უკრაინის მასირებული საჰაერო იერიშების შედეგად, ცეცხლის ალში ამჯერად ქალაქი ვორონეჟი გაეხვა, სადაც დარტყმების სამიზნედ იქცა რუსეთისთვის ერთ-ერთი საკვანძო სამხედრო ქარხანა.
ამ ობიექტზე იწარმოება „მაღალი სიზუსტის ფრთოსანი რაკეტები“, ასევე რუსული შიეარაღებისთვის, მათ შორის შორი მოქმედების, საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის, Iskander-ისთვის აუცილებელი კომპონენტები.
კიევის თანახმად, მათი იერიშების სამიზნედქცეული ქარხანა კრიტიკულად მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს კრემლის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის.
რუსული პროსახელისუფლებო მედიაგამოცემების ცნობით, ვორონეჟის თავზე ადგილობრივმა საჰაერო თავდაცვითმა სისტემებმა ფრანგულ-ბრიტანული წარმოების, Storm Shadow-ის საბრძოლო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს. საგულისხმოა, რომ იმ მახასიათებლებს, რასაც პროკრემლისტური გამოცემები ასახელებენ, უკრაინული „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტებიც აკმაყოფილებენ.
მათივე ინფორმაციით, საფრენი აპარატების განეიტრალებისას ნამსხვრევები დასახლებულ პუნქტებში ჩამოვარდა, რის შედეგადაც, ვორონეჟის გუბერნატორის თქმით, 3 ადამიანი დაშავდა, ქალაქში კი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
პარალელურად, სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა მასალა, სადაც ნაჩვენებია, როგორ ცდილობს რუსული მხარე დაიცვას მოსკოვი უკრაინული დრონებით იერიშებისგან და როგორ ამონტაჟებს „პანცირის“ ტიპის საზენიტო სარაკეტო-საარტილერიო სისტემებს იმ საცხოვრებელი სახლების სახურავებზე, რომლებიც მოსკოვის, ფაქტობრივად განადგურებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიახლოვეს მდებარეობს.
