კატეგორიები

კრიშტიანო რონალდოსა და პორტუგალიის წარუმატებელი სტარტი მუნდიალზე

კრიშტიანო რონალდოსა და პორტუგალიის წარუმატებელი სტარტი მუნდიალზე
პორტუგალიელი ლეგენდისთვის კრიშტიანო რონალდოსთვის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი წარმატებით ვერ დაიწყო. K ჯგუფის გახსნითი შეხვედრა სენსაციით დასრულდა, სადაც ჩემპიონატის ერთ-ერთმა ფავორიტმა პორტუგალიის ნაკრებმა ვერ დაამარცხა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრები, რომელიც მუნდიალს 52 წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა.

მუნდიალის გამორჩეული ვარსკვლავებისგან ლეო მესისგან, კილიან მბაპესა და ერლინ ჰაალანდისგან განსხვავებით, პორტუგალიის 41 წლის ლიდერმა გოლის გატანა ვერ შეძლო.

პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელების თქმით ისინი შედეგით გულდაწყვეტილი არიან თმცა მომდევნო შეხვედრებში თამაშის ხარისხის გამოსწორებაზე იმუშავებენ.

„რა თქმა უნდა გულდაწვეტილები ვართ, რადგან კონგოს პატივისცემის მიუხედავად, პორტუგალია ყველა მატჩში მოსაგებად გადის. ეს ჩვენი ცხოვრების წესია, ეს ჩვენი თამაშის სტილია, ასე გავდივართ თითოეულ შეხვედრაზე. ამიტომ, რა თქმა უნდა, ცოტა იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ფრე ვითამაშეთ და მაინც ერთი ქულა ავიღეთ. ახლა დავისვენებთ, ჩვენს შეცდომებზე ვიმუშავებთ და შემდეგ მატჩში ჩვენს ძალებს ვაჩვენებთ. ვხედავთ, რომ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა თამაში რთულია. ვფიქრობ, ჩვენნაირმა დიდმა გუნდებმა უბრალოდ პატივი უნდა სცენ ნებისმიერ მეტოქეს. მაგრამ ფეხბურთი ასეთია, არასდროს იცი, რა მოხდება. ჩვენ, პორტუგალიამ, ყველა მატჩში მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ და ჩვენი ნიჭი გამოვავლინოთ. დღეს ეს გავაკეთეთ, მაგრამ ვერ მოვიგეთ. ასეთია ფეხბურთი. ახლა ყურადღება შემდეგ თამაშზე უნდა გადავიტანოთ და თავი მაღლა ავწიოთ“, - ამბობს რაფაელ ლეაო.

„ჩემს ინდივიდუალურ თამაშზე ბევრი არ მიფიქრია. როგორც ყოველთვის, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია გუნდია და ის, რასაც მოედანზე ერთად ვაკეთებთ. რა თქმა უნდა, როცა გოლი გავიტანე, ძალიან ბედნიერი ვიყავი. ეს ჩემი პირველი მსოფლიო ჩემპიონატია და მქონდა გოლის გატანისა და ამ მომენტის ჩემს ოჯახთან გაზიარების ბედნიერება. მაგრამ საბოლოოდ ჩემთვის, როგორც ყოველთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდი და გამარჯვებაა. ვფიქრობ, კარგად გამოვიყურებოდით, ინტენსიური და მიზანმიმართული ფეხბურთი ვითამაშეთ. სამწუხაროდ, სტანდარტული სიტუაციიდან გავუშვით გოლი. მეტი მომენტების შექმნას ვცდილობდით, თუმცა მათი გამოყენება ვერ შევძელით. ვიცი, რომ ბევრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამი ქულის აღებაა, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, თუ როგორ ვთამაშობთ, რადგან საბოლოო ჯამში სწორედ ეს იქნება გადამწყვეტი. იმ თამაშის მჯერა, რომელიც დღეს ვაჩვენეთ. ჩვენი გუნდის მჯერა. გავაუმჯობესებთ იმას, რაც გვაქვს და გავაგრძელებთ კარგი ფეხბურთის თამაშს, რაც დღეს ვაჩვენეთ“, - ამბობს ჟოაო ნევეში, რომელმაც კონგოსთან დაპირისპირებაში ანგარიში გახსნა და მუნდიალებზე პირველი გოლი გაიტანა.

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ბევრი კითხვები იყო პორტუგალიის ნაკრებსა და კრიშტიანო რონალდოს შესახებ. რამდენად შეძლებდა პროტუგალიის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გუნდელებთან შეთამაშებას და გუნდური ფეხბურთის თამაშს, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონატებზე მას გასულ 10 შეხვედრაში გოლი არ ჰქონდა გატანილი. ამის შესახებ პორტუგალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს რობერტო მარტინეს მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზეც ჰკითხეს.

„არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, რომ მსოფლიო ფეხბურთში საუკეთესო ბომბარდირი მოედნიდან ისეთ მატჩში გამოიყვანო, სადაც გოლები გჭირდება. ვფიქრობ, გონსალო რამოშის შემოყვანა ისე იყო საჭირო, რომ ამას გუნდის ბალანსი კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში არ ჩაეყენებინა. ფეხბურთში სწორი ხაზი ყოველთვის ყველაზე სწრაფი გზა არ არის. ვფიქრობ, ასეთ მომენტებში ძალიან მნიშვნელოვანია საჯარიმოში კრიშტიანოს გამოცდილება... ის, თუ როგორ იზიდავს მცველებს; ის, თუ როგორ შეგვიძლია სივრცეების გამოყენება. ყველა ფეხბურთელს მოედანზე თავისი პასუხისმგებლობა და თავისი ფუნქციები აქვს. როცა გოლების გატანას ცდილობ, აშკარაა, რომ კრიშტიანო მოედანზე უნდა იყოს“, - ამბობს რობერტო მარტინესი.

პორტუგალიასთან დაპირისპირებაში, ისტორიაში პირველად „ლეოპარდებმა“ მსოფლიო ჩემპიონატებზე პირველი გოლი გაიტანეს და პირველი ქულა მოიპოვეს. თითო თითო ქულით კი კონგოდ და პორტუგალია K ჯგუფში მეორე მესამე ადგილებს იყოფენ. პირველ ადგილზე კოლუმბიის ნაკრებია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის კიდევ ერთი დებიუტანტი უზბეკეთის ნაკრები 3-1 დაამარცხა. მომდევნო ტურში პორტუგალია უზბეკეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო კოლუმბია კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას.

დაკავშირებული ამბები
კრიშტიანო რონალდოსა და პორტუგალიის წარუმატებელი სტარტი მუნდიალზე I ჯგუფში ნორვეგიისა და საფრანგეთის ნაკრებებმა დამაჯერებელი 3 ქულა მოიპოვეს