ბელგიამ გასცა ვიზები დაჯგუფება „თალიბანის“ წარმომადგენლებისთვის, რათა მათ შეძლონ ბრიუსელში მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ევროკავშირთან პირისპირი დიალოგი აწარმოონ, უახლოეს მომავალში დაგეგმილ ღონისძიებაზე.
გადაწყვეტილება ევრობლოკის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მიიღო, რასაც უკვე მოჰყვა ხისტი რეაქცია და კრიტიკა უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან, რომელთა მტკიცებითაც, თალიბებთან რაიმე კავშირის დამყარება შეიცავს საფრთხეს, ძირი გამოეთხაროს ადამიანის უფლებების დაცვისადმი ევროკავშირის ურყევ პოლიტიკას.
საპასუხოდ, ბელგიის ხელისუფლება, რომლის დედაქალაქშიც უნდა გაიმართოს ორმხრივი მოლაპარაკებები, აცხადებს, რომ დელეგაციის შემადგენლობიდან იმ 5 პირს დაუკმაყოფილა სავიზო მოთხოვნები, რომელთა გადამოწმების შემდეგ, არ გამოვლენილა ეროვნული ინტერესებისთვის რაიმე საფრთხისშემცველი.
საგულისხმოა, რომ გაცემული ვიზები მკაცრ შეზღუდვებს მოიცავს და დელეგაციას საშუალებას მისცემს, მხოლოდ 1 დღით და მხოლოდ ბელგიის ტერიტორიაზე ჩავიდნენ და არა შენგენის ზონაში.
„საუბარია ტექნიკურ დონეზე მოლაპარაკებების გამართვაზე ავღანეთის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან აქ, ბრიუსელში. ეს შეხვედრა უნდა გახდეს იმ პირველი შეხვედრის გაგრძელება, რომელიც უკვე შედგა მიმდინარე წლის იანვარში, ავღანეთში. ტექნიკურ დონეზე კავშირები არის პასუხი წევრი სახელმწიფოების ინიციატივაზე.
გახსოვთ, რომ გასული წლის ოქტომბერში, ბლოკის 20-მა წევრმა და შენგენის ზონის ქვეყნებმა წერილით მოგვმართეს, სადაც ევროკომისიას სთხოვდნენ, კოორდინაცია გაუწიონ არალეგალურად მყოფ ავღანელთა სამშობლოში დაბრუნების საკითხს.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებენ იმ პირებს, რომლებმაც მძიმე დანაშაული ჩაიდინეს ან წარმოადგენენ პრობლემას ეროვნული უსაფრთხოებისთვის. წევრი სახელმწიფოები შეისწავლიან ამ პირთა უკან დაბრუნების მეთოდებს“, - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა, მარკუს ლამერტმა.
საგულისხმოა ის გარემოება, რომ ევროკავშირს „თალიბანის“ ორგანიზაცია ტერორისტულ და ექსტრემისტულ დაჯგუფებად ჰყავს გამოცხადებული.
2021 წელს „თალიბების“ ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით დაბრუნების შემდეგ, ევროპულმა სახელმწიფოებმა ქაბულში თავიანთი დიპლომატიური წარმომადგენლობები დახურეს, ხოლო ავღანეთში რადიკალური ისლამისტური იდეოლოგიის გავრცელებამ ახალი მასშტაბები შეიძინა, რაც, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების გათელვაში აისახა.
„თალიბანის“ ძირითად სამიზნეებად იქცნენ გოგონები, ქალები და ბავშვები, რომლებსაც, ფაქტობრივად, ყველანაირი საბაზისო უფლება შეუზღუდეს და აუკრძალეს ლოცვა სხვა ქალების თანდასწრებითაც კი. ბოლო პერიოდში, ავღანეთის დროებითმა ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, მწვანე შუქი აუნთო ბავშვთა ქორწინებებსაც კი.
უფლებადამცველები ეჭვქვეშ აყენებენ ევროკავშირიდან მიგრანტების ავღანეთში დაბრუნების სამართლიანობის საკითხს. მათი თქმით, ერთი მხრივ, გასაგებია ევროპის სახელმწიფოთა უსაფრთხოების ინტერესები, თუმცა, მეორე მხრივ, როგორც ამბობენ, გასათვალისწინებელია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცულობის საკითხიც.
