კატეგორიები

მოსკოვი ცეცხლის ალში - უკრაინაში რუსეთის ომის მეხუთე წელი

მოსკოვი ცეცხლის ალში - უკრაინაში რუსეთის ომის მეხუთე წელი
მიმდინარე კვირაში მეორედ კიევმა მოსკოვის მთავარ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა და უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მეხუთე წელს, რუსეთზე დრონებით ერთ-ერთი ყველაზე მასირებული იერიშები მიიტანა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული კადრები კრემლიდან სულ რამდენიმე კილომეტრში არის გადაღებული, სადაც ჩანს, რომ მოსკოვი და მოსკოვის ოლქის ნაწილი ცეცხლის ალშია გახვეული.

სახელმწიფო კორპორაცია „გაზპრომის“ საკუთრებაში არსებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც უკრაინელთა სამიზნედ მეორედ იქცა, წლიურად, დაახლოებით 12 მილიონ ტონა ნედლეულს გამოიმუშავებს და რუსეთის ჯარის მომარაგებაში საკვანძო როლს ასრულებს, ასევე საავიაციო საწვავით უზრუნველყოფს დომოდედოვოს, ვნუკოვოს, შერემეტიევოსა და ჟუკოვსკის აეროპორტებს.

ვლადიმერ პუტინის ხელისუფლების მიერ ნაწილობრივ ინტერნეტბლოკადაში მოქცეული ადგილობრივი მოსახლეობა წერს, რომ შექმნილი მდგომარეობის გამო, მოსკოვის ყველა აეროპორტი დაიხურა, მიმდებარე ოლქებში კი ავიამიმოსვლა შეიზღუდა.

სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელებული კადრებით ასევე დასტურდება, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა სათანადოდ ვერ უმკლავდება უკრაინულ დრონებს - ეს კი იმის ფონზე, როდესაც მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თანახმად, ჩამოგდებულია კიევის მიერ გაშვებული 194 უპილოტო საფრენი აპარატი.

საგულისხმოა, რომ უკრაინის მხრიდან გაშვებული დრონების ეს რაოდენობა ბევრად აღემატება ადრინდელ ორციფრიან მაჩვენებლებს.

მოსკოვზე მასირებულ დარტყმებს გამოეხმაურა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. პლატფორმა X-ზე მან დაწერა, რომ ეს არის „უკრაინის შორი მოქმედების სანქციები“, რომლებიც მიმართულია რუსეთის ომის მანქანის განადგურებაზე და წარმოადგენს პასუხს მათი ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ წარმოებულ რუსულ აგრესიაზე. მისივე თქმით, დადგა დრო, კრემლმა გადადგას აუცილებელი დიპლომატიური ნაბიჯები.

ცეცხლის ალში გახვეული მოსკოვის კადრების გავრცელების პარალელურად, განცხადება გაავრცელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრი სიბიჰამაც:

„ამ დილას მოსკოველების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კითხვაა - „რა ხდება?“. მე შემიძლია გიპასუხოთ. თქვენმა ქვეყანამ დაიწყო აგრესიული ომი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. წლების განმავლობაში ის კლავდა ჩვენს ხალხს. ახლა, როცა იცით, რა ხდება, ჰკითხეთ პუტინს, როდის აპირებს მის დასრულებას“.

მოსკოვის გარდა, კიევის იერიშების სამიზნედ იქცა რუსეთისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი კიდევ ერთი ნავთობობიექტი, რომელიც როსტოვის ოლქში, ასევე დრონებით დარტყმების შესახებ იუწყებიან უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქიდან.

დაკავშირებული ამბები
მოსკოვი ცეცხლის ალში - უკრაინაში რუსეთის ომის მეხუთე წელი რუსეთის ქალაქ ტულაში უკრაინული დრონების თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა