ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, იტამარ ბენ-გვირმა მკაცრი რეაქცია გამოხატა ბეირუთის წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო ოპერაციის დროს, ოთხი ისრაელელი ჯარისკაცის დაღუპვასთან დაკავშირებით და პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში დაწერა, რომ ასეთი შემთხვევების გამო, „მთელი ლიბანი უნდა დაიწვას“:
„ყოველი ისრაელელი დედის ცრემლისთვის ათასმა ლიბანელმა დედამ უნდა იტიროს. მთელი ლიბანი უნდა დაიწვას!
ამერიკელებისადმი სრული პატივისცემის მიუხედავად, ისრაელმა მკაფიოდ უნდა აჩვენოს მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენი შვილების სისხლი და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება დასათმობი არ არის. მთელი ლიბანი უნდა დაიწვას. ჩვენი უპირველესი მოვალეობაა ისრაელის მოქალაქეებისა და ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცების დაცვა, და ეს პასუხისმგებლობა ნებისმიერ სხვა საკითხზე მნიშვნელოვანია.
პრემიერ-მინისტრს ჩვენი პირადი შეხვედრების დროსაც ვუთხარი: თითოეული ისრაელელი დედის ცრემლისთვის, ათასმა ლიბანელმა დედამ უნდა იტიროს.
კმარა ეს პინგ-პონგი. ახლო აღმოსავლეთში მოზომილი პასუხებითა და თავშეკავებით ვერ იმარჯვებ - საჭიროა დაუნდობლად იმოქმედო. გაანადგურო. გაანადგურო ტერორი და მიწასთან გაასწორო“.
მანამდე ისრაელის შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს, რომ მათი ჯარისკაცები „ბრძოლის დროს“ დაიღუპნენ, როდესაც კფარ-ტებნიტის სიახლოვეს მათ ტანკს მოწინააღმდეგ დაარტყა.
შემთხვევა მოხდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატებისა და ირანის პოლიტიკურმა ლიდერებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მათ შორის ლიბანშიც სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და ამ ფრონტზეც მშვიდობის დამყარებას.
ისრაელელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ აქვთ ვაშინგტონის, როგორც სტრატეგიული მოკავშირის ხათრიც და პატივისცემაც, თუმცა, მათივე განმარტებით, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებენ არც ეროვნული ინტერესების უგულებელყოფას და არც საკუთარი მშვიდობიანი მოქალაქეებისა თუ სამხედროების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებას ან, მით უმეტეს, მკვლელობა.
წარსული პრაქტიკიდან გამომდინარე, როგორც წესი, თელ-ავივი მოწინააღმდეგის მსგავს დარტყმებს კონტრიერიშებით პასუხობს, თუმცა ამჯერად ვითარება სხვაგვარია - ამ საპასუხო მოქმედებებს არ აქვთ შეერთებული შტატებისა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მხარდაჭერა.
