ბერძნულ კუნძულ ანდროსზე ხუთი მონასტრის მონახულებაა შესაძლებელი, მათ შორის ეგეოსის ზღვის აუზში უძველესის. 600 მეტრის სიმაღლეზე, გერაკონეს მთის ჩრდილოეთ კალთაზე განლაგებული ყოვლისშემძლე წმინდა პანტელეიმონის მონასტერი ციხესიმაგრეს ჰგავს და ის იქ 961 წლიდან დგას.
მონასტერში ინახება ღვთისმშობლის ხატი, რომელიც, სავარაუდოდ, წმინდა ლუკა მახარებლის ნამუშევარია და წმინდა პანტელეიმონის თავის ქალის ნაწილები.
„როდესაც აქ ჩამოვედი, მონასტერი ნანგრევებად იყო ქცეული. არც ოთახები იყო, არც სატრაპეზო და არც სამზარეულო. მადლობა ღმერთს, ბევრი ადამიანისა და ერთ-ერთი გემთმფლობელის დახმარებით, ჩვენ მოვახერხეთ მისი აღდგენა და დღეს ის ასეთი ლამაზი და მოვლილია“. - აცხადებს მამა ევდოკიმოსი.
მონასტერმა სწრაფად მიიზიდა ათასობით მომლოცველი. ის ანდროსის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ადგილი გახდა.
„ადრე მონასტერი ერთგვარი სამკურნალო ადგილიც იყო. ხალხს ძალიან უყვარდა ის. ეს იყო დაწესებულება და არა მხოლოდ ბერების სამყოფელი. ადამიანები მოდიოდნენ წმინდა პანტელეიმონის მადლის მისაღებად, მოსალოაცად და ჭრილობების მოსაშუშებლად“. - აცხადებს მამა ევდოკიმოსი.
ბოლო წლებში მონასტერი თანამედროვე ბერძნული ხელოვნების „კიდობნად“ იქცა. მისი შთამბეჭდავი, აღდგენილი კოშკი ხელოვნების გალერეად გადაკეთდა, რომელიც სულიერებასა და თანამედროვე მხატვრულ შემოქმედებას აერთიანებს. კოლექცია შედგება ბერძენი მხატვრების დაახლოებით 60 ნამუშევრისგან, რომლებიც სტილისა და მხატვრული მიდგომების ფართო სპექტრს წარმოადგენს.
„შეიძლება, ორიგინალურად ან თუნდაც გაბედულად მოგეჩვენოთ. სინამდვილეში კი ეკლესია ყოველთვის თამამი იყო, რადგან ის ყველა ეპოქაში ახერხებდა ქრისტეს სახარების სიყვარულის გავრცელებას. ბოლოს და ბოლოს, ხელოვნება და რელიგია გადაჯაჭვულია ერთმანეთთან. ისტორიის განმავლობაში რელიგიებში გამოყენებული იყო ეპოქის შესაბამისი მხატვრული ფორმები. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ დიალოგს ეკლესიას, სულიერებასა და თანამედროვე მხატვრებს შორის. ჩვენ ასევე გვსურს, რომ ამ ინიციატივით გაძლიერდეს მონასტრისა და მისი ვიზიტორების კავშირი. აქ ჩამოსულებს აქვთ შესაძლებლობა, არა მხოლოდ დაათვალიერონ ხელოვნების ნიმუშები, არამედ ესაუბრონ ბერებსაც“. - აცხადებს მამა ფილარეტოსი.
საუკუნეების წინ კოშკები მონასტრებს მეკობრეებისა და მძარცველებისგან იცავდნენ. დღეს ისინი ხელოვნების კიდობნების ფუნქციას ასრულებენდა კუნძულის კულტურულ მემკვიდრეობასა და იდენტობას ამდიდრებენ.
