კატეგორიები

თეთრი სახლის ტრიბუნიდან ისრაელის ხელისუფლების მაღალჩინოსნები გააკრიტიკეს

თეთრი სახლის ტრიბუნიდან ისრაელის ხელისუფლების მაღალჩინოსნები გააკრიტიკეს
ისრაელის ხელისუფლება, რომელიც თეირანსა და ვაშინგტონს შორის მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებას აკრიტიკებს, შეერთებული შტატების ხელმძღვანელობის მხრიდან თავად გახდა მწვავე განცხადებების სამიზნე, განსაკუთრებით ბენიამინ ნეთანიაჰუს მინისტრთა კაბინეტის ის წევრები, რომლებიც, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის თქმით, ვერბალურად „თავს ესხმიან“ დონალდ ტრამპს.

თეთრი სახლიდან ისრაელს შეახსენეს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე თელ-ავივი ღრმა იზოლაციაშია მოქცეული, ბევრი არ იწონებს მათ ნაბიჯებს, ხოლო ამ პროცესში ვაშინგტონი ერთადერთია, რომელიც ისრაელისადმი „თანაგრძნობითაა განწყობილი“.

„რაც მაწუხებს ისაა, რომ ბიბის კაბინეტიდან იხილეთ ადამიანები, რომლებმაც შეთანხმება მკაცრად გააკრიტიკეს და, ზოგიერთ შემთხვევაში, გარკვეულწილად პირდაპირ თავს დაესხნენ შეერთებული შტატების პრეზიდენტს. მათდამი ორი გზავნილი მექნება.

პირველ რიგში, დონალდ ტრამპი მთელ მსოფლიოში ერთადერთი სახელმწიფო მეთაურია, რომელიც ახლა ისრაელისადმი თანაგრძნობითაა განწყობილი და სრულიად შემთხვევითაა, მსოფლიო ზესახელმწიფოს ლიდერი. მე რომ ვიყო ისრაელის ხელისუფლების კაბინეტში, ალბათ თავს არ დავესხმეოდი მსოფლიოში დარჩენილ ერთადერთ ძლევამოსილ მოკავშირეს.

მეორე, რაც მინდა გადავცე ბიბის მთავრობის ზოგიერთ წევრს: ბოლო სამ თვეში, თქვენი სამშობლოს დამცველი თავდაცვითი შეიარაღების ორი მესამედი ამერიკელების ხელით შეიქმნა, ხარჯები კი დაფარულია ამერიკელი გადასახადებების გადამხდელების მიერ.

ისრაელისთვის პრობლემა არ არის დონალდ ტრამპში და თუკი ისრაელში ვინმე ფიქრობს, რომ მისი მთავარი პრობლემა არის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, უნდა გამოფხიზლდეს და გააცნობიეროს იმ ვითარების არსი, რომელშიც მისი ქვეყანა იმყოფება“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა.

თითქმის ოთხი თვის წინ რთული წარმოსადგენი იყო, რომ ორ სტრატეგიულ მოკავშირეს შორის, რომელიც, ბოლო წლების განმავლობაში, ფაქტობრივად, არც ერთ გადაწყვეტილებას არ იღებდა დამოუკიდებლად, გარკვეული დიპლომატიური დაძაბულობა გაჩნდებოდა.

28 თებერვლის სამხედრო ოპერაციაც ვაშინგტონისა და თელ-ავივის ერთობლივი ნაბიჯი იყო, რაზეც, როგორც, მაგალითად, ევროპელი ლიდერები აცხადებენ, მიუხედავად ღრმა პოლიტიკური კავშირებისა, მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

ომის დაწყებიდან თითქმის ოთხი თვის თავზე ირანსა და აშშ-ს შორის გაფორმებული შეთანხმება აღმოჩნდა ისრაელისა და შტატების ხელისუფლებებს შორის ურთიერთობაში ბზარის შემტანი - ახლა მხარეები დიალოგს ხისტი განცხადებებითა და ერთმანეთისთვის ახლო წარსულში გაწეულ დახმარებაზე შეხსენებებით აწარმოებენ.

ვაშინგტონის კრიტიკა ძირითადად მიმართულია ნეთანიაჰუს კაბინეტის წევრებზე, მათ შორის მისი სამთავრობო კოალიციის, ულტრანაციონალისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერისა და ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის, იტამარ ბენ-გვირის მისამართით, რომელიც აქტიურად მხარს უჭერს ლიბანში თელ-ავივის სამხედრო ოპერაციის გაგრძელებას.

„აღორძინების ომში“ ჩვენ მივაღწიეთ უდიდეს წარმატებებს ირანისა და მისი მარიონეტების ბოროტების ღერძის წინააღმდეგ.

ჩვენ გავანეიტრალეთ დაუყოვნებლივი განადგურების საფრთხე და რომ არ მიგვემართა ორი გრანდიოზული სამხედრო ოპერაციისთვიის, როგორებიცაა „ამომავალი ლომი“ და „ლომის ღრიალი“ - რომ არ გვემოქმედა სიმამაცით, ურყევად, ჩვენი ავიაგამანადგურებლებისა და პილოტების წარმოუდგენელი გმირობით, დღეს ირანს ჩვენ გასანადგურებლად ბირთვული ბომბები იქნებოდა, თუმცა მათ არ მივეცით მათი მიღების საშუალება.

ამავდროულად, ჩვენ გავანადგურეთ ბოროტების ღერძი, მახრჩობელა წრე, რომლის მშენებლობასაც ირანი აპირებდა ჩვენ გარშემო.

ღაზაში ვაძლიერებთ კონტროლს „ჰამასზე“, სადაც ჩვენ დაქვემდებარებაშია სექტორის ტერიტორიის 60%-ზე მეტი. ლიბანში გავანეიტრალეთ ჩვენს დასახლებულ პუნქტებზე სახმელეთო შემოჭრის საფრთხი და წელში გადავტეხეთ „ჰეზბოლას“ პოტენციალი. ორივე ადგილას დაგვრჩა ბევრი სამუშაო, მაგრამ უკვე დიდი ნაბიჯი გადავდგით.

ბრძოლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა და წინ ახალი გამოწვევები გველის, რაც ჩვენგან მოითხოვს ცივსისხლიანობას, მტკიცე პოზიციას ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად და, ამავდროულად, მნიშვნელოვანი კავშირების შენარჩუნებას ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან, რომლებიც ჩვენ მხარდამხარ იბრძოდნენ და რასაც ვაფასებთ.

მომავალშიც განვაგრძობთ ჩვენს გზაზე სვლას, ვიხელმძღვანელებთ ბრძნულად და გონივრულად, შევინარჩუნებთ ხელისუფლებისა და ომის მიღწევებს. ეს მთელი ისრაელის ხალხის მიღწევაა. როგორც აღვადგინეთ ღაზის რაიონის უსაფრთხოება და კეთილდღეობა, ზუსტად ისევე აღვადგენთ ჩრდილოეთის ტერიტორიებზეც“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუ.

ორმხრივ ურთიერთობებში გართულებული კავშირებისა და შეცვლილი რიტორიკის ერთ-ერთი აშკარა ინდიკატორი გახდა გავლენიანი ამერიკული გამოცემის, Axios-ის ცნობა, რომლის თანახმადაც, ივნისის დასაწყისში ტრამპსა და ნეთანიაჰუს შორის დაძაბული სატელეფონო საუბარი შედგა, სადაც, მათივე ინფორმაციით, შტატების პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერს „შეშლილი“ უწოდა.

უცნობია, რა მიმართულებით წაიყვანს ამგვარი კომუნიკაცია ორი ქვეყნის ურთიერთობებს და რა გავლენა ექნება ამას ახლო აღმოსავლეთში მშვიდობაზე, რომლის 60-დღიანი ათვლა, წესით, 19 ივნისს დაიწყო, თუმცა დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდეულის“ ტრიბუნაც გამოიყენა და ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიბანსა და დაჯგუფება „ჰეზბოლასთან“ მიმართებით, უფრო რბილი პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდა.

დაკავშირებული ამბები
თეთრი სახლის ტრიბუნიდან ისრაელის ხელისუფლების მაღალჩინოსნები გააკრიტიკეს ვინ მოიგო ომი?