აშშ-ის მიერ დაწესებული ბოლოდროინდელი სანქციები კუბის მოქმედი პრეზიდენტის, მისი ოჯახისა და მასთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ, ასევე ფედერალური პროკურატურის მხრიდან წარდგენილი ბრალდება ექსპრეზიდენტ რაულ კასტროსთვის არის ტრამპის ადმინისტრაციის საბაბი, დაარწმუნოს ამერიკელი ხალხი, მხარი დაუჭიროს კუნძულოვან ქვეყანაში სამხედრო ინტერვენციას - ასეთია შეერთებულ შტატებში კუბელი დიპლომატის მოსაზრება, რომელიც მან Associated Press-თან ინტერვიუს დროს დააფიქსირა.
სააგენტოსთან საუბრისას, ელჩმა ლიანის ტორეს რივერამ გაიმეორა კომუნისტური მმართველობიდან სხვა კუბელი პოლიტიკური მაღალჩინოსნების ბრალდებები დონალდ ტრამპის კაბინეტის მისამართით, მკაცრად გააკრიტიკა ვაშინგტონის პოლიტიკა და თეთრი სახლი დაადანაშაულა კუბის მშვიდობიანი მოსახლეობის დევნაში, მრავალწლიანი ეკონომიკური ბლოკადით, ახლა კი უკვე მიზანმიმართულად ენერგოკრიზისის შექმნით.
შეერთებულ შტატებში კუნძულოვანი ქვეყნის დროებითმა სპეციალურმა წარმომადგენელმა კუბაში არსებულ ვითარებას უწოდა „ომი ბომბების გარეშე“ და დასძინა, რომ ჰავანა არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს ვაშინგტონისთვის და არ სურს კონფრონტაცია.
თავად ექსპრეზიდენტ რაულ კასტროზე საუბრისას, დიპლომატმა მას „წმინდა ადამიანი“ უწოდა და თქვა, რომ როგორც ქვეყანას, ისევე მასაც ბოლომდე დაიცავენ, თავდასხმის შემთხვევაში კი, კუბა მზად იქნება პასუხის გაცემისთვის.
დიპლომატის ამ განცხადებებამდე კუბის ხელისუფლების წარმომადგენლებიც და ანალიტიკოსებიც საუბრობდნენ, რომ კუნძულოვანი ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება სიმბოლურ ხასიათს ატარებს, რადგან, მათი შეფასებით, ნაკლებად სავარაუდოა, ჰავანას კომუნისტური მმართველობიდან ვინმე იყოს დაკავშირებული ამერიკულ საბანკო სისტემასთან და აღელვებდეს ფინანსური ანგარიშების გაყინვა.
ამავე მოსაზრებას იზიარებს ლათინური ამერიკის უსაფრთხოების საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი რიჩარდ ფაინბერგიც.
მიგელ დიას-კანელისთვის სანქციების დაწესებისთანავე მან თქვა, რომ ეს ნაბიჯი, შესაძლოა, განხილული იყოს როგორც კუნძულოვან სახელმწიფოში „ინტერვენციის სამზადისი“ ან „ადგილობრივ რეჟიმზე ზეწოლა შეთანხმების გასაფორმებლად“.
გასათვალისწინებელია, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რიტორიკა, შესაძლოა, მიუთითებდეს როგორც პირველ, ისე მეორე სცენარზე.
გასულ კვირაში თეთრი სახლის ლიდერმა მორიგ ჯერზე გაიმეორა, რომ „ირანში საქმის დასრულების შემდეგ უკანა გზაზე“, ამერიკული სამხედრო კონტინგენტი მცირე დროიით გაჩერდება და „კუბას მიხედავს“.
