კვირპოსის მიგრაციის მინისტრმა ნიკოლას იოანიდესმა Nicholas Ioannides „ევრონიუსს“ განუცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ბრიუსელმა ახალი კანონი მიიღო მესამე ქვეყნებში დეპორტაციის ცენტრების დაფუძნების შესახებ, ევროკავშირის ქვეყნები „უფრო ხელშესახებ ზომებს“ მიიღებენ იმ მიგრანტების ფუნდამენტური უფლებების დასაცავად, რომელთაც თავშესაფარზე უარი ეთქვათ.
მარედ გვინ ჯონსი, ევრონიუსი: „ევროკავშირმა სულ ცოტა ხნის წინ მიაღწია შეთანხმებას ახალი წესების შესახებ, რომლებიც დააჩქარებს იმ მიგრანტების უკან დაბრუნებას, რომელთაც ევროკავშირში ლეგალურად ყოფნის უფლება არ აქვთ. ზოგი იტყვის, რომ ეს ევროკავშირის საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებისკენ გადადგმული ყველაზე სერიოზული ცვლილებაა ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში. როდის ელოდებით ამ ცვლილების შედეგებს? რადგან როგორც ვიცით, ამჟამად იმ მიგრანტებიდან, რომლებსაც უკან დაბრუნება მოთხოვეს, საშუალოდ 27% ბრუნდება საკუთარ ქვეყანაში“.
ნიკოლას იოანიდესი, კვიპროსის მიგრაციისა და საერთაშორისო დაცვის მინისტრის მოადგილე: „რა თქმა უნდა, ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე საკითხია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ჩვენი, ევროპელი მოქალაქეებისთვის. ამიტომ გვინდა მოლაპარაკებების დასრულება ევროპარლამენტთან და ევროკომისიასთან, რათა შევქმნათ ახალი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც უკან დაბრუნებულთა რაოდენობის უფრო სწრაფად ზრდას შეუწყობდა ხელს. იმიტომ, რომ, როგორც თავად აღნიშნეთ, დაბრუნების მაჩვენებლები დაბალია და მნიშვნელოვანია, გვქონდეს ეფექტიანი სისტემა, რათა მთლიანად ევროპის მიგრაციის პოლიტიკამ ნორმალურად იმუშაოს. ამიტომ გვჯერა, რომ რეგულაცია დაბრუნების შესახებ, რომელიც აკლდა მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ევროკავშირის პაქტს და რომელზეც ახლახან შევთანხმდით, ხელს შეუწყობს ჩვენი მიგრაციის პოლიტიკის ეფექტიანობას“.
მარედ გვინ ჯონსი, ევრონიუსი: „მოდი, დეტალურად განვიხილოთ ეს საკითხი, რადგან ჩვენი მაყურებელი შესაძლოა ცოტათი დაიბნა. ამ რეგულაციის მიზანია, შექმნას გარანტია, რომ ის ადამიანები, რომელთაც წასვლა მოთხოვეს, რადგან არ აქვთ დარჩენის კანონიერი უფლება, და რომელთაც არ მისცეს თავშესაფარი, საკუთარ ქვეყნებში დაბრუნდებიან. მაგრამ პრობლემა ხომ ხშირად სწორედ ის არის, რომ მათი საკუთარი ქვეყნები არ იღებენ ამ მიგრანტებს უკან? თუ მართლაც ასეა, როგორ მოაგვარებს ახალი წესები ამ საკითხს?“
ნიკოლას იოანიდესი, კვიპროსის მიგრაციისა და საერთაშორისო დაცვის მინისტრის მოადგილე: „ეს პრობლემის ერთი ნაწილია. კერძოდ, ის, რომ ქვეყნები არ იღებენ უკან საკუთარ მოქალაქეებს. პრობლემის მეორე მხარე ის არის, რომ მესამე ქვეყნის მოქალაქეები არ თანამშრომლობენ წევრ სახელმწიფოებთან, რათა მათი რეპატრიაცია მოხდეს. ამიტომ ახალი რეგულაცია გვთავაზობს ისეთ ზომებს, რომლებიც აიძულებს ადამიანებს, ითანამშრომლონ წევრ სახელმწიფოებთან. მაგალითად, ამოქმედდება ძალიან მკაცრი შემაკავებელი წესები და უფრო დიდი ხნით აეკრძალებათ ქვეყანაში შესვლა, რაც საბოლოოდ აიძულებს მესამე ქვეყნის წარმომადგენლებს, რომ ითანამშრომლონ წევრ სახელმწიფოებთან და დათანხმდნენ რეპატრიაციას. რაც შეეხება იმ მესამე ქვეყნებს, რომლებიც არ იღებენ საკუთარ მოქალაქეებს, ისეთი ტიპის ზომების მიღება განიხილება, როგორებიცაა, მაგალითად, სავაჭრო ხელშეკრულებების ან სავიზო რეჟიმის მეშვეობით მოქმედება, რათა ვაიძულოთ ეს ქვეყნები, რომ ჩვენთან ითანამშრომლონ, რათა დაბრუნების მაჩვენებელი გაუმჯობესდეს“.
მარედ გვინ ჯონსი, ევრონიუსი: „ამ ყველაფრის ცენტრში, რა თქმა უნდა, დაბრუნების ახალი ჰაბები დგას. საუბარია ცენტრებზე, რომლებიც ევროკავშირს შეუძლია შექმნას საკუთარი საზღვრების მიღმა იმ ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელსაც ამა თუ იმ ქვეყანასთან დადებენ. და ნებისმიერი მიგრანტი, რომელსაც თავშესაფარზე უარს ეტყვიან, შესაძლოა, იქ გაიგზავნოს. ხომ არ არსებობს რისკი იმისა, რომ ეს ხალხი შესაძლოა გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, მაგალითად, თუკი მათი ქვეყანა უარს ეტყვით მიღებაზე?“
ნიკოლას იოანიდესი, კვიპროსის მიგრაციისა და საერთაშორისო დაცვის მინისტრის მოადგილე: „რასაკვირველია, მთავარი საკითხი, რომლის მოგვარებასაც ვცდილობდით, ის არის, რომ მესამე ქვეყნების მოქალაქეებს არ აქვთ ევროკავშირში ყოფნის ლეგალური უფლება. ამიტომ ისინი უნდა წავიდნენ. თუკი ისინი არ ითანამშრომლებენ ჩვენთან, ან მათი წარმოშობის ქვეყანა არ მიიღებს ამ ხალხს უკან, მაშინ გამოსავალი უნდა მოვძებნოთ. და ეს გამოსავალი არის დაბრუნების ცენტრები. და ერთი რამ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის, როგორც წევრი სახელმწიფოების, ისე ევროკომისიისთვის, ის არის, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული“.
მარედ გვინ ჯონსი, ევრონიუსი: „რა იქნება ამის გარანტია?“
ნიკოლას იოანიდესი, კვიპროსის მიგრაციისა და საერთაშორისო დაცვის მინისტრის მოადგილე: „ასეთი გარანტიის შექმნის ერთ-ერთი საშუალება არის საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა, როგორებიცაა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი UNHCR და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (International Organisation for Migration). და, რა თქმა უნდა, ჩვენ დავაკვირდებით ვითარებას. ჩვენ ამ ხალხის დასჯა არ გვინდა. უბრალოდ გვსურს, დავრწმუნდეთ, რომ ვისაც არ აქვს ევროკავშირში დარჩენის უფლება, წავა და ჩვენ დავიცავთ თავშესაფრის გაცემის ჩვენს სისტემას, რომ ის ბოროტად არ გამოიყენონ“.
მარედ გვინ ჯონსი, ევრონიუსი: „თუ მოხდა ისე, რომ ამ დაბრუნების ცენტრებში არ დაიცვეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, მაშინ რა დაემართება ამ ხალხს?“
ნიკოლას იოანიდესი, კვიპროსის მიგრაციისა და საერთაშორისო დაცვის მინისტრის მოადგილე: „წევრ ქვეყნებსა და მესამე ქვეყნებს შორის, რომლებიც ამ ცენტრებს უმასპინძლებენ, დაიდება შეთანხმებები, რომლებშიც ჩაიდება გარანტიები. ეს გარანტიები დეტალურად განმარტავს, თუ რა მოხდება, თუკი იქ ადამიანის უფლებები დაირღვევა. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში არ არსებობს ხელშესახები შედეგები. ჯერ ახლა დავიწყეთ ამ იდეის განხილვა. მაგრამ რაკი რეგულაციაზე უკვე შეთანხმდნენ, ახლა უფრო ჩავუღრმავდებით ამ საკითხის შესწავლას, რათა უფრო ხელშესახები ზომები მივიღოთ“.
მარედ გვინ ჯონსი, ევრონიუსი: „საქმე ისაა, რომ ეს ყველაფერი ბავშვებსაც ეხება. უმეთვალყურეოდ დარჩენილი ბავშვი გამონაკლისს წარმოადგენს, მაგრამ, თუკი ბავშვი ოჯახთან ერთად იქნება, მასაც დაბრუნების ცენტრებში გაგზავნიან. ამ არასრულწლოვნებს, რასაკვირველია, ვერ დაადანაშაულებ იმის გამო, რომ უკანონი მიგრანტები არიან. ისინი ხომ არ არიან სრულწლოვნები, ოჯახებთან ერთად ცხოვრობენ და მაინც, მათ ამ ბანაკებში აგზავნიან. არ გადარდებთ მათი უსაფრთხოება და კეთილდღეობა?“
ნიკოლას იოანიდესი, კვიპროსის მიგრაციისა და საერთაშორისო დაცვის მინისტრის მოადგილე: „უკვე აღვნიშნე, რომ ადამიანის უფლებების დაცვა ყველასთვის წითელი ხაზია. ჩვენ არ გვინდა, რომ ევროკავშირის ან საერთაშორისო სამართალი რამენაირად დაირღვეს. მაგრამ ამავე დროს, ბალანსი უნდა დაიცვა უკანონო ყოფნასა და ადამიანის უფლებების დაცვას შორის. ამიტომ სანამ ოჯახს ასეთი დაბრუნების ცენტრში გაგზავნიან, მის საქმეს ყოველი შესაბამისი კუთხით შევისწავლით. აქედან ერთ-ერთია ბავშვის ინტერესების საუკეთესოდ დაცვა. ამიტომ ყველა ასეთი ფაქტორი გათვალისწინებული იქნება, სანამ ოჯახის დაბრუნების ცენტრში გაგზავნას გადაწყვეტენ“.
მარედ გვინ ჯონსი, ევრონიუსი: „რას ეტყოდით კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ უკანონო მიგრაციაზე ყურადღების ასეთი გამახვილების გამო ევროკავშირი ზნეობრივ კომპასს კარგავს?“
ნიკოლას იოანიდესი, კვიპროსის მიგრაციისა და საერთაშორისო დაცვის მინისტრის მოადგილე: „არ დავეთანხმებოდი მათ, რადგან ეს არ არის მხოლოდ უკანონო მიგრაციის პრობლემა. ფაქტია, რომ ევროკავშირის ახალ პაქტში მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ჩადებული რამდენიმე დებულება პიროვნების უფრო მასშტაბურ დაცვას უზრუნველყოფს. ასეთია დებულება კანონიერი კონსულტაციის მიღების და ადამიანის უფლებების მონიტორინგის შესახებ. გარდა ამისა, პარალელურად ვმუშაობდით მიგრაციის კანონიერი გზების შექმნაზეც ისეთი კონცეფციების მეშვეობით, როგორებიცაა „ევროკავშირის ნიჭიერი კადრების ფონდი“ (EU Talent Pool) და ჩვენი სავიზო პოლიტიკა. ჩვენ გვინდა ლეგალური გზების გახსნა და გვჯერა, რომ ამის საშუალებით მოვაგვარებთ უკანონო მიგრაციის პრობლემას, რომელსაც კრიმინალური კონტრაბანდული ქსელი უწყობს ხელს, რადგან სწორედ ეს არის მთავარი პრობლემა“.
მარედ გვინ ჯონსი, ევრონიუსი: „მოკლედ რომ მითხრათ დაბრუნების ცენტრებზე, სანამ სხვა საკითხებზე გადავალთ, კვიპროსის მთავრობა თუ აპირებს ასეთი ცენტრების შექმნას?“
ნიკოლას იოანიდესი, კვიპროსის მიგრაციისა და საერთაშორისო დაცვის მინისტრის მოადგილე: „ამაზე ჯერ არ გვიმსჯელია. რა თქმა უნდა, აქამდე არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. ევროკავშირის შიგნით მიმდინარეობდა გარკვეული დისკუსია წევრ ქვეყნებს შორის. და ახლა, როცა უკვე გვაქვს სამართლებრივი საფუძველი, რასაკვირველია, დაინტერესებული ვართ სხვა წევრ სახელმწიფოებთან დისკუსიებით, რათა ვიპოვოთ გამოსავალი და აღვასრულოთ ეს დებულებები“.
მარედ გვინ ჯონსი, ევრონიუსი: „როგორც ვიცით, ხუთმა წევრმა სახელმწიფომ უკვე გააკეთა განცხადება, რომ გამოიკვლევენ ამ საკითხს, მათ შორის არიან ნიდერლანდები, დანია, გერმანია, საბერძნეთი და ავსტრია. მაინც რომელი ქვეყნები შეიძლება იყვნენ სავარაუდო პარტნიორები, თქვენი აზრით? საქმე ისაა, რომ საუბარია ისეთ ქვეყნებზე, რომელთაც გარკვეული დემოკრატიული სტანდარტები უნდა ჰქონდეთ. თანაც ამ უარყოფილი თავშესაფრის მაძიებლების მიღების სურვილიც უნდა ჰქონდეთ. მაინც ვის ხედავთ, როგორც პოტენციურ პარტნიორს ამ კუთხით?“
ნიკოლას იოანიდესი, კვიპროსის მიგრაციისა და საერთაშორისო დაცვის მინისტრის მოადგილე: „მე არ შემიძლია კონკრეტული ქვეყნების დასახელება, მაგრამ თქვენ მიერ აღწერილი მახასიათებლები ზუსტად შეესაბამება რეგულაციის მოთხოვნებს, რომ ქვეყნები, სადაც დაბრუნების ცენტრები შეიქმნება, ადამიანის უფლებებს უნდა იცავდნენ. სწორედ ასეთი კრიტერიუმებია გაწერილი რეგულაციაში“.
მარედ გვინ ჯონსი, ევრონიუსი: „მინდა, კვიპროსში შექმნილ ვითარებაზე გკითხოთ. მას შეიძლება წინახაზზე მყოფი ქვეყანაც კი ვუწოდოთ მიგრაციასთან დაკავშირებით. რამდენად გაფიქრებთ ახლო აღმოსავლეთში შექმნილი გარემოება და, სავრაუდოდ, როგორ აისახება ის მიგრაციის ნაკადზე, განსაკუთრებით ლიბანში არსებული მდგომარეობა?“
ნიკოლას იოანიდესი, კვიპროსის მიგრაციისა და საერთაშორისო დაცვის მინისტრის მოადგილე: „კვიპროსი მართლაც ფრონტის წინა ხაზზე მდგარი წევრი სახელმწიფოა, რომელმაც უზარმაზარი მიგრაციული ნაკადი მიიღო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. სწორედ ამიტომ შეიმუშავა ჩვენმა მთავრობამ მკაცრი ზომები, რათა უკანონო მიგრაცია ჩაეცხრო. და მოვახერხეთ კიდეც. უკანონო მიგრაციის ნაკადი ბოლო სამი წლის განმავლობაში თითქმის 90%-ით შევამცირეთ. მაგრამ, როგორც თავად აღნიშნეთ, ჩვენ მშფოთვარე რეგიონს ვეკუთვნით, ამიტომ ყოველთვის ფხიზლად ვართ, რომ რეგიონში ლტოლვილთა ახალი კრიზისი არ დაიწყოს. და, სამწუხაროდ, მოხდა კონფლიქტები ირანსა და ლიბანში. ჯერჯერობით მიგრაციული ნაკადები არ წარმოქმნილა. ჩვენ არ მიგვიღია მიგრანტები ამ რეგიონებიდან. ნებისმიერ შემთხვევაში, ახალ პაქტში მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ გაწერილია ასეთი კრიზისის მართვის ზომებიც. პირველად გვაქვს ასეთი ყოვლისმომცველი საკანონმდებლო ჩარჩო ამ მტკივნეული საკითხის მოსაგვარებლად“.
მარედ გვინ ჯონსი, ევრონიუსი: „და ბოლოს, ბატონო მინისტრო, სანამ დავასრულებთ საუბარს, ამჟამად მიმდინარეობს დისკუსია და ვიცი, რომ თქვენც იმსჯელებთ ამ საკითხზე თქვენს კოლეგებთან ევროკავშირის დონეზე, უნდა განაგრძოს თუ არა ევროკავშირმა უკრაინელი მამაკაცების დროებით დაცვა, იმ ახალგაზრდა მამაკაცებისა, რომლებიც სამხედრო სამსახურში გაწვევის ასაკს უახლოვდებიან. უნდა შევიდეს თუ არა ცვლილება ამ კანონში, თქვენი აზრით, რადგან გერმანიის კანცლერი მერცი, მაგალითად, ამისკენ მოუწოდებს, რათა არ მოხდეს ისე, რომ ჯარში გაწვევის ასაკს მიახლოებულმა ახალგაზრდა მამაკაცებმა დატოვონ უკრაინა?
ნიკოლას იოანიდესი, კვიპროსის მიგრაციისა და საერთაშორისო დაცვის მინისტრის მოადგილე: „უკრაინელი მოქალაქეების დაცვა 2027 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდა. მაგრამ, რასაკვირველია, მომავალზე უნდა ვიმსჯელოთ, როგორც თავად ბრძანეთ და სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებთ ლუქსემბურგში, როდესაც წევრ სახელმწიფოებს მოვუსმენთ და გავიგებთ, რა აწუხებთ, როგორია მათი ხედვა და ევროკომისიასთან ერთად ვიმსჯელებთ, როგორ წავიდეთ წინ. ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიგვიღია და ევროპული საბჭოსთვის ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ მოსაზრებები გავცვალოთ და როგორმე გადავწყვიტოთ, რა გზით წავალთ ამ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. თუმცა ჩვენ ისევ მხარს ვუჭერთ უკრაინას. არაფერი შეცვლილა ამ მხრივ. მაგრამ, ამავდროულად, უნდა გავარკვიოთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს წლებში“.
ავტორი: მარედ გვინ ჯონსი
