კატეგორიები

რუსეთმა ხარკივსა და ოდესის ოლქებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

რუსეთმა ხარკივსა და ოდესის ოლქებზე საჰაერო იერიშები მიიტანა
რუსეთმა უკრაინის რამდენიმე რეგიონზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხარკივის ოლქზე მიტანილი თავდასხმის შედეგად ათი ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი დაშავდა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, რუსულმა ძალებმა ღამის განმავლობაში ხარკივსა და მის მიმდებარე რაიონებს მართვადი საავიაციო ბომბებით შეუტიეს. ერთ-ერთი დარტყმის შედეგად დაზიანდა საწყობი, რასაც მასშტაბური ხანძარი მოჰყვა. მაშველები ცეცხლის ჩაქრობას დილიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ.

იერიშის შედეგად ასევე დაზიანდა დაახლოებით 40 კერძო საცხოვრებელი სახლი და რამდენიმე ავტომობილი. ადგილზე სამაშველო და საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.

რუსეთის თავდასხმის სამიზნე იყო ოდესის ოლქიც. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა.

დარტყმა სატვირთო ავტომობილების სადგომზე მოხდა, სადაც საწვავისა და გაზის  ცარიელ ცისტერნებს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის ლიკვიდაციაში საგანგებო სამსახურების რამდენიმე ეკიპაჟი მონაწილეობდა.

რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე ყოველდღიურად მიაქვს საჰაერო იერიში. მოსკოვი აცხადებს, რომ სამხედრო ინფრასტრუქტურას უტევს, თუმცა უკრაინული მხარე ამბობს, რომ იერიშების შედეგად ზიანდება სამოქალაქო ობიექტები, დაშავებულთა უმეტესობა კი ხშირად სწორედ მშვიდობიანი მოსახლეობაა.

დაკავშირებული ამბები
რუსეთმა ხარკივსა და ოდესის ოლქებზე საჰაერო იერიშები მიიტანა რუსეთის იერიშს ზაპორიჟიაში ერთი ადამიანი ემსხვერპლა, შვიდი კი დაშავდა