ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებით, თეირანმა გადაწყვიტა, შვეიცარიაში შეერთებულ შტატებთან შეთანხმების ხელმოწერის დაგეგმილი ოფიციალური ცერემონიის გაუქმება.
ადგილობრივ სახელმწიფო მედიასთან საუბრისას, ისმაილ ბაღაიმ თქვა, რომ 18 ივნისის დილას ორივე ქვეყნის პრეზიდენტმა უკვე დააფიქსირა საკუთარი ხელმოწერა შესაბამის დოკუმენტზე. როგორც ამ პროცესის მთავარ შუამავლს, შეთანხმებას აქვს პაკისტანის პრემიერ-მინისტრის, შეჰბაზ შარიფის ხელმოწერაც.
„შვეიცარიაში დაგეგმილი იყო შეხვედრა შეთანხმების ტექსტის ოფიციალური ხელმოწერისთვის. ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენ დამატებით შევისწავლეთ ეს საკითხი და საბოლოოდ მივედით დასკვნამდე, რომ უმჯობესი იქნებოდა, ტექსტი ხელმოწერილი იყოს ორივე ქვეყნის პრეზიდენტის მიერ, თუმცა კონკრეტულ ადგილას მათი ფიზიკურად დასწრების გარეშე.
ამისთვის ბევრი მიზეზი გვაქვს და ერთ-ერთი გულისხმობს იმას, რომ, როცა ტექსტი ორივე ქვეყნის სახელმწიფო თანამდებობის პირების მიერაა ხელმოწერილი, შეთანხმების დარღვევა გაცილებით ძვირი უნდა დაჯდეს. წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, სწორედ ეს მეთოდი ვამჯობინეთ. ამასთან, ვთვლი, რომ ცერემონიის გამართვა ძალიან უადგილოა“, - განაცხადა ისმაილ ბაღაიმ.
მანამდე, შეთანხმებაზე საუბრისას, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანს „მიწასთან გაასწორებს“, თუკი ისლამური ქვეყანა არ შეასრულებს დოკუმენტის პუნქტებს.
ვაშინგტონმა ასევე უარყო, რომ ირანისთვის სპეციალურ 300 მილიარდიან დახმარების ფონდს ქმნის - მას შემდეგ, რაც ამ ინფორმაციამ დასავლურ და არაბულ მედიაში გაჟონა, თუმცა დონალდ ტრამპის თქმით, ეს არის თეირანის კუთვნილი თანხა, რომელიც მან უნდა გამოიყენოს იმ ზიანის გამოსასწორებლად, რაც ომის დროს მიადგა.
„მე ვთქვი: „მისმინეთ, თუ არ შეასრულებთ შეთანხმებას, არ მინდა ამის გაკეთება, მაგრამ ჯოჯოხეთურად დაგბომბავთ და მიწასთან გაგასწორებთ“, ამიტომ, არამგონია, მათ უგულებელყონ შეთანხმება. კიდევ რა შემიძლია გავაკეთო? ხომ არ ვეტყვი, რომ სასამართლოში ვუჩივლებ? ნება მომეცი, უბრალოდ სასამართლოში გიჩივლო. არა, ჩვენ უბრალოდ ჯოჯოხეთურად დავბომბავთ მათ, შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში. არ მინდა, მათ ეს გააკეთონ. მე მინდა, მათ შეასრულონ შეთანხმება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ირანის წინააღმდეგობის ღერძის მტკიცებით, თეირანსა და ვაშინგტონს შორის გასაფორმებელი ჩარჩო-შეთანხმების გავრცელების შემდეგ, აშკარაა, რომ ომში ისლამურმა ქვეყანამ დამაჯერებლად მოიგო და სერიოზული უპირატესობა მოიპოვა ამერიკულ მხარეზე.
მიუხედავად იმისა, რომ უცნობია, რამდენად მონაწილეობდა შეთანხმების პუნქტების შედგენაში გასამხედროებული „რევოლუციურ გუშაგთა კორპუსი“ და ხომ არ აქვს დაჯგუფებას რაიმე საწინააღმდეგო ირანის პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებთან, ფაქტად რჩება ის გარემოება, რომ თეირანში დამარცხებულის პოზიციიდან არ საუბრობენ.
თუმცა, ამ შეხედულებას ირანის პოლიტიკური სპექტრის ყველა ნაწილი ერთნაირად არ იზიარებს.
ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის პრესსპიკერმა მემორანდუმს „დაუბალანსებელი“ უწოდა და განაცხადა, რომ ირანის ყველა „წითელი ხაზი“ არ ყოფილა გათვალისწინებული.
