კატეგორიები

რობოტები და ადამიანები - ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ევროპული ტექნოლოგია

რობოტები და ადამიანები - ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ევროპული ტექნოლოგია
ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე დაფუძნებული რობოტები ზუსტად ისე ფუთავენ, არჩევენ და ახარისხებენ ნივთებს  ონლაინ-ვაჭრობის ობიექტის საწყობში, როგორც ადამიანები. ოღონდ ერთი სხვაობა მაინც არსებობს - რობოტები საქმეს უფრო სწრაფად, ეფექტიანად და ზუსტად ასრულებენ. ამ რობოტების ავტორები ცდილობენ იმ რევოლუციის სოციალური დარტყმა გაანეიტრალონ, რომლის შეჩერებაც უკვე შეუძლებელია.

ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე მოქმედი რობოტული პლატფორმა ელექტრონული ვაჭრობის ლოგისტიკაში რევოლუციის მოხდენას აპირებს. ეს ტექნოლოგიური ნახტომი უკვე შექმნეს  ევროკავშირში და ცდიან კიდეც, როგორ მუშაობს.

ბერლინის მახლობლად მდებარე  სადისტრიბუციო ცენტრიდან ყოველ კვირა ასობით ათასი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარი თუ კოსმეტიკური ნაწარმი იგზავნება. გაგზავნისთვის ნივთების  მომზადების  პროცესი სწრაფია და ყოველმხრივ მექანიზებული, რომლის დროსაც სისწრაფე, სიზუსტე და ეფექტიანობა ყველაზე მნიშვნელოვანია.

აქ წარმოდგენილ უახლეს ტექნოლოგიებს შორის ეს ხელოვნური ინტელექტით მართული რობოტები იმიტომ ჩართეს, რომ საათში 600  ნივთი დაახარისხონ. რობოტებს შეუძლიათ, თავად განსაზღვრონ თითოეული ნივთის სახეობა, ზომა, წონა, ფორმა, შეფუთვა და გადაწყვიტონ, რა უნდა გააკეთონ.

“ეს რობოტი შეუსვენებლად მუშაობს მთელი კვირა,“ - ამბობს  ნიტინ ანამი, CEVA Logistics-ის ოპერაციების ხელმძღვანელი. „ადამიანისგან განსხვავებით, მას შესვენება არ სჭირდება. უწყვეტად მუშაობს და, ფაქტობრივად, მუდმივია. აი, ეს არის მთავარი. ჩვენი ინტერესი მაინცდამაინც ადამიანების ავტომატიკით შეცვლა არ არის. უფრო ის არის მთავარი, თუ როგორ ვაწარმოოთ მეტი უფრო იაფად და ეფექტიანად“.

ხელოვნური ინტელექტის  დახმარების გარეშე ელექტრონული ვაჭრობის ბიზნესმოდელები აღარ არის სიცოცხლისუნარიანი, ამბობენ იმ ონლაინმოდის საცალო ვაჭრობის პლატფორმის  მენეჯერები, რომელიც ამ სადისტრიბუციო ცენტრს იყენებს, როგორც ევროპის კონტინენტზე თავის ძირითად ჰაბს.

 

 “ჩვენი ელექტრონული-ვაჭრობის ბიზნესი ძალიან მერყევია,“ - განმარტავს კლაუს ლიხტენფელდი, ASOS-ის ევროკავშირის ლოგისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. „ყველამ იცის, რომ არსებობს შავი პარასკევი. მაგრამ, ამას გარდა, გაყიდვების პიკი მოდის აღდგომის, შობის დღესასწაულებზე. ამიტომ ძალიან რთულია, დაგეგმო, რამდენი მუშახელი დაგჭირდება. რობოტის უპირატესობა ის არის, რომ ის ყოველთვის ხელმისაწვდომია და მარტივად შეუძლია დაგვეხმაროს, როცა დიდი რაოდენობით საქონელია გასაგზავნი. ევროპასა და დასავლეთის ქვეყნებში ყველამ ვიცით, რომ მუშახელის რაოდენობა მცირდება, რადგან ხალხი ბერდება. მაგრამ მოთხოვნა სულაც არ იკლებს. რობოტები შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ასეთი დემოგრაფიული რისკების შერბილება“.

პრობლემის რობოტებით გადაჭრას პოლონეთის დედაქალაქში ერთი სტარტაპი ცდილობს, რომელიც დაახლოებით 140 ადამიანს ასაქმებს. ამ კომპანიის ინჟინრების მიზანია, შექმნან რობოტული ხელსაწყოები, რომლებიც შეძლებენ ნივთის შეფუთვას,  შერჩევასა და დახარისხებას უზარმაზარ საწყობში ზუსტად ისე, როგორც ამას ადამიანი გააკეთებდა. განსხვავება ისაა, რომ რობოტი ამას უფრო სწრაფად, ეფექტიანად და ზუსტად აკეთებს. აქაურმა ინჟინრებმა შეიმუშავეს ღრუბლის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი მექანიზმები, რომლებიც ეხმარება რობოტებს, რომ თითოეული ამოცანის შესრულებისას რაღაც ისწავლონ.

“როდესაც რობოტი მუშაობს, ყველა შესაძლო საზომ მონაცემს ვაგროვებთ, ყველა სენსორის ჩანაწერს ვიღებთ, თითოეული ურნის ფოტოს ვიღებთ, რომელიც კი რობოტმა შეიძლება დაინახოს,“ - ამბობს ევა მაჩიაში, Nomagic -ის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიისა და მომხმარებლის გამოცდილების შემსწავლელი დეპარტამენტის დირექტორი. „ამ მონაცემებზე დაყრდნობით ვხვეწავთ რობოტის სწავლის მოდელს და ვარგებთ ახალ ამოცანებს. რობოტს შეუძლია ადაპტაცია ახალ ნივთთან, რომელიც პირველად დაინახა და ასევე ადაპტაცია სხვადასხვა ფორმისა და ზომის ნივთებთან. რობოტს შესაძლოა ჰქონდეს სამი, ოთხი ან ხუთი განსხვავებული ხელსაწყო, რომელთა საშუალებითაც შეუძლია სულ პატარა, მაგალითად, ორსანტიმეტრიანი ნივთიც აიღოს, ან ძალიან დიდი -  ხუთ კილოგრამიანი. ეს რობოტი დიდია და დატვირთვის პოტენციალიც ძალიან დიდი აქვს, რათა მომავალში  10-15-კილოგრამიანი ნივთების აღება შეძლოს. მთავარია, სწორი ინსტრუმენტები და გასამართი სისტემა შეიქმნას“.

ერთ-ერთი ტექნლოგიური პრობლემაა ისეთი იდეალური „რობოტი ხელების“ შექმნა, რომელიც ყველაფერს აიღებს, იქნება ეს პლასტმასის შესაფუთი მასალები თუ ფეხსაცმლის ყუთები.

მათეუშ კაროლაკი, Nomagic-ის მექატრონიქსის ინჟინერ-დიზაინერი

„ფეხსაცმლის ყუთს აქვს სახურავი, ფსკერი და შიგ მოთავსებულია ნივთი,“ - განმარტავს მათეუშ კაროლაკი, Nomagic-ის მექატრონიქსის ინჟინერ-დიზაინერი. „და მხოლოდ თავსახურს რომ მოეჭიდოს, მაგალითად, ეს არ ჩაითვლება წარმატებად. მთლიანი ყუთი უნდა აიღოს, რათა დარწმუნდე, რომ ყუთი არ დაიშლება“.

ამ სტარტაპის ანგარიშის მიხედვით, ბოლო რამდენიმე წელიწადში კომპანიამ გაასამმაგა ბიზნესის მოცულობაცა და მომხმარებელთა რაოდენობაც - მათ შორის მსხვილი საცალო მოვაჭრეებისაც. 2025 წელს ამ კომპანიაში დაახლოებით 50 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩაიდო ხელოვნური ინტელექტის ინოვაციის დასანერგად რობოტებში.

რობოტების გამომგონებლებიც და საბოლოო მომხმარებლებიც ირწმუნებიან, რომ აკვირდებიან, რა სოციალური გავლენა აქვს ხელოვნური ინტელექტის განვითარებას ელექტრონული ვაჭრობის ლოგისტიკაზე.

“რობოტს მაინც სჭირდება შეკეთება,“ - ამბობს კასპერ ნოვიცკი, Nomagic-ის აღმასრულებელი დირექტორი. „ჩვენ მომხმარებელთან ერთად ვმუშაობთ, რათა ვასწავლოთ მათ თანამშრომლებს მოხმარების წესები. იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც თანამშრომლები ამაყობდნენ, რომ ასეთ განვითარებულ ტექნოლოგიურ გარემოში მუშაობდნენ და არ უწევდათ ხელით შეესრულებინათ უამრავი საქმე“.

“საწყობი ადამიანის გარეშე ვერ იმუშავებს,“ - განმარტავს კლაუს ლიხტენფელდი, ASOS-ის ევროკავშირის ლოგისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. „ასე არაფერი გამოვა. ყოველთვის საჭირო იქნება ადამიანის დახმარება საწყობში.“

“ჩვენ ადამიანის რობოტით შეცვლას არ ვისახავთ მიზნად. უფრო ჰარმონიული გარემოს შექმნა და წინსვლა გვინდა“, - დასკვნის სახით ამბობს ნიტინ ანამი, CEVA Logistics-ის ოპერაციების ხელმძღვანელი.

ავტორი: ხულიან გომესი

დაკავშირებული ამბები
რობოტები და ადამიანები - ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ევროპული ტექნოლოგია დედამიწაზე დაკვირვების მსოფლიო ლიდერი ევროპაშია დამზადებული - მცირე ზომის ფინური თანამგზავრი ყველაფერს ხედავს