კულტურული ცხოვრებისა და გართობის მოყვარულთ ამ კვირაში ელოდებათ ფრიდა კალოს გამოფენა ლონდონში, „სუპერგოგონა“ დიდ ეკრანებზე და სერიალ „დრაკონის სახლის“ მესამე სეზონი - აი, რას უნდა მიაქციოთ ყველაზე დიდი ყურადღება მიმდინარე კვირას.
სანამ ევროპა კიდევ ერთი სითბური ტალღის გავლენის ქვეშ იმყოფება, საინტერესოა, სად შეიძლება ადამიანმა სული მოითქვას კონდიციონერით გაგრილებულ გამოფენაზე თუ კინოდარბაზში?
მიმდინარე კვირაში უამრავი ისეთი ღონისძიება ტარდება, სადაც შესაძლებელია, სიცხემ არ შეგაწუხოთ, მათ შორისაა ლონდონში ფრიდა კალოს გამოფენა თუ ათენში კონტინენტური ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხელოვნების კოლექცია.
სულ მალე გამოვა ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ბლოკბასტერი „სუპერგოგონა“ (Supergirl), რომელსაც მოუთმენლად ელოდებიან ამ ჟანრის მოყვარულები.
პარიზში ახალ ხიდზე გადავადების შემდეგ გაიხსნა ფრანგი ხელოვანის JR-ის საოცარი ხელოვნების ინსტალაცია, ხოლო ლონდონის სააჩის გალერეაში - ჯადოსნური გამოფენა სახელწოდებით „მზე და მთვარე“ ('The Sun and the Moon'). ვინც ლონდონში იმყოფება, არ უნდა გამოტოვოს ეს ღონისძიება.
შეგიძლიათ, უბრალოდ შინ დარჩეთ, გვერდით ნაყინი მოიდგათ და უყუროთ „დრაკონის სახლის“ ახალ სეზონს. ჩვენი მოკლე რეკომენდაციები კი ასეთია:
გამოფენები
არავისთვის არის საიდუმლო, თუ რა დიდი გავლენა აქვს მექსიკელი ლეგენდარული მხატვრის ფრიდა კალოს პორტრეტებს სხვა მხატვრებზე. ლონდონში „ტეიტ მოდერნის“ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 25 ივნისიდან 2027 წლის 3 იანვრამდე გაიმართება გამოფენა, სახელწოდებით „ფრიდა: როგორ იქცე ლეგენდად“ („Frida: The Making of an Icon“). გამოფენაზე, რომელიც წარმოაჩენს, თუ როგორ იქცა ფრიდა კალო საერთაშორისო ლეგენდარულ ბრენდად, თავად ფრიდა კალოს 30-ზე მეტი ყველაზე ცნობილი ნამუშვერის გვერდით წარმოდგენილი იქნება იმ 200-ზე მეტი თანამედროვე მხატვრის ნამუშევრები, რომელბმაც ფრიდა კალოს გავლენა განიცადეს.
ათენში ჯორჯ ეკონომუს კოლექციის (**George Economou Collection) საგამოფენო სივრცე 20 ივნისიდან 2027 წლის მარტამდე მასპინძლობს გამოფენას „როგორ ვცხოვრობთ ახლა“ („The Way We Live Now“). გამოფენა შთაგონებულია ენტონი ტროლოპის 1875 წელს დაწერილი იმავე სახელწოდების რომანით, რომელიც საზოგადოების გადაგვარებულ სახეს წარმოაჩენს.
საფრანგეთის ქალაქ ნანტში, ბრეტონის ჰერცოგების შატოში, 28 ივნისამდე მიმდინარეობს აუცილებლად სანახავი გამოფენა „კუდიანები“, რომელიც ჯადოქრების ისტორიისა და ამ თემაზე შქმენილი მითების ნაზავია.
ფილმები
26 ივნისიდან კინოთეატრებში გამოვა ბლოკბასტერი „სუპერგოგონა“ (Supergirl), რომლის სიუჟეტშიც მთავარი გმირი გოგონა კარა ზორ-ელი, იგივე სუპერგოგონა, თავისი საუკეთესო ოთხფეხა მეგობრის, სუპერძაღლის კრიპტოს გადარჩენას ცდილობს უცხოპლანეტელი მეკობრეებისგან. თუ გავითვალისწინებთ, რომ გასულ წელს „ევრონიუსის“ კულტურის ბლოკის რჩეული ბლოკბასტერი „სუპერმენი“ იყო, იმედს ვიტოვებთ, რომ წელს მის ადგილს „სუპერგოგონა“ დაიკავებს.
თუ ვინმეს გამოგრჩათ, შეგახსენებთ, რომ კინოთეატრებში უკვე გადის კინოსტუდია Pixar-ის საყვარელი ანიმაციური ფილმი „სათამაშოების ისტორია 5“.
ტელესერიალები
22 ივნისს დაიწყება პოპულარული ტელესერიალის „დრაკონის სახლის“ მესამე სეზონი, რომელსაც ამ ტელესერიალის მოყვარულები ორი წელი ელოდნენ.
27 ივნისიდან HBO Max-ზე ისევ ბრუნდება გენიალური კომიკოსი ლარი დევიდი სკეტჩ-კომედიის სერიებით „სიცოცხლე, ლარი და სწრაფვა უბედურებისკენ“ ( Life, Larry and the Pursuit of Unhappiness.)
მუსიკა
26 ივნისს გამოდის ინგლისური როკ-ჯგუფის „მუზის“ (Muse) მე-10 ალბომი, სახელწოდებით - „The Wow! Signal“. ალბომის სათაური ეძღვნება 1977 წელს მიღებულ იდუმალ რადიოსიგნალს, რომელსაც უცხოპლანეტელებს მიაწერენ. ეს ბენდი ცნობილია კოსმოსის თემაზე დაწერილი ჰიმნებით და გამონაკლისი არც ახალი ალბომია.
26 ივნისს ასევე გამოდის ბრიტანელი მომღერლის ბეტ ორტონის Beth Orton მე-10 სტუდიური ალბომი, სახელწოდებით „The Ground Above“.
ავტორი: ამბერ ლუის ბრაისი
