უკრაინის შეიარაღებული ძალების აქტიურმა საჰაერო იერიშებმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმს, სადაც საწვავის მასშტაბური კრიზისი შეიქმნა.
ავტოგასამართ სადგურებზე რიგები მეტწილად გაქრა, თუმცა ამის მიზეზი არა ნედლეულის თუნდაც მცირე რაოდენობის შემოტანა, არამედ, ანექსირებული ნახევარკუნძულის თვითგამოცხადებული „ხელისუფლების“ გადაწყვეტილებით, ბენზინისა და დიზელის გაყიდვის შეჩერება გახდა.
„დილის 09:00 საათიდან იკრძალება ყირიმის ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის გაყიდვა, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით ისე ბარათით, ან ვაუჩერების მეშვეობით, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის. საწვავი გაიყიდება მხოლოდ სახელმწიფო ორგანოებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ყირიმის რესპუბლიკის ფუნქციონირებასა და მის უსაფრთხოებას.
ავტოგასამართი სადგურების შემდგომი მუშაობის საკითხი მოგვიანებით გასაჯაროვდება.
ყველას მოვუწოდებ, შეინარჩუნონ სიმშვიდე და ენდონ ინფორმაციის მიმწოდებელ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს“, - განაცხადა ყირიმში რუსეთის მიერ დანიშნულმა გუბერნატორმა, სერგეი აქსიონოვმა.
საწვავის კრიზისით გამოწვეული მდგომარეობა ანექსირებულ ყირიმში მცხოვრებ მოსახლეობაზეც აისახა, რომელთა ნაწილი პრობლემაზე კი საუბრობს, თუმცა განსაკუთრებული პროტესტის გრძნობა საოკუპაციო მმართველობისადმი არ უჩნდება:
„ალბათ ტამანში წავალ, იქ ჩავასხამ საწვავს და უკან 100 ლიტრით დავბრუნდები. ეს ალბათ ერთი კვირით მეყოფა. ასე უკვე გამიკეთებია ერთხელ. აქ ასევე არიან ადამიანები, რომლებსაც ჩამოაქვთ საწვავი. ცოტა ძვირი ღირს, მაგრამ საჭიროა მისი ყიდვა. ბოლოს და ბოლოს, ცხოვრება გრძელდება.
მთლიანობაში, ვფიქრობ, ყველა იმედოვნებს, რომ ყველაფერი დალაგდება. პანიკას რა აზრი აქვს? ჩვენმა ლიდერმა დღეს, რა თქმა უნდა, მოულოდნელი რამ თქვა, თუმცა, ვფიქრობ, სიტუაცია გაუმჯობესდება. მთავარია პანიკის გარეშე ვიყოთ…“
„თუ ავზი ცარიელია, ეს გულისხმობს უმუშევრობას. ჩემი მანქანა ბენზინზე დადის და არა გაზზე. მაშინ უბრალოდ სახლში ვზივარ. ვიმედოვნებთ... მე ტაქსის მძღოლი ვარ, როგორც ხედავთ ჩემს მანქანაზე ტრაფარეტიცაა. უბრალოდ მოგვიწევს, დაველოდოთ ნავთობის ახალ ნაკადებს…“
კიევი ღიად აცხადებს, რომ მიზანია, სტრატეგიულ ობიექტებზე იერიშების მიტანით, ანექსირებული ნახევარკუნძულის კუნძულად ქცევა და მისი ენერგოიზოლაციაში მოქცევა, რადგან ყირიმი მოსკოვისთვის პოლიტიკურად მთავარი დასაყრდენია და უკრაინის წინააღმდეგ 2014 წელს დაწყებული აგრესიის ძირითადი მონაგარია, მასზე კონტროლის დაკარგვა კი კრემლს ავტომატურად ჩააყენებს დამარცხებულის პოზიციაში.
„ეს არის პრეზიდენტ ზელენსკის პოლიტიკური განაცხადი, რომელიც ხაზს უსვამს იმას, რომ უკრაინა არ აღიარებს 2014 წელს რუსეთის მიერ ანექსიას და აქვს როგორც შესაძლებლობა, ისე განზრახვა, და დაუპირისპირდეს ნახევარკუნძულზე მოსკოვის კონტროლს.
ამავე დროს, ეს განცხადება ემსახურება სტრატეგიულ მიზანსაც - რუსეთს შეუზღუდოს ან წაართვას მისი ძალიან მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ცენტრი“ , - ამბობს უსაფრთხოების კვლევების რეგიონალური ინსტიტუტის მთავარი მკვლევარი ნათია სესკურია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების მეთაურის, რობერტ ბროვდის, მეტსახელად „მადიარის“ განცხადებით, წინასწარ ბოდიშს უხდის ოკუპირებულ ყირიმში მცხოვრებ თანამემამულეებს მოსალოდნელი დისკომფორტისთვის და მათ მოუწოდებს, არ მიუახლოვდნენ სტრატეგიულ ობიექტებს, სამხედრო ზონებსა და ყველა იმ ადგილს, რაც, შესაძლოა, უკრაინული დარტყმების სამიზნედ იქცეს.
21 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გრძელდება კიევის „შორი მოქმედების სანქციები“, რის ფარგლებშიც უკრაინულმა ძალებმა იერიშები მიიტანეს მათ შორის ქერჩის სრუტეზე გადებულ ხიდზე, რომელიც რუსული ოკუპაციის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდაა ქცეული.
