ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, დონბასის რეგიონზე რუსეთის კონტროლი არ ეწინააღმდეგება უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას, იმის მიუხედავად, რომ საერთაშორისო საზოგადოება ამჟამად მოსკოვის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიას კიევის საკუთრებად აღიარებს.
„პირველ რიგში, დონბასზე კონტროლი და შეთანხმების გაფორმება არ არის ურთიერთგამომრიცხავი. ეს ორი საკითხი ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. რატომ თვლით, რომ აქ რამე ურთიერთსაწინააღმდეგო არის?
ბატონ რუბიოს განცხადება ახსენეთ. ის სერიოზული პარტნიორია, მასთან კონტაქტები გვაქვს. ახლახან ის სიტყვით გამოვიდა სენატში ან კონგრესში. გასაგებია, რომ ამერიკაში შიდაპოლიტიკური სიტუაცია არც ისე მარტივია. ნაწილი მას მხარს უჭერს, ნაწილი - აკრიტიკებს.
რა თქმა უნდა, გვაინტერესებს, რას იძახის სახელმწიფო მდივანი კონკრეტულ შიდაპოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა უფრო მეტად გვაინტერესებს ადგილზე არსებული რეალური ვითარება და თუ საუბარია უკრაინაში კონფლიქტზე, სწორედ ეს მიმართულებაა ჩვენი ინტერესის საგანი...“ - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, საბრძოლო მოქმედებების დასასრულებლად, მხოლოდ ეს არ კმარა და აუცილებელია ვოლოდიმირ ზელენსკის ხელისუფლებამაც გადადგას შემხვედრი ნაბიჯები და დაეთანხმოს იმ კომპრომისებს, რაზეც ანკორიჯში, გასული წლის აგვისტოში რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები შეთანხმდნენ.
„რა თქმა უნდა, მზად ვართ და გვსურს უკრაინასთან შეთანხმების მიღწევა მშვიდობიანი გზით, იმ ჩარჩოს საფუძველზე, რომელიც ანკორიჯში პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრისას განვიხილეთ. მაშინ რუსეთს გარკვეული პირობები წაუყენეს, რათა კონკრეტულ კომპრომისებზე შეგვეძლო წასვლა.
რუსეთი ეთანხმება ანკორიჯში განხილულ კომპრომისებს. აუცილებელია, რომ უკრაინული მხარეც დათანხმდეს მათ და კონფლიქტი სწრაფად მივა დასასრულამდე“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
საგულისხმოა, რომ მოსკოვი ჯერ კიდევ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში 2014 წელს დაწყებული ომისას დაჟინებით მოითხოვდა უკრაინული შეიარაღებული ძალების გაყვანას მათივე ტერიტორიიდან. ამ ნარატივს კრემლი პერიოდულად იმეორებს და „სრულიად კანონიერსა და სამართლიანს“ უწოდებს.
საკითხთან დაკავშირებით კიევიდან რუსულ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას არაერთხელ უპასუხეს, რომ არ აპირებენ „მოჩვენებითი მშვიდობის“ გაფორმებას, კუთვნილი მიწების დათმობის სანაცვლოდ.
რუსეთის პრეზიდენტმა ისაუბრა ბირთვული შესაძლებლობების მქონე საშუალო მანძილის ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტის, „ორეშნიკის“ საკითხზეც და თქვა, რომ მოსკოვს ის უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებისთვის არ გამოუყენებია.
ცნობილია, რომ 24 მაისს ეს საფრენი აპარატი კიევზე იერიშების დროს მონაწილეობდა, თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გავრცელებული მასალების მიხედვით, რაკეტა ქალაქის ერთ-ერთი გარეუბნის ავტოფარეხს მოხვდა, რაც პუტინმა ასე განმარტა:
„ორეშნიკის“ ტიპის რაკეტა არც ერთხელ არ გამოგვიყენებია საბრძოლო მიზნებისთვის უკრაინის ტერიტორიაზე, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით.
სიმართლეს გეტყვით და გავამხელ დიდ სამხედრო სახელმწიფო საიდუმლოს. უბრალოდ დავარტყით იქ, სადაც ხელსაყრელი იყო შედეგების ხილვა. ჩვენი დრონები აფრინდნენ, შეეჯახნენ ფარდულს და უბრალოდ აკვირდებოდნენ, როგორ დაჯდა ბლოკები. მათ ყველაფერი მილიმეტრების სიზუსტით გათვალეს.
ეს იყო მნიშვნელოვანი „ორეშნიკის“ სამომავლო სრულმასშტაბიან გამოყენებაზე გადაწყვეტილების მისაღებად, რომელიც მიმართული იქნება კონკრეტულ სამიზნეებზე, მათ შორის დასახლებულ პუნქტებში.“
რუსეთის პრეზიდენტისთვის წარმოუდგენელია სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპული სახელმწიფოების ან, კოლექტიურად, ევროკავშირის მონაწილეობა როგორც შუამავალს მოსკოვსა და კიევს შორის. ამის მიზეზად კი ის ასახელებს უკრაინისადმი მათ პოლიტიკურ და სამხედრო მხარდაჭერას.
მათი ეს მიდგომა ვლადიმერ პუტინისთვის თან მიუღებელი და თან გაურკვეველია იმ ფონზე, როდესაც მოსკოვიდან პოლიტიკური და სამხედრო ლიდერებისგან თუ კრემლის პროპაგანდისტებისგან მუდმივად ისმის მუქარები ევროპის სახელმწიფოების მისამართით.
„მოლაპარაკებებში მონაწილეობა ერთია, შუამავლობა - სულ სხვა. როგორი შუამავლები შეიძლება იყვნენ ევროკავშირი ან მისი წევრი ცალკეული სახელმწიფოები, როცა ისინი პირდაპირ ეხმარებიან ქვეყანას, რომელთანაც შეიარაღებულ კონფლიქტში ვართ, რითაც, ფაქტობრივად, საბრძოლო მოქმედებებში არიან ჩართული? ეს რა შუამავლები არიან? შუამავლობა ნეიტრალურობას გულისხმობს და სად არის ნეიტრალურობა? და ვინ იქნება ევროპელების მხრიდან მომლაპარაკებელი? არ ვიცი.
არავის არაფერს თავს არ ვახვევთ. მომისმენია საუბრები, რომ რუსეთს რაღაცის თავზე მოხვევა უნდა. მართლა გვინდა გავიგოთ, ვინ შეიძლება იყოს და ვიმეორებ, ეს უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებსაც შეგვიძლია ვენდოთ“, - თქვა პუტინმა.
ევროპის სახელით მოლაპარაკებების საპასუხისმგებლო როლზე კანდიდატებს შორის განიხილებოდა ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი, იტალიის ექსპრემიერი მარიო დრაგი და გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი, რომელსაც ბევრი ეწინააღმდეგება და თვლის, რომ მისი ლოიალური პოლიტიკის გამო, მოსკოვს ხელ-ფეხი გაეხსნა, ეწარმოებინა აგრესია მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ.
გასულ კვირაში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ევრობლოკი „არასდროს არ იქნება ნეიტრალური შუამავლი რუსეთსა და უკრაინას შორის“.
