კატეგორიები

დრონების რეტრანსლატორების მოსახსნელად მინსკს ვადა ეწურება

დრონების რეტრანსლატორების მოსახსნელად მინსკს ვადა ეწურება
იწურება ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მინსკისთვის მიცემული ერთკვირიანი ულტიმატუმის ვადა, რომლითაც უკრაინის პრეზიდენტი მინსკისგან მოითხოვს, ბელარუსის საზღვრის სიახლოვეს მდებარე დრონებისთვის სიგნალის გადამცემი ანძები მოიხსნას, თუმცა ლუკაშენკას ხელისუფლებისგან პასუხი არ ისმის.

ომში მყოფი ქვეყნის ლიდერმა 20 ივნისს საჯაროდ მიმართა თავის ბელარუს კოლეგას, მისთვის ბოდიშის მოხდის ნაცვლად, გადადგას ქმედითი ნაბიჯი და შეწყვიტოს რუსული საოკუპაციო არმიის დახმარება უკრაინულ ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე ზუსტი დარტყმების მისატანად.

„ვიდრე რაიმე საჯარო ქმედებას მივმართავ, კულისებს მიღმა ვდგამ დეესკალაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს. სადაზვერვო სამსახურისა და შეიარაღებული ძალების დონეზე ბელარუსმა მიიღო მკაფიო გზავნილი: შეწყვიტეთ რუსების დახმარება.

რეტრანსლატორ სადგურებთან დაკავშირებული პრობლემა უკვე დიდიხანია, არსებობს და მხოლოდ უკრაინული მხრიდან მან უდიდესი ადამიანური მსხვერპლი მოიტანა. ისინი ტექნიკურად კოორდინირებენ ამას და ეხმარებიან რუსულ და ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს, მაღალი სიზუსტით მიიტანონ დარტყმები უკრაინელებზე.

ლუკაშენკამ ეს ინფორმაცია მიიღო და დეესკალაცია მხოლოდ ბოდიშის მოხდითა და მსგავსი სიტყვებით არ უნდა აჩვენოს. ბოდიში თავისთვის დაიტოვოს. ომის დაწყების პირველივე დღიდან ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. გადადგას პირველი ნაბიჯი - შეწყვიტოს ყველანაირი ტექნიკური მხარდაჭერა.

რეტრანსლატორი სადგური რუსებისთვის პირდაპირ დახმარებას ნიშნავს. გათიშეთ ის, მოხსენით და გვაჩვენეთ, რომ ის ადგილზე აღარაა. ვინაიდან ეს გზავნილი მათ არაერთხელ გადაეცათ და რეაგირება არ ყოფილა, მივედით საჯარო გზავნილის სტადიამდე. თუ ისინი სადგურს არ მოხსნიან, ამას ჩვენ გავაკეთებთ.

ანალოგიურად კიდევ ერთ გზავნილს ვაკეთებთ: გთხოვთ, შეწყვიტოთ საწვავის მიწოდება რუსული არმიისთვის. აქ არანაირი მუქარა არ არის. ჩვენ უბრალოდ ვამბობთ, რომ ვხედავთ, რაც ხდება. პირველი ნაბიჯები ყოველთვის კულისებს მიღმაა გადადგმული, შემდგომი კი მათგან განსხვავდება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუსას.

საუბარია, უკრაინის მოსაზღვრე ჰომელისა და ბრესტის ოლქებში განთავსებულ ოთხ სპეციალურ რეტრანსლატორ სადგურზე, რომელიც გამოიყენება რუსული საჰაერო თავდასხმების, მათ შორის დრონების ნავიგაციისა და დარტყმების კორექტირებისთვის. ამ მოწყობილობების დემონტაჟზე უარის თქმის შემთხვევაში, კიევი მინსკს აფრთხილებს, რომ ამას საკუთარი ძალებით გააკეთებს.

უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ეს, შესაძლოა, ჩაითვალოს როგორც ბელარუსის პირდაპირი სამხედრო მონაწილეობა მათ წინააღმდეგ მოსკოვის მიერ წარმოებულ სრულმასშტაბიან ომში, რადგან მინსკის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე განთავსებულია სპეციალური აღჭურვილობა, რომელიც პასუხისმგებელია, სულ მცირე, რივნეს, ჟიტომირისა და ვოლინის რეგიონებში ბოლო დროს მომხდარ რუსულ იერეშებზე.

საგულისხმოა ისიც, რომ ბელარუსი კრემლის საოკუპაციო ჯარს ეხმარება საწვავით მომარაგებაში, რაც, უკრაინული დრონებით მიტანილი ბოლოდროინდელი იერიშების გამო, რუსეთისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

უკრაინის საზღვრის სიახლოვეს ბელარუსს სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღიდანვე აქვს განლაგებული სამხედრო ტექნიკა. მინსკის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 2025 წელს განთავსდა რუსული „ორეშნიკის“ ბირთვული სარაკეტო კომპლექსი.

კიევის ვარაუდით, მსგავსი ნაბიჯები არის უკრაინული მხარის პროვოცირების მცდელობა და, ბელარუსის ომში ჩართვით, სამხედრო მოქმედებების არეალის მასშტაბების გაზრდა.

დაკავშირებული ამბები
დრონების რეტრანსლატორების მოსახსნელად მინსკს ვადა ეწურება ხისტი განცხადებების გამო, ლუკაშენკამ ზელენსკის ბოდიში მოუხადა