოდ, იმიტომ მიამატეთ სახელს, რომ კომპანიის დამფუძნების დროს თავს მარტო გრძნობდით ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორ გგონიათ, რამდენად შეიცვალა ვითარება? ისევ მარტოდ გრძნობთ თავს?“
დუგლას ლამონტი, Tony's Chocolonely-ის აღმასრულებელი დირექტორი:
„არა, ახლა ალბათ ნაკლებად ვგრძნობთ თავს მარტოდ. და ამას ორი გარემოება განაპირობებს. როგორც უკვე აღვნიშნე, წამოვიწყეთ ინიციატივა „ტონის ღია ჯაჭვი“ Tony's Open Chain, რომლის ფარგლებშიც ჩვენს ეთიკური გზით მიღებულ კაკაოს ნებისმიერ მსურველს ვთავაზობთ. და საკმაოდ ბევრი პარტნიორი გვყავს, მათ შორის კერძო ბრენდებიც, მაგალითად, „ალბერტ ჰეინი“ Albert Heijn და „უაიტროუსი“ Waitrose შემოგვიერთდნენ და კაკაოს მარცვლებს ჩვენგან ყიდულობენ, რაც იმა ნიშნავს, რომ აღარ ვართ მხოლოდ ტონის Tony's ბრენდი. ახლა ეს არის მისიის ირგვლივ გაერთიანებული 22 პარტნიორისგან შემდგარი კოლექტივი, რაც, ჩვენი აზრით, შესანიშნავია. თუ მიწოდების ჯაჭვში ასეთი ღრმად ფესვგადგმული პრობლემის აღმოფხვრა გინდა, აუცილებლად უნდა ვითანამშრომლოთ მიწოდების ჯაჭვის ფარგლებში. ერთმანეთს კონკურენცია შეგვიძლია გავუწიოთ მაღაზიის თაროზე, მაგრამ მიწოდების ჯაჭვში უნდა ვითანამშრომლოთ“.
ჰანა ბრაუნი, ევრონიუსი: „მოდი, საფასო პოლიტიკაზე ვისაუბროთ. ევროსტატის Eurostat მიხედვით, შოკოლადის სამომხმარებლო ფასი 17.9%-ით გაიზარდა მთელ ევროკავშირში 2025 წელს. ეს კი ყველაზე დიდი ფასნამატია სასურსათო პროდუქტებს შორის. ამ დროს კი საშუალო ინფლაციამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე მთლიანად 3.3% შეადგინა. მაინც რამ განაპირობა შოკოლადის ფასის ასეთი მკვეთრი ზრდა?“
დუგლას ლამონტი, Tony's Chocolonely-ის აღმასრულებელი დირექტორი:
„მთავარი ფაქტორი ის იყო, რომ კაკაოს ფასი გახუთმაგდა. 500%-იანი ზრდა იყო კაკაოს ფასის. ზედიზედ ორჯერ ცუდი მოსავალი იყო ორი სხვადასხვა მიზეზის გამო: ერთ წელიწადს გვალვა იყო და მერე დიდი ნალექი, ხოლო მეორე წელს - პირიქით, რაც იმას ნიშნავს, რომ ორი ძალიან ცუდი მოსავალი გქონდა, არადა, კაკაოზე მოთხოვნა მთელ მსოფლიოში იზრდება. ასეთი კომბინაციის პირობებში, როდესაც მოსავალი დაბალია და მოთხოვნა მაღალი, ეკონომიკაც შესაბამისად იქცევა და ფასები იზრდება. თუ გვინდა, გადავრჩეთ, როგორც ბიზნესი, და წაგებაზე არ გავიდეთ, ჩვენი ხარჯი მომხმარებელზე უნდა გადავანაწილოთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ამ ფასის გადახდა ფერმერების კისერზე არ გადავა“.
ჰანა ბრაუნი, ევრონიუსი: „ახლა როგორაა საქმე? 2026 წელს უფრო მკვეთრ ზრდას ხომ არ უნდა ველოდოთ?
დუგლას ლამონტი, Tony's Chocolonely-ის აღმასრულებელი დირექტორი:
„ფასები დასავლეთ აფრიკაში სრულიად საწინააღმდეგო მიმართულებით წავიდა და კაკაოს ფასი ძალიან დაეცა. გაძვირების შედეგად მომხმარებლის მოთხოვნა ეცემა. კარგი მოსავალის დროს კი ეს ტრენდი პირიქით იცვლება. ჩვენთვის ფასის ვარდნა ბაზარზე სულაც არ არის სასიხარულო. ჩვენ გვინდა მდგრადი, მყარი, საარსებოდ საკმარისი ფასი ფერმერებისთვის, ეს ფასი კი გაცილებით აღემატება დღეს არსებულ ფასს. ყველა 12 თვით ადრე აკეთებს შესყიდვებს და დღეს რა ფასადაც ვყიდულობთ, ეს ფასი სამომხმარებლო ფასზე ერთი წლის შემდეგ აისახება, რადგან ამჟამად ყველა იმ კაკაოს ყიდის, რომელიც ძალიან ძვირად აქვს ნაყიდი. ჩემი არგუმენტი ასეთია: დიახ, დიდმა კომპანიებმა უნდა ჩადონ ინვესტიცია ფერმერისთვის გადახდილ საარსებო ფასში, უნდა გადაიხადონ დამატებითი პრემია, როგორც ჩვენ ვიხდით და არ გადაამისამართონ ეს ფასნამატი მომხმარებელზე ან საცალო მოვაჭრეებზე. ადრე ყველა ამბობდა, რომ „ამას ვერ გავაკეთებთ, რადგან თუკი მეტს გადავიხდით, მომხმარებელი არასოდეს გადაიხდის ამ ნამატის ღირებულებასო.“ მაგრამ საერთო ჯამში ვხედავთ, რომ მომხმარებელი იხდის ამ ფასნამატს და გაჩნდა ფული, რომლის ინვესტირებაც შესაძლებელია ფერმერში და სწორედ ასე ვქმნით უფრო სტაბილურ ინდუსტრიას; ასე ვათავისუფლებთ ბავშვებს შრომითი ექსპლუატაციისგან; ასე ვცვლით ინდუსტრიას“.
ჰანა ბრაუნი, ევრონიუსი: „როგორ გგონიათ, რამე ხომ არ არის საჭირო გაკეთდეს, რომ საზოგადოებამ ფასი განსხვავებულად აღიქვას? ხშირად მიიჩნევენ, რომ თქვენი კომპანია შოკოლადს პრემიალურ ფასს ადებს. მაგრამ სინამდვილეში ეს პრემიუმ სეგმენტის შოკოლადია, თუ ასეთია ექსპლუატაციისგან თავისუფალი შოკოლადის ფასი?“
დუგლას ლამონტი, Tony's Chocolonely-ის აღმასრულებელი დირექტორი: „ჩვენი აზრით, ჩვენი ბრენდი არ არის პრემიუმი. სინამდვილეში ჩვენი შოკოლადის ფილა მომხმარებელს იმიტომ ჰგონია ძვირი, რომ ჩვენი ფილები უფრო დიდი და სქელია იმ ფილების უმეტესობასთან შედარებით, რომლებიც თაროებზე დევს. ასე რომ, დიახ, აბსოლუტური ფასი უფრო მაღალია, მაგრამ ამ ფასად უფრო მეტ შოკოლადსაც იღებ. კილოგრამობაზე რომ დავთვალოთ, ჩვენი შოკოლადი, როგორც წესი, 20-25%-ით აღემატება მათ გვერდით დადებულ შოკოლადის ფილებს და ამ ფასის გადახდა, ჩემი აზრით, გამართლებულია. ის ფაქტი, რომ ჩვენ მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი შოკოლადის ბრენდი ვართ, იმაზე მიუთითებს, რომ ბევრი სხვაც ფიქრობს, რომ ამ ფასის გადახდა ღირს“.
ჰანა ბრაუნი, ევრონიუსი: „შესანიშნავია. თქვენ საკმაოდ წარმატებით ასრულებთ თქვენს მისიას, მაინც რის მიღწევას გეგმავთ მომდევნო 10 წლის განმავლობაში?“
დუგლას ლამონტი, Tony's Chocolonely-ის აღმასრულებელი დირექტორი: „ჩვენთვის მეტი მოცულობა ნიშნავს მეტ კაკაოს მარცვალსა და მეტ გავლენას მწარმოებელ ფერმერებზე. ასე რომ, თუ მკითხავთ, მინდა თუ არა კომპანიის ზომის გაორმაგება? რა თქმა უნდა, მინდა, რადგან ეს ნიშნავს ორჯერ მეტი კაკაოს მარცვლის ყიდვას ეთიკური გზით, როდესაც დასავლეთაფრიკელ ფერმერებს საარსებოდ საკმარის ფასს უხდი და ჩვენც სწორედ ეს გვინდა. გვაქვს კიდევ ერთი ამბიცია - გვინდა, ინდუსტრია შევცვალოთ. საკმარისი არ არის, რომ მხოლოდ ჩვენი კომპანია იყოს კარგი. ჩვენი ჭეშმარიტი ამბიცია ის არის, რომ რაც შეიძლება მეტმა კომპანიამ მოგვბაძოს და იკისროს დანამატის გადახდის ვალდებულება. ჩემს თავს მისიის ხელმძღვანელად მივიჩნევ და არა ბრენდის ხელმძღვანელად. მისია კი ის არის, რომ ერთიანი ძალით დავასრულოთ ექსპლუატაცია კაკაოს სფეროში. ეს კი ბევრად მეტია, ვიდრე ჩვენი ბრენდის საქმიანობა და მთლიან ინდუსტრიას ეხება, რაც ძალიან დიდი გამოწვევაა“.
ავტორი: ჰანა ბრაუნი
