კატეგორიები

აშშ-მა ირანის სამხრეთზე იერიშები მიიტანა, თეირანი ჰორმუზის სრუტის „სრულად ჩაკეტვას“ აცხადებს

აშშ-მა ირანის სამხრეთზე იერიშები მიიტანა, თეირანი ჰორმუზის სრუტის „სრულად ჩაკეტვას“ აცხადებს
დიპლომატია, რომელსაც ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულებისთვის ხელი უნდა შეეწყო, ჩიხში შევიდა და რეგიონში საბრძოლო მოქმედებები ისევ განახლდა.

დონალდ ტრამპის მუქარის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა, მათ შორის „ტომაჰავკების“ ტიპის რაკეტებით ძლიერი დარტყმები მიიტანეს ირანის სხვადასხვა ქალაქში არსებულ სტრატეგიულ ობიექტებზე, შეუტიეს კავშირგაბმულობისა და საჰაერო თავდაცვით სისტემებს, ასევე თეირანისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ბანდარ-აბასსა და მინაბს.

ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკულმა სამხედრო ძალებმა გამოიყენეს „მაღალი სიზუსტის შეიარაღება იმ ირანულ სამიზნეებზე, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენდნენ როგორც ამერიკული ჯარებისთვის, ისე რეგიონული წყლების გავლით მოძრავი საერთაშორისო სავაჭრო ხომალდებისთვის“.

აშშ-ის ომის მდივნის, პიტ ჰეგსეტის თქმით, თუკი იქნება პრეზიდენტ ტრამპის ნება და შესაბამისი საჭიროება, ვაშინგტონი მოლაპარაკებებს „ბომბების დახმარებით აწარმოებს“, რაც, მისივე თქმით, „ძალიან კარგად გამოსდით“.

„პრეზიდენტი ტრამპი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, დაუბრუნდეს ომს, თუმცა ირანს ამ შეთანხმების გაფორმებისთვის საშუალება მისცა. მათ ასეთი შანსი აქვთ, ისინი კი თამაშებს ამჯობინებენ...

მსოფლიოში არავინაა ჩვენზე უკეთესი. ჩვენ თეთრ სახლთან და მომლაპარაკებელთა გუნდთან შეთანხმებულად ვმოქმედებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ ვაყენებთ პირობებს“, - განაცხადა აშშ-ის ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა.

ვაშინგტონის ქმედებებზე საპასუხოდ, თეირანმა განაცხადა, რომ იერიშები მიიტანა ბაჰრეინსა და ქუვეითში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებზე. ორივე ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დაიხურა საჰაერო სივრცე და გამოცხადდა განგაში, მოსახლეობას კი ბომბსაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ირანული სახელმწიფო მედიის თანახმად, ისლამური ქვეყნის არმიის სამიზნეებად იქცა ბაჰრეინში განლაგებული ამერიკული მეხუთე ფლოტის საკომუნიკაციო ანძები და რადიოლოკაციური სადგურები.

თეირანმა სხვა ნაბიჯებსაც მიმართა და გამოაცხადა ჰორმუზის სრუტის „სრულად ჩაკეტვის“ შესახებ, ხოლო საზღვაო მარშრუტის გავლის მცდელობისას ორ ხომალდს დაარტყა და დაიმუქრა, რომ იერიშების სამიზნედ იქცევა ყველა, ვინც ეცდება სრუტის გადაკვეთას.

„ხატამ ალ-ანბიას ცენტრალურმა შტაბმა განაცხადა: დამნაშავე ამერიკის მტრული მოქმედებების გაგრძელებასა და ხორმოზგანის პროვინციის სამხრეთის ზოგიერთ რეგიონზე სამხედრო აგრესორების მხრიდან თავდასხმების დაწყებასთან დაკავშირებით, ჰორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ ცხადდება დახურულად ყველა ტიპის ხომალდისთვის, მათ შორის ნავთობტანკერებისა და სავაჭრო გემებისთვის, სრუტის გავლით ნებისმიერი გადაადგილება დანიშნულებისამებრ იქნება დევნილი“, - ნათქვამია ირანის სახელმწიფო მაუწყებლის ეთერში გამოცხადებულ ინფორმაციაში.

ამ ცნობებს არ ადასტურებს ამერიკული მხარე და აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეს თეირანი ვერ აკონტროლებს.

მიუხედავად ამ ურთიერთბრალდებებისა, საერთაშორისო ბაზარზე მყისიერად აისახა ნედლეულის გაძვირება და Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი კვლავ თითქმის 100 ამერიკულ დოლარს მიუახლოვდა.

10 ივნისს დონალდ ტრამპმა მედიას ჯერ განუცხადა, რომ ვაშინგტონი და თეირანი შეთანხმებასთან „ძალიან ახლოს არიან“ და, შესაძლოა, დოკუმენტს ხელი „ერთ ან ორ დღეში მოეწეროს“, რამდენიმე საათში კი თქვა, რომ ისლამური ქვეყანა პროცესს განზრახ აჭიანურებს და განაგრძობს ამერიკული მხარის მოტყუებას, ხოლო ჰორმუზის სრუტის თავზე ვერტმფრენის ჩამოგდების გამო, ტრამპის თქმით, საბრძოლო მოქმედებების განახლება სრულად სამართლიანი პასუხი იქნებოდა.

დაკავშირებული ამბები
აშშ-მა ირანის სამხრეთზე იერიშები მიიტანა, თეირანი ჰორმუზის სრუტის „სრულად ჩაკეტვას“ აცხადებს გაეროში ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტის შესახებ გამოაცხადეს