ინგლისის ნაკრების გულშემატკივრებს გაუმყარდათ რწმენა, რომ ფეხბურთი სახლში ბრუნდება. 2026 წლის მუნდიალზე პირველი მატჩში გახსნილი, შემტევი ფეხბურთით ხორვატიის ნაკრები 4:2 დაამარცხა. შეხვედრა საკმაო სანახაობრივი გამოდგა განსაკუტრებით პირველი ტაიმი, სადაც ინგლისი ორჯერ იგებდა, ხოლო ხორვატებმა წონასწორობა ორივეჯერ აღადგინეს, თანაც ეფექტური გოლებით.
ინგლისის ნაკრების გერმანელი მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი, მისი წინამორბედისგან გარეთ საუთგეიტისგან განსხვავებით, რომლის სტილსაც ხშირად "sufferball”-ს ანუ ტანჯვის ფეხბურთს უწოდებდნენ, სწრაფ და შემტევ ფეხბურთს ათამაშებს. „სამი ლომის“ მთავარი შემოქმედი კი მისი კაპიტანი გამოცდილი ფორვარდი ჰარი კეინია, რომელმაც ხორვატიასთან მატჩში დუბლი გაიფორმა და ამით მსოფლიო ჩემპიონატებზე გატანილი გოლების რაოდენობით გარი ლინეკერის რეკორდი გაიმეორა. ჰარი კეინის თქმით, შეხვედრაში გარდამტეხი როლი, შესვენებისას მთავარი მწვრთნელის სიტყვებმა ითამაშა.
„მან შესანიშნავი სიტყვებით მოგვმართა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ პირველი ტაიმის ბოლოს როგორი გოლი გავუშვით. მან უბრალოდ გვითხრა, წნეხი მოგვეხსნა, დავმშვიდებულიყავით. „რის გვეშინია? უბრალოდ გავიდეთ და ვითამაშოთ“. მეორე გოლის გაშვებისას ის გუნდი არ ვიყავით, რომელიც გვინდა ვიყოთ: უკან დახევა, ღრმად ჩაჯდომა და მაინც გოლის გაშვება. მან გვითხრა, „რა არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს? წავაგოთ შეხვედრა. ეს ჯგუფური ეტაპის პირველი თამაშია, წინსვალს გავაგრძელებთ. უბრალოდ გავიდეთ და ვაჩვენოთ მსოფლიოს, როგორი გუნდი შეგვიძლია ვიყოთ“, - ამბობს ინგლისის ნაკრების კაპიტანი, ჰარი კეინი.
მიუნხენის ბაიერნის შემტევმა მსოფლიო ჩემპიონატებზე 10 გოლის გატანის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„მსოფლიო ჩემპიონატებზე 10 გოლის გატანა შესანიშნავი მიღწევაა. რა თქმა უნდა, გარი ლინეკერისაც საოცარი ჩემპიონატები ჰქონდა. ამიტომ ახლა ამის გამეორება ძალიან სასიამოვნოა. ამ შესანიშნავ ტურნირზე ორნიშნა რიცხვამდე მისვლა მართლაც განსაკუთრებულია. ეს პირველი მატჩია. თავს კარგად ვგრძნობ. მატჩამდეც ვთქვი, რომ ფიზიკურად და მენტალურად მაღალ დონეზე ვარ. კარიერაში კი წელს გატანილი გოლების რაოდენობის საუკეთესო მაჩვენებელი მაქვს. ვგრძნობ, რომ ზუსტად საჭირო დროს ჩემი შესაძლებლობების პიკში ვარ. რა თქმა უნდა, წინ გრძელი გზაა, ბევრი რთული მატჩი გველის, მაგრამ პირადად მე მსიამოვნებს მოედანზე ყოფნა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ასეთ ფორმაში ვარ“, - ამბობს ჰარი კეინი.
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ორი ნაკრების მთავარმა მწვრთნელებმა შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად შეაფასეს. ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ტომას ხუხელის თქმით, ის მოხარულია, რომ გუნდში ისეთი ფეხბურთელი ჰყავს, როგორიც ჰარი კეინია.
„თუ ნახეთ ჩვენი კაპიტნის, ჩვენი ცხრიანის თავდადება დამატებით დროში, როდესაც სტანდარტულისას გადამწყვეტ დარტყმას როგორ გადაეფარა მთელი სხეულით დასაბლოკად და როგორ არის ის მზად დაცვაშიც თავგანწირვით ითამაშოს, მაშინ ყველაფერი იცი მისი დღევანდელი პერფორმანსის შესახებ. ეს იყო სრულყოფილი თამაში. აბსოლუტური ლიდერია და ბოლომდე იხარჯება, ფიზიკურადაც, მენტალურადაც. ის თამაშში მთლიანადაა ჩართული. ამ მომენტში ის სრული პაკეტია. საკუთარი მოქმედებებით ის სამაგალითოა. ჩვენ მისით ძალიან ბედნიერები ვართ“, - ამბობს თომას ტუხელი.
ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით, მისი გუნდი პირველ ტაიმში კარგად გამოიყურებოდა, თუმცა მეორე ნახევარში ინგლისი გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა.
„პირველ რიგში, მინდა ინგლისს გამარჯვება მივულოცო. ეს საკმაოდ უცნაური თამაში იყო, საკმაოდ რთული მატჩი,ზუსტად ისეთი, როგორსაც ველოდით. პირველ ტაიმში საკმაოდ კარგად ვითამაშეთ. კარს ძალიან კარგად ვიცავდით. თუმცა, სამწუხაროდ, ვიცოდით, რომ სტანდარტული სიტუაციები ყველაზე დიდი საფრთხე იქნებოდა და ორივე გოლი კუთხურის შემდეგ გავუშვით. ეს ჩვენი მხრიდან ცუდი რეაგირების შედეგია. ორჯერ მოვახერხეთ თამაშში დაბრუნება, რამაც საკუთარი თავის რწმენა დაგვიბრუნა. მაგრამ მესამე გოლი, რომელიც 46-ე წუთზე გავუშვით, ნამდვილად გადამწყვეტი აღმოჩნდა. ეს ჩვენთვის ძალიან დამთრგუნველი იყო. შემდეგი 10 წუთი საკმაოდ ცუდად ვითამაშეთ. ვეცადეთ თამაშში დავბრუნებულიყავით, თუმცა ვერ შევძელით. ეს უცნაური მატჩი იყო. ბევრი შეცდომა დავუშვით, განსაკუთრებით სტანდარტულ სიტუაციებისას“, - ამბობს ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ზლატკო დალიჩი.
გამარჯვებით ინგლისის ნაკრები L ჯგუფში 3 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. 3 ქულა აქვს განასაც, რომელმაც კალებ ირენკის 95 წუთზე გატანილი გოლით პანამის ნაკრები 1-0 დაამარცხა.
