კატეგორიები

„ცინიკური პროვოკაცია“ - ვარშავა უკრაინის საკითხზე პუტინის განცხადებას პასუხობს

„ცინიკური პროვოკაცია“ - ვარშავა უკრაინის საკითხზე პუტინის განცხადებას პასუხობს

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით პასუხობს ვლადიმერ პუტინის სიტყვებს, რომელთა მიხედვითაც, რუსეთის პრეზიდენტმა დარწმუნებით თქვა, რომ მომავალში უკრაინას მეზობელი სახელმწიფოები დაანაწევრებენ და კიევი „ადრე თუ გვიან დაკარგავს დასავლეთით მდებარე მიწებს“, ამ პროცესში კი ჩართული იქნება ვარშავაც.

„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ვლადიმირ პუტინის ცრუ განცხადებებს უკრაინის თითქოსდა დანაწილებისა და ამაში პოლონეთის სავარაუდო მონაწილეობის შესახებ. ეს არის მოკავშირეებს შორის განხეთქილების დათესვის ცინიკური მცდელობა. პოლონეთს არასოდეს ჰქონია, არ აქვს და არც არასოდეს ექნება რაიმე ტერიტორიული პრეტენზია უკრაინის მიმართ.

ჩვენი პოზიცია უცვლელია: ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთის დეზინფორმაცია ვერ გადაიტანს ყურადღებას მოსკოვის სასტიკი აგრესიისგან“, - ნათქვამია პოლონეთის დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პუტინის მტკიცებით, ის ტერიტორიები, რომლებიც ახლა დასავლეთ უკრაინის შემადგენლობაშია და მათ შორის არის ქალაქი ლვივი, იყო, არც მეტი არც ნაკლები, „სტალინის საჩუქარი“, რომელმაც მიწები არა უკრაინას, არამედ „ერთიან სამოკავშირეო სახელმწიფოს გადასცა“.

მისივე მტკიცებით, „ერთ, ორ, ათ ან თხუთმეტ წელიწადში ყველაფერი ისტორიულად, თავის ადგილს დაუბრუნდება“.

პოლონური მხარის ვერსიით, მოსკოვს აქვს მცდელობა, მეტი ესკალაცია შეძინოს კიევსა და ვარშავას შორის ბოლო პერიოდში გაჩენილ გარკვეულ დიპლომატიურ უთანხმოებას, რომელიც სხვადასხვა საკითხით არის გამოწვეული და ნათელია არამხოლოდ ამ ორი მხარისთვის, არამედ დასავლეთისთვისაც.

რუსული სახელმწიფო მედია პერიოდულად ავრცელებს პროპაგანდისტულ ნარატივს, რომლის თანახმადაც, ვარშავას სურს, უკრაინული ქალაქი ლვივი პოლონეთის შემადგენლობაში შეიყვანოს.

დასავლელი პოლიტიკოსების პოზიციით, ნებისმიერი უთანხმოება ხელსაყრელია კრემლისთვის, რომელიც პერიოდულად ცდილობს, პარტნიორ, მოკავშირე სახელმწიფოები ერთმანეთს გადაკიდოს, მათ შორის ისტორიული წარსულის დამახინჯებით.

დაკავშირებული ამბები
„ცინიკური პროვოკაცია“ - ვარშავა უკრაინის საკითხზე პუტინის განცხადებას პასუხობს კიევის გადაწყვეტილებამ ევროპარლამენტის კრიტიკა და ვარშავის უკმაყოფილება გამოიწვია