რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ „აუცილებლობის შემთხვევაში“, მოსკოვი მზად არის, ბელარუსს სამხედრო დახმარება გაუწიოს.
სერგეი ლავროვი ამ განცხადებას აკეთებს იმ ფონზე, როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ მინსკს საჯაროდ მოუწოდა, უკრაინის საზღვრის გასწვრივ დამონტაჟებული დრონებისთვის სიგნალის გადამცემი ანძები მოხსნას, ალექსანდრ ლუკაშენკას მთავრობისგან კი არც პასუხი ისმის, არც მით უმეტეს - კონკრეტული ქმედება ჩანს.
„აშკარაა, რომ ეს მიმართულია კონფლიქტში ბელარუსის პირდაპირ ჩასათრევად და საბრძოლო მოქმედებების გეოგრაფიის გასაფართოებლად, რითიც რთულდება კონფლიქტის პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით დარეგულირების ძალისხმევა.
2025 წლის მარტიდან რუსეთსა და ბელარუსს შორის, „საკავშირო სახელმწიფოს“ ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედებს უსაფრთხოების შესახებ გარანტიები. აუცილებლობის შემთხვევაში, მზად ვართ, შეთანხმებით გათვალისწინებული ყველანაირი ზომა მივიღოთ ჩვენი მოკავშირისა და, შესაბამისად, „საკავშირო სახელმწიფოს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
იმ დროს, როცა უკრაინის შეიარაღებული ძალები ყოველდღიურად კარგავენ პოზიციებს ბრძოლის ველზე, ევროპა ფსონს დებს ზელენსკის რეჟიმის ღიად ტერორისტულ ტაქტიკაზე და უბიძგებს მას, დარტყმები მიიტანოს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეებში მდებარე სამოქალაქო სამიზნეებზე, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებებზე, საცხოვრებელ სახლებზე, საერთო საცხოვრებლებზე, კოლეჯებსა და საბავშვო დაწესებულებებზე, რითაც აქვთ რუსული საზოგადოების გახლეჩის, ასევე უკმაყოფილებისა და პანიკის დათესვის იმედი. ეს მშვენივრად გვესმის.
ამჟამად ჩვენ კონცენტრირებული ვართ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნებზე იქიდან გამომდინარე, რომ ყველა მცდელობა და იმედი, რომელიც დასავლეთზე, როგორც ჭეშმარიტ შუამავალზე გვქონდა, დიდიხანია, დაიმსხვრა და არანაირი აუცილებლობა არ არსებობს, ისინი სერიოზულად იყვნენ აღქმული“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სერგეი ლავროვის 23 ივნისის განცხადება და მოსკოვის ბოლოდროინდელი, ზოგადი რიტორიკა აჩვენებს, რომ რუსული მხარე არ მიისწრაფვის საბრძოლო მოქმედებების დასრულებისკენ, მიუხედავად საკუთარ ტერიტორიაზე მიყენებული საკმაოდ მძიმე უკრაინული იერიშებისა.
ამასთან, რუსი დიპლომატის სიტყვები, „აუცილებლობის შემთხვევაში“ მინსკის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, შესაძლოა, მანიშნებელი იყოს იმისა, რომ ბელარუსი მართლაც აპირებს ოფიციალურად და უფრო მასშტაბურად ჩაერთოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, „ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვის“ არგუმენტით.
ეჭვებს ამყარებს ის გარემოებაც, რომ მანამდე თავად ალექსანდრ ლუკაშენკამაც არაერთხელ ახსენა სამხედრო პასუხის გაცემის შესახებ, თუკი მინსკის წინააღმდეგ აგრესიული ქმედება განხორციელდებოდა.
ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს ის ფაქტიც, რომ რუსეთი და ბელარუსი ბოლო პერიოდში უფრო ხშირად და უფრო აქტიურად ატარებენ სამხედრო მანევრებს, მათ შორის ბირთვული კომპონენტების ჩართულობით.
ოთხი სპეციალური რეტრანსლატორი რომლის დემონტაჟსაც კიევი მოითხოვს და ამისთვის მინსკს ერთკვირიან ვადას აძლევს, ჰომელისა და ბრესტის ოლქებშია განთავსებული და უზრუნველყოფს რუსული დრონებისთვის ინფორმაციის გადაცემას. შედეგად, აგრესორი მაღალი სიზუსტით ახერხებს დარტყმების მიტანას უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე.
ომში მყოფ სახელმწიფოში მიაჩნიათ, რომ ამ ფორმით ბელარუსი პირდაპირ არის ჩართული კრემლის მიერ წარმოებულ სამხედრო მოქმედებებში და ნაცვლად სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობისა, რუსეთს ეხმარება, მეტი ზიანი მიაყენოს უკრაინას.
