ისრაელის სამხედრო ძალებმა ბეირუთში „ჰეზბოლას“ სტრატეგიულ ობიექტებზე ავიაიერიშები მიიტანეს. თავდასხმამ შესაძლოა დამატებითი სირთულეები შეუქმნას დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ომის დასრულების შეთანხმების მიღწევისკენ არის მიმართული.
სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ინფორმაციით, ლიბანის დედაქალაქში აფეთქებების შემდეგ ნანგრევებიდან სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, დაშავებულია ექვსი მოაქალაქე. იერიშის სამიზნე ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი იყო, რომლის პირველ სართულებზე კომერციული ობიექტები იყო განთავსებული. ყველაზე მძიმე დაზიანება შენობის ქვედა ორ სართულს მიადგა.
ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ, კვლავ მოუწიათ უსაფრთხო ადგილებში გადასვლა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, დარტყმა „ჰეზბოლას“ მიერ ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით მიტანილ იერიშს მოჰყვა. ისრაელის სამხედროების ცნობით, ლიბანიდან სამი რაკეტა გაუშვეს, რის შემდეგაც საპასუხო ოპერაცია დაიწყო.
ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა, ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ისრაელი საკუთარ ტერიტორიაზე თავდასხმებს არ შეეგუება. სამხედრო უწყებამ მოსახლეობა უახლოეს საათებში ახალი სარაკეტო თავდასხმების შესახებ გააფრთხილა.
საერთაშორისო შუამავლები რეგიონში ცეცხლის შეწყვეტისა და ფართომასშტაბიანი კონფლიქტის დასრულების შეთანხმებაზე მუშაობენ. ირანი ითხოვდა, რომ ნებისმიერი შეთანხმება ლიბანში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებსაც შეხებოდა, თუმცა ისრაელის მიერ ბეირუთზე მიტანილმა ბოლო იერიშებმა მოლაპარაკებების პერსპექტივა კიდევ უფრო გაართულა.
