კატეგორიები

აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები ხისტი გზავნილების ფონზე მიმდინარეობს

აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები ხისტი გზავნილების ფონზე მიმდინარეობს
საბოლოო შეთანხმების მიღწევისთვის შვეიცარიაში დაწყებული მოლაპარაკებები ირანისა და აშშ-ის ხისტი განცხადებების ფონზე მიმდინარეობს.

ევროპაში, დახურულ კარს მიღმა ჩანიშნული საუბრების პირველი რაუნდი უქმეებზე დაიწყო და ორშაბათამდე გაგრძელდა, ეს ყველაფერი კი ლიბანურ ჰეზბოლასა და ისრაელს შორის  ცეცხლის გაცვლის ფონზე, რაც მოლაპარაკებებს ართულებს. ამის გამო აშშ-მ ისრაელი არაერთხელ გააკრიტიკა, თუმცა   დონალდ ტრამპის ბოლო მუქარას სხვა ადრესატი ჰყავს.

“ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს თავისი მაღალანაზღაურებადი „პროქსი ძალები“, რათა მათ შეწყვიტონ პრობლემების შექმნალ ლიბანში. თუ ამას არ გააკეთებენ, ჩვენ ირანს კვლავ ძლიერად დავარტყამთ, სწორედ ისე, როგორც გასულ კვირას, უბრალოდ კიდევ უფრო ძლიერად“- დაწერა დოალდ ტრამპმა The Truth Social-ზე.

ბიურგენშტოკში მიმდინარე უმაღლესი დონის შეხვედრაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ჩაფრინდა, მასთან ერთად არიან დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარეტ კუშნერიც. თავად ირანს  საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი და პარლამენტის სპიკერი, მოჰამედ-ბაგერ გალიბაფი წარმოადგენს, რომელმაც აღნიშნა, რომ თეირანი სასოწარკვეთლებაში მყოფი დონალდ ტრამპის მუქარას არ უსმენს. თავად ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს დიპლომატიური ტონი აქვს და აქცენტს ბირთულ საკითხზე აკეთებს, რეგიონალური უსაფრტხოების ჭრილში.

„ეს ისტორიული შეხვედრაა. ისლამაბადისა და აქ მიმდინარე ბოლო რამდენიმე თვის მოვლენების გარდა, ირანისა და ამერიკის ხელმძღვანელობა ასეთ მაღალ დონეზე არასოდეს შეხვედრია ერთმანეთს. პრეზიდენტმა დაგვავალა, რომ ახალი ფურცელი გადავაშალოთ, გარდავქმნათ ჩვენი ურთიერთობა ირანის ხალხთან და გავუწოდოთ მათ მეგობრობის ხელი. ჩვენი გზავნილი ირანის ხალხისადმი ასეთია: თუ მათი ხელმძღვანელობა მზად იქნება უარი თქვას რეგიონული არასტაბილურობის ხელშეწყობაზე და გრძელვადიან პერსპექტივაში უარს იტყვის ბირთვული იარაღის შექმნის ამბიციებზე, მაშინ შეერთებული შტატები მზად იქნება ფუნდამენტურად გარდაქმნას ამ ქვეყანასთან ურთიერთობა.სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი. უკვე მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ მხოლოდ ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში და ველოდები, რომ მომდევნო საათებშიც დამატებით წინსვლას მივაღწევთ“-აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა.

კატარი და პაკისტანი ამ საქმეში შუამავლები არიან, რომელთა ერთობლივ განცახდებაში პოზიტიური ნოტები იკითხება. მათივე ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფები ბირთვულ საკითხებზე,ირანის წინააღმდეგ მოქმედ სნქციებზე, მონიტორინგსა და დავების გადაწყვეტაზე ტექნიკურ შეხვედრებზეგააგრძელებს მსჯელობას.ერთობლივ განცხადებაში  ხაზგასმულია ინციდენტებისა და გაუგებრობების გამორიცხვის აუცილებლობა  პროცესში. 

„მოლაპარაკებები პოზიტიურ და კონსტრუქციულ ატმოსფეროში მიმდინარეობდა. საბოლოო შეთანხმების მისაღწევად უმაღლესი დონის კომიტეტმა შეათანხმა საგზაო რუკა, რომლის ვადადაც 60 დღე განისაზღვრა. მიმდინარე კვირას საკითხზე ტექნიკური მოლაპარაკებები გაგრძელდება“- წერია ერთობლივ განცხადებაში.

შაბათს თეირანმა ჰორმუზის სრუტის დახურვის თაობაზე განაცხადა,რაც მათივე განმარტებით ლიბანში ისრაელის საჰაერო იერიშების პასუხად მოხდა. ამას ირანი იმ ურთიერთგაგების მემორანდუმის დარღვევად აფასებს, რომელსაც აშშ-მა გასულ კვირას მოაწერა ხელი. ის ომის დაუყოვნებლივ დასრულებას ითვალსიწინებდა, მათ შორის ლიბანში. 14 პუნქტიანი მემორანდუმი ვალდებულს ხდის მხარეებს სამომავლო მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებამდე 60 დღის მანძილზე მიიყვანონ. თავად შტატებში ირანის განცხადებებს ეწინააღმდეგებიან და აღნიშნავენ, რომ ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლა გრძელდება. და იქ შაბათს 17 მილიონი ბარელი ნავთობთ დატვირთულმა 55 ხომალდმა გაიარა. რაც შეეხება შეთანხმების სხვა ნაწილებს, ირანიბოლო გზავნილებით ცდილობს მიანიშნოს, რომ აშშ ყველაფერზე დაითანხმა და რომ ეს ომი ირანის სასარგებლოდ დასრულდა.

„ჩვენ არ დავთმობთ ურანის გამდიდრების უფლებას და მათაც მოუწევთ ამის აღიარება.ყველამ კარგად იცით, რას ამბობდა შეერთებული შტატების ე.წ. ‘პრეზიდენტი’. ადრე ამბობდა, რომ ირანი უპირობოდ უნდა დანებებულიყო; რომ ირანს არ აქვს ამა თუ იმ ქმედების უფლება. შემდეგ კი გამოვიდა სიტყვით და განაცხადა, რომ ირანს აქვს ამის უფლება, აქვს ფლობის უფლება.სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მან თავის წინა პოზიციებთან შედარებით 180-გრადუსიანი შემობრუნება განიცადა და აღიარა, რომ ჩვენი უფლებების უგულებელყოფა შეუძლებელია“-ამბობს ირანიოს პრეზიდენტი,მასუდ ფეზეშკიანი.

მხარეებს შორის ორმხრივი მოლაპარაკებები პარასკევს იყო ჩანიშნული,თუმცა მისი დაწყება ლიბანში ისრაელის იერიშების გამო გაჭიანურდა. შვეიცარიაში გამართული შეხვედრის შედეგად  მხარეები შეთანხმდნენ ლიბანის მიმართულებით სპეციალური საკოორდინაციო ჯგუფის შექმნაზე, რომელსაც კატარი და პაკისტანი უხელმძღვანელებენ და რომლის მიზანი ლიბანში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის უზრუნველყოფა იქნება.

დაკავშირებული ამბები
ბენიამინ ნეთანიაჰუ იმეორებს, რომ ვიდრე იგი ისრაელის პრემიერ-მინისტრია, ირანი ბირთვულ იარაღს ვერ შექმნის აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები ხისტი გზავნილების ფონზე მიმდინარეობს