ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში უკვე მეათე დღეა, ათასობით ადამიანი საპროტესტო აქციებს მართავს. დემონსტრანტები ეწინააღმდეგებიან ტურისტულ სამშენებლო პროექტს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერს, უკავშირდება.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ზვერნეც-ნარტას დაცულ ლაგუნაში დაგეგმილმა მასშტაბურმა მშენებლობამ შესაძლოა უნიკალური ეკოსისტემა და ბუნებრივი რესურსები დააზიანოს. მათი თქმით, ხელისუფლება პროექტის დეტალებს საზოგადოებას არ უზიარებს, რაც კორუფციის ეჭვებს აჩენს.
პროექტი სასტუმროების, აპარტამენტების, ვილებისა და იახტებისთვის განკუთვნილი ნავსადგურების მშენებლობას ითვალისწინებს. ალბანეთის მთავრობა აცხადებს, რომ ინიციატივა ქვეყნის ტურისტულ სექტორს ახალ ეტაპზე გადაიყვანს, მაღალი კლასის ტურისტებს მოიზიდავს და ევროკავშირში გაწევრების გზაზეც პოზიტიურ გავლენას იქონიებს.
„ამ პროექტის, ამ მეგაპროექტის შესახებ, რომელზეც პრემიერ-მინისტრი საუბრობს, პრაქტიკულად არაფერი ვიცით. პროცესში არანაირი გამჭვირვალობა არ არსებობს. მედიიდან მხოლოდ ის გავიგეთ, რომ პრემიერ-მინისტრმა მიწა კერძო კომპანიას გადასცა. სწორედ ამიტომ გვიჩნდება ეჭვი, რომ საქმე შესაძლოა კორუფციასთან გვქონდეს. როდესაც გამჭვირვალობა არ არსებობს, სხვა ახსნა უბრალოდ აღარ რჩება. ეს, სავარაუდოდ, კორუფციასთან არის დაკავშირებული“ - განაცხადა 36 წლის დემონსტრანტმა ბლერიმ შეჰუმ.
პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ გარემოსდამცველთა კრიტიკა დეზინფორმაციას დაუკავშირა და განაცხადა, რომ პროექტი ალბანეთს ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველ ქვეყნად აქცევს. მისი თქმით, ხელისუფლება დაგეგმილი პროექტის შეჩერებას არ აპირებს.
საპროტესტო აქციები გრძელდება. დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ და აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებშიც ქუჩაში დარჩებიან, ვიდრე ხელისუფლება მიმდინარე პროექტს არ შეაჩერებს.
