ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა NATO-ს მოკავშირეები მკაცრად გააკრიტიკა და პენტაგონის მიერ ევროპაში განლაგებული ამერიკული ძალების ექვსთვიანი გადახედვის შესახებაც გამოაცხადა, რომლის შედეგებიც იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად აიღებენ ევროპელები საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტ პასუხისმგებლობას.
ბრიუსელში, NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ჰეგსეთმა მოკავშირეებს ალიანსის გადატვირთვისკენ მოუწოდა, რათა 32 წევრი სახელმწიფოსგან შემდარი ორგანიზაცია ახალ ვერსიად გარდაიქმნას, რომელიც ნებისმიერი საფრთხის შეკავებას შეძლებს.
„ძალიან დიდი ხნის განმავლობაში NATO ქაღალდის ვეფხვი და ცალმხრივი გზა იყო. ეს დასრულდა. ჰააგის სამიტი სწორედ ამას ეხება. სწორედ ამას ემსახურება თავდაცვის ხარჯების გაზრდის ვალდებულებები - NATO-ს კვლავ ნამდვილ სამხედრო ალიანსად გადაქცევას, რომელიც რეალურ სამხედრო ძალასა და ნამდვილ შეკავებაზეა ორიენტირებული. ცივ ომში გამარჯვებულ NATO 1.0-ზე დაფუძნებული ვერსია 3.0, რომელშიც ჩვენი მოკავშირეები თავად დგებიან ევროპის კონვენციური თავდაცვის სათავეში. NATO მუდამ ასეთი უნდა ყოფილიყო და სწორედ ამას ელოდნენ მისი დამფუძნებლები, მათ შორის პრეზიდენტი ეიზენჰაუერი. ევროპა შეერთებულ შტატებზე დამოკიდებული არ უნდა ყოფილიყო.
NATO 2.0 ევროპის დაცვაზე აღარ იყო კონცენტრირებული. იგი რეგიონს გარეთ მიმდინარე ოპერაციებისა და ისეთი საკითხებისკენ გადაიხარა, რომელთაც საბრძოლო მოქმედებებთან საერთო თითქმის არაფერი ჰქონდა. ტანკების, გამანადგურებლებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების ნაცვლად, ყურადღება გენდერულ თანასწორობასა და კლიმატის ცვლილებაზე, ასევე, თავდაცვის ხარჯების შემცირებაზე იყო გამახვილებული. სოციალურად უზრუნველყოფაზე ორიენტირებული სახელმწიფოები მომრავლდნენ. ევროპის საზღვრები ფართოდ გაიხსნა. თავდაცვის ბიუჯეტები, ისევე როგორც ევროპის რწმენა საკუთარი თავისა და საკუთარი ცივილიზაციის მიმართ მკვეთრად შემცირდა. NATO-მ საკუთარი გზა დაკარგა. ვერსია 2.0 ყურადღების გადატანის, დეინდუსტრიალიზაციისა და დემილიტარიზაციის ეპოქა იყო. ეს სხვის ხარჯზე ყოფნის ეპოქა. ეს იყო დაკარგული პერიოდი, რომელშიც არ დავბრუნდებით. სწორედ ამიტომ, თავდაცვის დეპარტამენტში ასე მკაფიოდ და პირდაპირ ვსაუბრობთ NATO-ს ძირითადი სამხედრო როლისა და ხასიათის აღდგენაზე. ამიტომაც დავაბრუნეთ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროების რაოდენობა ევროპაში 2022 წლამდელ დონეზე - გასულ წელს ერთი საბრძოლო ბრიგადის გადაადგილებით და მიმდინარე წლის დასაწყისში დამატებით 5,000 სამხედრო მოსამსახურით შემცირებით. ამავე დროს, სწორედ ამიტომ ვთანამშრომლობთ ასე თანმიმდევრულად ჩვენს მოკავშირეებთან. და სწორედ ამიტომაც გავაძლიერეთ ჩვენი თავდაცვის სამრეწველო ბაზა და წავახალისეთ მოკავშირეებიც, NATO-ს ვერსია 3.0 რეალობად აქციონ - დააბრუნონ სამხედრო ალიანსი მის ფესვებთან, და ისეთი ევროპული სამხედრო ძალა უზრუნველყონ, რომელიც აგრესიის მდგრად შეკავებას შეძლებს. საჭიროების შემთხვევაში კი, NATO-ს მე-5 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებებს შეასრულებს“, - განაცხადა პიტ ჰეგსეთმა.
NATO-ს თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში ერთდღიან შეხვედრაზე შეიკრიბნენ, რათა ანკრაში ჩანიშნული სამიტისთვის მოემზადონ. ამ შეხვედრაზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ, ამერიკის შეერთებული შტატების ომის მდივანს ირანთან მიღწეული შეთანხმებისთვის მადლობა გადაუხადა, და უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ჩვენ ყველას იმედს გვაძლევს მშვიდობის პერსპექტივა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებისა და ირანის შეთანხმებას მოჰყვა. პიტ, ეს მართლაც გამორჩეული მიღწევაა. გმადლობ. და, რა თქმა უნდა, ამისთვის მადლობა პრეზიდენტსაც. ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლების აღდგენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გლობალური ეკონომიკისთვის. ამიტომ, დღეს შესაძლებლობა გვექნება მოკავშირეების კონკრეტული წვლილი განვიხილოთ საერთაშორისო ძალისხმევაში, რომელიც ნავიგაციის თავისუფლების უზრუნველყოფას ემსახურება. რაც შეეხება უკრაინას, ველი, რომ დღეს, მოგვიანებით, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე, მხარდაჭერის ახალი დაპირებები გამოცხადდება, რადგან რუსეთის სასტიკი ომის დასრულებისთვის ჩვენი მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ“, - თქვა მარკ რუტემ.
NATO-ს თავდაცვის მინისტრები შეხვედრია და ჰეგსეთის კრიტიკულ განცხადებებს წინ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოკავშირეებისთვის იმის თქმა უძღოდა, რომ მათზე თავდასხმის შემთხვევაში ვაშინგტონი გარკვეულ სამხედრო ხომალდებსა და ავიაციას აღარ გამოყოფს.
ევროპელი მოკავშირეები და კანადა ახლა ცდილობენ იპოვონ გზები, რათა გადაწყვეტილებით წარმოქმნილი დეფიციტი შეავსონ.
