ევროპელი ლიდერები უკრაინის მხარდაჭერისა და ომის დასრულების გზებზე სასაუბროდ ლონდონში შეიკრიბნენ. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა დაუნინგ-სტრიტზე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლა.
შეხვედრის მთავარი თემა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები და რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომში ევროპული ჩართულობის გაძლიერება იყო. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროპამ ნებისმიერი სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს.
ლონდონში შეხვედრა რუსეთის მორიგი თავდასხმის ფონზე გაიმართა. უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ზაპორიჟიის ოლქში, რუსული უპილოტო საფრენი აპარატის იერიშს სამი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ისინი ავტობუსის გაჩერებაზე იდგნენ, როდესაც დრონი ჩამოვარდა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანულ ტელეკომპანია Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მზად არის, სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მიზნით, ფრონტის ხაზი ამჟამინდელ პოზიციებზე შენარჩუნდეს.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მეტ ადამიანს გადაარჩენს, სამხედროებს კი შინ დაბრუნების შესაძლებლობას მისცემს.
„ჩვენი მიზანი მხოლოდ კონფლიქტის შეჩერება არ არის. გვინდა, ომი დასრულდეს ისე, რომ აღარასდროს განმეორდეს. თუმცა ამ ეტაპზე ფრონტის ხაზის გაყინვა ყველაზე სწრაფი გზაა დიპლომატიისა და მოლაპარაკებების დასაწყებად.
ეს არ ნიშნავს რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობას. საუბარია იმაზე, რომ მხარეები დარჩნენ იმ პოზიციებზე, სადაც ახლა არიან. ეს უკრაინელებს მისცემს შესაძლებლობას, გადაარჩინონ შვილები და სამხედროები კი შინ დაბრუნდნენ.
დღეს მთავარი საკითხია უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის მიმართულებით. ჩვენ გვჭირდება მეტი ანტისარაკეტო სისტემა, რადგან უკრაინის ქალაქებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური თავდასხმები გრძელდება.
ასევე მნიშვნელოვანია, ვინ წარმოადგენს ევროპას რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებების დროს. ევროპა ამ პროცესის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს, რადგან მისი როლი უკრაინის უსაფრთხოებისა და მომავალი მშვიდობის უზრუნველყოფაში გადამწყვეტია“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე გაამხილა, რომ რუს მილიარდერის რომან აბრამოვიჩის მეშვეობით ვლადიმირ პუტინს შეტყობინება გაუგზავნა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, კიევი დონბასზე უარს არ იტყვის და საკუთარ ტერიტორიას არ დათმობს.
ე.წ. „E3“ ჯგუფის წევრები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია, უკრაინის ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერებად რჩებიან. ლონდონში ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ უკრაინის უსაფრთხოება და ევროპაში სტაბილური მშვიდობის მიღწევა საერთო პრიორიტეტული საკითხებია.
