უკრაინაში აცხადებენ, რომ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით დაარტყეს ანექსირებულ ყირიმში მდებარე სარკინიგზო ხიდს, ელექტროსადგურსა და სხვა საკვანძო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, რაც, კიევის ცნობით, მორიგი ნაბიჯია, რუსეთის კონტროლქვეშმოქცეული ნახევარკუნძულის იზოლაციაში მოსაქცევად.
რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ავტოგასამართი სადგურების მიმდებარედ რიგები, ფაქტობრივად, აღარ არის, თუმცა ამის მიზეზი არა ვითარების გაუმჯობესება, არამედ საწვავის თითქმის სრულად ამოწურვა და ადგილობრივი საოკუპაციო ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც, ბენზინსა და დიზელს მხოლოდ ჩინოვნიკებზე გასცემენ.
შეზღუდვები მხოლოდ ამ მიმართულებას არ შეეხო.
მოსკოვის კონტროლქვეშ მოქცეულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას გრაფიკით მიეწოდება ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და წყალი. კრემლის მიერ დანიშნულმა მმართველობამ ყირიმში გააუქმა ყველა მასობრივი თავშეყრის ღონისძიება, დახურა საბავშვო ბანაკები, შემოიღო კომენდანტის საათი, მოსახლეობას ურჩია, არ გადაადგილდნენ გვიან ღამით, ქუჩებში კი, უსაფრთხოების მიზნით, გარე განათების ქსელს თიშავენ.
ამ შეზღუდვების გათვალისწინებით, უკვე ნათელი გახდა, რომ ყირიმში ზაფხულის ტურისტული სეზონი ჩავარდნილია და 2014 წლის ანექსიის შემდეგ პირველად, რუსებისთვის ნახევარკუნძულის კურორტები იმდენად მიმზიდველი ვეღარ იქნება.
ამ ყველაფრის მიღმა კი უკრაინის შეიარაღებული ძალები და მათი უპილოტო საფრენი აპარატები დგანან, რომელთა იერიშების სამიზნე ყირიმში განლაგებული რუსული ენერგო და სამხედრო ინფრასტრუქტურაა.
„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ (ISW) თანახმად, უკრაინული ძალები აქტიურად განაგრძობენ იერიშებს ანექსირებულ ნახევარკუნძულზე, რათა რუსეთს წაართვას შესაძლებლობა, უზრუნველყოს ლოგისტიკა და საოკუპაციო არმიისთვის აუცილებელი შეიარაღებისა თუ ნავთობის ტრანსპორტირება ქერჩის სრუტეზე გადებული ხიდის მეშვეობით - ხიდის, რომელიც მოსკოვისთვის არამხოლოდ სტრატეგიულად, არამედ იდეოლოგიურადაც მნიშვნელოვანია.
21 ივნისს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ძალებმა დაარტყეს კრანსოდარის ოლქში მდებარე პორტ „კავკაზს“ - შედეგად, ნავთობგადამტვირთავი კომპლექსის რეზერვუარების პარკსა და ნავთობბაზის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთი სწორედ ამ ობიექტზე იყო დამოკიდებული, რადგან ის საკვანძო როლს ასრულებდა ანექსირებული ყირიმისა და ოკუპირებული დონბასის საწვავით მომარაგებაში.
კიევში დარწმუნებული არიან, რომ მოსკოვი ბოლომდე ჩაეჭიდება ყირიმს, როგორც ომის ძირითად მონაგარს და შეეცდება, ყველაფრის ფასად შეინარჩუნოს მასზე კონტროლი, რაც, უკრაინისთვის, შესაძლოა, მნიშვნელოვანი წარმატების მომტანი აღმოჩნდეს.
სწორედ ყირიმის ანექსიით დაიწყო მოსკოვის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა 2014 წელს, სადაც პუტინის ხელისუფლებამ დეფაქტო „რეფერენდუმი“ ჩაატარა, რომლის მიხედვითაც, თითქოს ადგილობრივთა „აბსოლუტურმა უმრავლესობამ“ მხარი დაუჭირა ნახევარკუნძულის რუსეთთან შეერთებას - ეს კი იმის გათვალისწინებით, რომ მოსკოვმა დიდი ხნით ადრე იზრუნა ეთნიკურად რუსი, კრემლის მხარდამჭერი მოსახლეობის ყირიმში გადასახლებაზე.
უკრაინულ მხარეს არაერთხელ დაუფიქსირებია ურყევი პოზიცია, რომ კიევისთვის „ომი დასრულებული არ იქნება“, ვიდრე ის არ დაიბრუნებს სრულ კონტროლს ყირიმზე.
მიზანი 12 წლის შემდეგაც იგივეა, თუმცა უკრაინის ხელში უფრო მეტი კარტით. ვოლოდიმირ ზელენსკის ხელისუფლების გაცხადებული მიზანია, ნახევარკუნძული რუსეთისგან სრულ იზოლაციაში მოაქციოს და პოლიტიკურადაც და გეოგრაფიულადაც კუნძულად აქციოს.
ანალიტიკოსების აზრით, არჩევანის შემთხვევაში, ყირიმი იქნება უკანასკნელი ტერიტორია, რომელსაც მოსკოვი დათმობს, რადგან მასზეა აგებული კრემლის ბოლო 12 წლის პროპაგანდისტული ნარატივი.
