კატეგორიები

ესპანური სასურსათო პლატფორმა ორგანული ფერმერობის მიმდევრებს პირდაპირ მომხმარებელთან აკავშირებს

ესპანური სასურსათო პლატფორმა ორგანული ფერმერობის მიმდევრებს პირდაპირ მომხმარებელთან აკავშირებს
ევრონიუსის რეპორტიორი ესპანეთში, ვალენსიის რეგიონში, ჩავიდა, რათა საკუთარი თვალით ენახა, თუ როგორ მუშაობს ფერმერული პროდუქციის სავაჭრო პლატფორმა Crowd Farming-ი, რომელიც ევროპაში ორგანული სურსათის პირდაპირ მომხმარებლამდე მიტანის  წამყვანი სერვისია.

აღმოსავლეთ ესპანეთში, ვალენსიასთან ახლოს, ბეტერის მუნიციპალიტეტში გაშენებულ ფორთოხლის ბაღში მოსავლის აღების ბოლო დღეა. ძმებმა, გონსალო და გაბრიელ ურკულოებმა, დაახლოებით თხუთმეტი წლის წინ გადაწყვიტეს ბაბუის ძველი ბაღის აღდგენა.

„ეს არც ჩვენ დაგვიგეგმავს და არც ბაბუას, რომ სოფლის მეურნეობისთვის მოგვეკიდა ხელი. სწორედ ამიტომ ჩავაბარეთ უნივერსიტეტში,“ - ამბობს  გონსალო ურკულო, Crowd Farming-ის თანადამფუძნებელი. „მაგრამ სწავლის  დამთავრებისთანავე ბაბუა გარდაიცვალა და ფორთოხლის ბაღი მიტოვებული აღმოჩნდა. ეს მივიჩნიეთ შესაძლებლობად, რომ აქ ჩამოვსულიყავით და ეს ბაღი აღგვედგინა“.

სოფლის მეურნეობაში სრულიად ჩაუხედავმა ორმა ძმამ ბაღის განახლება გადაწყვიტა. მათ მაშინვე რეგენერაციულ ორგანულ მეურნეობას მოჰკიდეს ხელი და თავად ყიდდნენ იმ პროდუქტს, რომელიც მსხვილი საცალო სავაჭრო ობიექტების კრიტერიუმებს ყოველთვის არ აკმაყოფილებდა.

„ფორთოხალში, რომელსაც ბაზარი დაიწუნებდა კანის დეფექტის გამო, პირდაპირი გაყიდვით ვიღებთ საფასურს,“ - განმარტავს გონსალო. „მის ხარისხს ზომა კი არ განსაზღვრავს, არამედ კვებითი ღირებულება“.

ძმებმა ფსონი ხის გასხვისების სისტემაზე დადეს. გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, მომხმარებელი რომელიმე ხეს ირჩევს, რომელსაც ფერმერი ერთი წლის განმავლობაში უვლის და შემდეგ მის ნაყოფს უგზავნის ხის დროებით პატრონს.

გაბრიელ ურკულო, Crowd Farming-ის თანადამფუძნებელი

„რთულია წინასწარ გათვალო როგორი იქნება ხილის მოსავალი ან მოთხოვნა,“ -გვიხსნის გაბრიელ ურკულო, Crowd Farming-ის თანადამფუძნებელი. „ხეხილის მომხმარებელზე გადაცემის გზით ჩვენ ვიბევებთ მოთხოვნის გარკვეულ მოცულობას და, რაც მთავარია, მომხმარებლისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია, იცოდეს, თუ ვინ მოიყვანა პროდუქტი და რა მეთოდებით.“

 საკუთარ ფორთოხლის ბაღში  ექსპერიმენტების ჩატარების შემდეგ, ძმებმა ურკულოებმა 2017 წელს ბაღი გააფართოეს და შექმნეს კომპანია Crowd Farming-ი, რომელიც  ორგანული პროდუქტების პირდაპირი გაყიდვის ყველაზე დიდ პლატფორმად იქცა ევროპაში.

„შეგიძლიათ თქვენს სახელზე გააფორმოთ ხე, შეგიძლიათ შეიძინოთ შერეული პროდუქტის პაკეტი, გამოიწეროთ ხილი ან ბოსტნეული და შეიძინოთ პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე,“ - განმარტავს გონსალო. „ასევე აირჩიოთ ფერმა და შეხვდეთ ამ ფერმის პატრონს. ჩვენ პირდაპირ ვაკავშირებთ ერთმანეთთან ფერმერსა და მომხმარებელს. ჩვენს პლატფორმაზე 300 000-ზე მეტი  ხის სპონსორობა იკისრა უკვე მომხმარებელმა.  ამ სამასი ათას ხეს ფერმერები უვლიან და იციან, რომ მოწეულ მოსავლში სამართლიან ფასს გადაუხდიან“.

Crowd Farming-ს 300-ზე მეტი პარტნიორი მწარმოებელი ჰყავს მთელ ევროპაში. მათ შორისაა ფერნანდო. იგი ზეთისხილის ბაღს უვლის, რომელიც რამდენიმე წლის წინ ტრადიციულიდან  ორგანულ მეურნეობაზე გადაიყვანა.

 „ერთი ცისტერნის ან 10,000 ლიტრა ზეთის ერთბაშად გაყიდვა იმავე მოგებას არ იძლევა, რასაც ცალკეული ოჯახებისთვის მიყიდვა, რომლებიც მზად არიან, ცოტა მეტი გადაიხადონ ძალიან მაღალი ხარისხის ზეთში. ეს მოგების საკითხია,“ - ამბობს ფერნანდო.

მწარმოებელთა ქსელის მხარდასაჭერად Crowd Farming-ი ევროპაში რამდენიმე ლოგისტიკურ ცენტრს მართავს. მათ შორის ყველაზე დიდია ვალენსიაში მოქმედი ცენტრი  CrowdLog-ი, სადაც ათასობით ამანათი მუშავდება და იგზავნება ყოველ დღე.

„გასულ წელს 10 000 კილოგრამზე მეტი პროდუქტი შემოგვივიდა ამ ცენტრში და თითქმის ორი მილიონი ყუთი გავგზავნეთ“, -ამბობს კლარა ფერნანდესი, CrowdLog-ის ოპერაციების ხელმძღვანელი.

კომპანია  CrowdFarming-მა 2024 წელს 65 მილიონი ევროს მოცულობის პროდუქტი გაყიდა. ახლახან, ფრანგული საკვების დახარისხების პლატფორმის შეძენის შემდეგ, კომპანიის პარტნიორი მწარმოებლების რიცხვი 10,000-ზე ავიდა, მომხარებლებისა კი -  ორ მილიონზე ევროპის დაახლოებით ოცდაათ ქვეყანაში.

„გვინდა, სრულად გარდავქმნათ სექტორი, რომელშიც გარკვეული მოდელი აღარ მუშაობს,“ = განმარტავს ჯულიეტ სიმონინი,Crowd Farming-ის თანადამფუძნებელი. „გვინდა, კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ, რაც აღარ ამართლებს, რათა ეს ინდუსტრია უფრო ეფექტური და უფრო სასარგებლო გახდეს როგორც მომხმარებლისთვის, ასევე მწარმოებლისთვის“.

„ჩვენი ოცნებაა, სხვა ფერმერებს ვაჩვენოთ, რომ რეგენერაციული ორგანული მეურნეობის წარმოება შესაძლებელია და რომ ეს არის  ევროპის გამოკვების რეალური გზა,“ - ამბობს გონსალო.

ავტორი: ვალერი გორია

დაკავშირებული ამბები
ესპანური სასურსათო პლატფორმა ორგანული ფერმერობის მიმდევრებს პირდაპირ მომხმარებელთან აკავშირებს რობოტები და ადამიანები - ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ევროპული ტექნოლოგია