ცენტრისტული და ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერით ევროპარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც მიზნად ისახავს იმ მიგრანტების დაბრუნების დაჩქარებას, რომელთაც ევროკავშირში დარჩენის კანონიერი უფლება არ აქვთ.
„დაბრუნების რეგულაცია“ ათწლეულების განმავლობაში ევროკავშირის ყველაზე მკაცრი ცვლილებაა მიგრაციის პოლიტიკაში. მას საკამათოდ მიიჩნევენ, რადგან ის საშუალებას მისცემს ევროკავშირის ქვეყნებს, ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან შეთანხმების საფუძველზე შექმნან დეპორტაციის, ე.წ. დაბრუნების ცენტრები ევროგაერთიანების საზღვრებს ფარგლებს გარეთ.
ამ ჰაბებს გამოიყენებენ სატრანზიტო ობიექტებად, სადაც მიგრანტები დაელოდებიან საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებას, ან იმ ადგილებად, სადაც ისინი ვადის შეზღუდვის ან დაბრუნების გარანტიის გარეშე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დარჩებიან.
მხოლოდ თანმხლები პირების გარეშე მყოფი არასრულწლოვანები გათავისუფლდებიან ამ ზომებისგან, ბავშვიან ოჯახებს კი, სავარაუდოდ, ასეთ ჰაბებში გადაიყვანენ.
სხვა დებულებები ითვალისწინებს დაკავების უფრო ხანგრძლივ პერიოდებს, შესვლის უფრო მკაცრ აკრძალვებსა და არალეგალური მიგრანტების ადგილმდებარეობის დადგენის ახალ უფლებამოსილებებს, ასევე ე.წ. საცხოვრებელი ადგილის ან სხვა შესაბამისი შენობის ძებნის შესაძლებლობას.
ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ კანონის მიღება აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურების მიერ ჩატარებულ ცნობილ რეიდებს შეადარა.
