2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი საფრანგეთის ნაკრები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებს. ფილადელფიაში I ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში საფრანგეთმა ერაყის ნაკრები 3-0 დაამარცხა. შეხვედრა კი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა.
მატჩი 4 საათი გაგრძელდა რადგან ძლიერი ჭექა-ქუხილის გამო დაახლოებით 2 საათით შეწყდა. მძიმე მეტეოროლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, გულშემატკივრებმა ფილადელფიის სტადიონი არ დატოვეს და თავიანთ გუნდებს მატჩის დასრულებამდე უგულშემატკივრეს.
„თამაში ძალიან ემოციური იყო. მიუხედავად იმისა, რომ წვიმდა და მატჩის შეჩერებაც კი გახდა საჭირო, მაინც შესანიშნავი შეხვედრა გამოვიდა. დღეს მათ ძალიან კარგად ითამაშეს. ახლა უკვე პლეი ოფის ეტაპზე ვართ გასულები და იმედი მაქვს, ფინალამდე მივალთ“, - ამბობს საფრანგეთის გულშემატკივარი, ჟილ ლაგარდერი.
„ეს საოცარი იყო. ძალიან კარგი განწყობა და ატმოსფერო იყო. წვიმდა, მაგრამ მაინც შესანიშნავი თამაში გამოვიდა. ერაყმა ძალიან კარგად ითამაშა. წავაგეთ, მაგრამ არა უშავს. საფრანგეთი დიდი გუნდია“, - ამბობს ერაყის გულშემატკივარი, ალ-ფარუკ მაჯიდი.
„სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო იყო. ვფიქრობ, მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა ჩვენთვის უკვე ძალინ დიდი გამარჯვების ტოლფასია“, - ამბობს ერაყის გულშემატკივარი, ჰამზა მაჯიდი.
მსოფლიოს მოქმედმა ვიცე-ჩემპიონი უპირატესობას ფლობდა, რომელიც პირველ ტაიმში გოლად აქცია ნაკრების ლიდერმა კილიამ მბაპემ. მეორე ტაიმში საფრანგეთის ათიანმა დუბლი გაიფორმა და მსოფლიო ჩემპიონატებზე გატანილი გოლების რაოდენობით მიროსლავ კლოზეს გაუთანაბრდა. ფრანგ და გერმანელ ფორვარდებს 16-16 გოლები აქვთ. მათ მხოლოდ ლეო მესი უსწრებთ, რომელმაც ავსტრიასთან გატანილი 2 გოლით ჯამში მუნდიალებზე 18 გოლი დააგროვა. საფრანგეთის შემადგენლობაში კიდევ ერთი გოლი უსმან დემბელემ გაიტანა, რაც მისთვის მუნდიალზე პირველი გოლია.
მატჩისშემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამა ისაუბრა გუნდში კილიან მბაპეს როლსა და მის მნიშვნელობაზე, რომელმაც ნაკრების შემადგენლობაში მეასე შეხვედრა ჩაატარა.
„კილიანს კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ საკუთარ თავთან ძალიან მომთხოვნია. მასზე არ ვნერვიულობ. როგორც პირველივე დღიდან გითხარით, ის აქ გოლების გასატანადაა ჩამოუსი და ამას აკეთებს კიდეც. ის ასევე შესანიშნავად ასრულებს კაპიტნის როლს, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. მას გლობალური გავლენა აქვს, ეს აშკარაა. ზუსტად არ ვიცი, მას შემდეგ რაც აქ ჩამოვედით მასთან დაკავშირებით რამდენი კრიტიკა მოვისმინე, მაგრამ საკმაოდ ბევრი იყო. განსაკუთრებით იმის შესახებ, თითქოს ის ეგოისტია, რაც საერთოდ არ შეესაბამება მის ხასიათს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის კაპიტანია და მთელი ჯგუფისთვის შესანიშნავი მაგალითია“, - ამბოსბ დიდიე დეშამი.
საფრანგეთის ნაკრებმა 6 ქულა დააგროვა და I ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფება. 6 ქულა აქვს ნორვეგიის ნაკრებსაც რომელმაც ჯგუფის მეორე დაპირისპირებაში სენეგალის ნაკრები მძიმე ბრძოლაში 3-2 დაამარცხა. შეხვედრაში „ვიკინგების“ ლიდერმა ერლინგ ჰაალანდმა დუბლი გაიფორმა და გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა. გადამწყვეტ მესამე ტურში ერთმანეთს სწორედ პირველ-მეორე ადგილზე მყოფი გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და გამარჯვებული გუნდი პირველ ადგილს დაიკავებს. მნიშვნელოვანი დაპირისპირება შედგება სენეგალისა და ერაყის ნაკრებებს შორისაც. შეხვედრაში გამარჯვებული გუნდი პლეი ოფში გასვლის შანსს მესამე ადგილზე გასვლით შეინარჩუნებს.
