ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული და მასშტაბური ტურნირი, მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. 2026 წლის ჩემპიონატზე მთავარ ფავორიტებად მოქმედი ჩემპიონი არგენტინა, საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია, ბრაზილია და ინგლისი ითვლებიან.
ევრონიუსი ამ ნაკრებების ლეგენდარულ ფეხბურთელებს ესაუბრა. მათ ჩემპიონატთან დაკავშირებით თავიანთი პროგნოზი გააზიარეს. საფრანგეთის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, რობერ პირესს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი 1998 წელს გახდა, მიაჩნია, რომ საფრანგეთს ძლიერი გუნდი ჰყავს, რომელსაც მუნდიალზე ბევრის მიღწევა შეუძლია.
„მე ჩემი გუნდის მჯერა. შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს. კოლექტივი ძალიან კარგია, ძალიან ძლიერი მოთამაშეები გვყავს, მაგალითად, დემბელე, მბაპე, ოლისე, შერკი. ასე რომ, ახლა მოედანზე ჩვენი თამაშითა და წესებით უნდა ვითამაშოთ, თავგანწირვით, დისციპლინით, მოწინააღმდეგის პატივისცემით. მთავარი მწვრთნელის, დიდიე დეშამის მჯერა, რომ ის ჯგუფს სწორად მოამზადებს“, - ამბობს 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული, რობერ პირესი.
ევრონიუსი ასევე ესაუბრა არგენტინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, ხუან პაბლო სორინს, რომელსაც „ალბისელესტეს“ შემადგენლობაში 75 მატჩი აქვს ჩატარებული. სორინს მიაჩნია, რომ, სირთულის მიუხედავად, მოქმედ ჩემპიონებს ტიტულის დაცვა შეუძლიათ.
„არგენტინა ერთ-ერთი ფავორიტია. ისინი ტიტულის დასაცავად მოდიან, ეს ადვილი არ იქნება. ჩვენ ისეთ ჯგუფში მოვხვდით, რომელიც დაძლევადია, თუმცა რთული იქნება. რაც შეეხება სხვა ფავორიტებს, ამ ეტაპზე საფრანგეთს, ესპანეთსა და პორტუგალიას გამოვარჩევდი. მათ უკან მოსდევთ ინგლისი, ბრაზილია, ურუგვაი და, რა თქმა უნდა, გერმანია. შემდეგ კი, იმედია, კოლუმბიასაც და ეკვადორსაც შესანიშნავი ჩემპიონატი ექნებათ“, - ამბობს ხუან პაბლო სორინი, არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი.
კიდევრ ერთ ყოფილ მსოფლიო ჩემპიონს იტალიელ მარკო მატერაცის, რომლის იტალიის ნაკრებმაც მსოფლიო ჩემპიონატზე გასვა ზედიზემდ მესამედ ვერ შეძლო, მიაჩნია, რომ მიმდინარე მუნდიალზე შესაძლოა გულშემატკივარმა სიურპრიზებიც იხილოს.
„შესაძლოა, არგენტინა, რადგან მათ გასული მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს. მაგრამ ასევე პორტუგალია და ესპანეთი. ისინი ძალიან ძლიერი გუნდები არიან. ასევე მაროკო, შესაძლოა, ის სიურპრიზიც გამოდგეს“, - 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული, მარკო მატერაცი.
2026 წლის მუნდიალს 11 ივნისს სახელგანთქმულ "აცტეკაზე" მასპინძელი მექსიკისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებების შეხვედრა გახსნის, რაც 2010 წლის სამხრეთ აფრიკაში გამართული მუნდიალის გახსნითი მატჩის გამეორებაა.
