კატეგორიები

ამერიკული იერიშები ირანზე და თეირანის საპასუხო დარტყმები

ამერიკული იერიშები ირანზე და თეირანის საპასუხო დარტყმები
ამერიკის შეერთებული შტატების ძალებმა ოთხშაბათს ირანზე იერიშები მიიტანეს - პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, ერთი დღით ადრე ისლამური რესპუბლიკის მიერ ამერიკული ვერტმფრენის ჩამოგდებაზე პასუხად.

საპასუხო ზომები მიიღო თეირანმაც.

ბაჰრეინმა, ქუვეითმა და იორდანიამ ოთხშაბათს გამთენიისას განგაში გამოაცხადეს და საჰაერო თავდაცვის სისტემები აამოქმედეს. ირანმა განაცხადა, რომ ქუვეითზე დარტყმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იმავე დილით განხორციელებული ავიაიერიშებზე პასუხია. თეირანმა დაადასტურა ისიც, რომ თავდასხმების სამიზნეები ბაჰრეინი და იორდანიაც იყვნენ.

იორდანიამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ირანის მიერ გაშვებული ხუთი რაკეტა ჩამოაგდო. ირანის მტკიცებით, სამიზნეს წარმოადგენდა იორდანიის ერთ-ერთი ავიაბაზა, სადაც ამერიკული F-35 ტიპის გამანადგურებლები და სხვა სამხედრო ავიაცია იყო განთავსებული. როგორც იორდანიის სახელმწიფო მედია სამხედროებზე დაყწრდნობით იუწყება, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

თეირანი საპასუხო მოქმედებებით მას შემდეგ დაიმუქრა, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები განახორციელა. ამის მიზეზი ჰორუზის სრუტის სიახლოვეს ამერიკული ვერტმფრენის ჩამოგდება გახდა.

ირანი რომ ამერიკულ დარტყმებს უპასუხოდ არ დატოვებდა, ამის შესახებ ქვეყნის  საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ პლატფორმა X-ზე დაწერა:

„მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლის ველზე დამარცხდა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩვენი სიმტკიცის გამოცდა გადაწყვირა. ჩვენი ძლიერი შეიარაღებული ძალები არც ერთ თავდასხმას და არც ერთ მუქარას უპასუხოდ არ დატოვებენ. თუ უსაფრთხოდ ყოფნა გსურთ, დატოვეთ ჩვენი რეგიონი. სპარსეთის ყურის ისტორიაში მრავალი მაგალითია იმისა, თუ რა მძიმე ბედი ეწიათ გარეშე ძალებს, რომლებიც აქ შემოჭრას ცდილობდნენ“, - წერს აბაზ არაღჩი.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც მიმდინარე გამოძიების შესახებ ანონიმურობის დაცვის მოთხოვნით ისაუბრა, განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საბრძოლო ვერტმფრენი ჰორმუზის სრუტესთან ირანულ დრონთან შეჯახების შემდეგ ჩამოვარდა. ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა შეჯახება წინასწარ განზრახული. ოფიციალურ განცხადებებში მხოლოდ ისაა აღნიშნული, რომ ინციდენტი გამოძიების პროცესშია.

ირანულმა მედიამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია აფეთქებების სულ მცირე ორი სერიიის შესახებ ჰორმუზის სრუტესთან, ირანის სამხრეთ სანაპიროს გასწვრივ.

ცენტრალური სარდლობა პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ „ირანის წინააღმდეგ თავდაცვითი დარტყმები დაასრულა“. განცხადების მიხედვით, ამერიკულმა ძალებმა ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, მართვის ცენტრებსა და სადაზვერვო რადარებს დაარტყეს ჰორმუზის სრუტის მახლობლად.

 „ოპერაცია იყო პროპორციული პასუხი ამერიკის შეერთებული შტატების ძალებსა და რეგიონული წყლების გავლით მოძრავ საერთაშორისო სავაჭრო გემებზე განხორციელებულ ბოლოდროინდელ თავდასხმებზე“, - აცხადებს ცენტრალური სარდლობა.

ვერტმფრენის ჩამოგდების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანისთვის პასუხის გაცემა აუცილებელი იყო.

ვიდრე დონალდ ტრამპი ირანს ვერტმფრენის ჩამოგდებაში დაადანაშაულებდა, მან თეირანთან მოლაპარაკებებისა და შეთანხმების მიღწევის საკითხზე ოპტიმისტური მოლოდინი გამოხატა, თუმცა არ უთქვამს, რატომ ჰქონდა ამის საფუძველი.

დაკავშირებული ამბები
ამერიკული იერიშები ირანზე და თეირანის საპასუხო დარტყმები ირანი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ინფლაციის ზღვარზეა