კატეგორიები

წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ირანში ტრამპის სამხედრო უფლებამოსილებებს ზღუდავს

წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ირანში ტრამპის სამხედრო უფლებამოსილებებს ზღუდავს
215 ხმით 208-ის წინააღმდეგ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ირანში პრეზიდენტ ტრამპის სამხედრო უფლებამოსილებებს ზღუდავს.

კანონმდებლები მიემხრნენ ინიციატივას, რომელიც თეთრი სახლის ლიდერს ავალდებულებს ან მიიღოს კონგრესის თანხმობა საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით, ან შეწყვიტოს ომი და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გადასროლილი ამერიკული კონტინგენტი უკან გამოიყვანოს.

„ტრამპისადმი ამერიკელი ხალხის მტკიცე და არაორაზროვან გზავნილად“ წოდებული რეზოლუციის მომხრეთა შორის 4 „რესპუბლიკელი“ კანონმდებელიც. ისინი შეურთდნენ „დემოკრატების“ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საკმარისია, მათი შეფასებით, „უკანონო“ და „უკიდურესად არაპოპულარული“ ომის წარმოება, რომელმაც დაღალა ხალხი და მკვეთრად უარყოფითი გავლენა იქონია მსოფლიო ეკონომიკაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ამ კენჭისყრას მეტად სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგან ძალაში შესასვლელად კანონპროექტი როგორც სენატის, ისე წარმომადგენელთა პალატის გაფართოებული კრების მიერ უნდა იყოს მიღებული, ეს მაინც მნიშვნელოვანი დარტყმაა დონალდ ტრამპის პოზიციებისთვის, მით უმეტეს შემოდგომის შუალედური არჩევნების წინ.

როგორც წესი, „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ არც ისე ხშირად თანხმდებიან რაიმე საკითხზე, თუმცა, საგარეოპოლიტიკურ ხედვებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ირანში ომზე, ორმა პარტიამ საერთო აზრზე შეჯერება შეძლო.

წარმომადგენელთა პალატა ამ შინაარსის რეზოლუციას მეოთხედ უყრის კენჭს. ისლამურ ქვეყანაში ომი 90 დღეზე მეტია, გრძელდება. სწორედ ეს ვადაა მნიშვნელოვანი, რადგან „სამხედრო უფლებამოსილებების შესახებ“ 1973 წელს დამტკიცებული რეზოლუციით დადგენილია, რომ პრეზიდენტმა კონგრესისგან თანხმობა უნდა მიიღოს ომის გაგრძელებაზე.

თეთრი სახლი ამ არგუმენტს უარყოფს და აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის დროებითი შეთანხმება 8 აპრილიდან მოქმედებს და არც ერთხელ არ დარღვეულა ომში ჩართული მხარეების მიერ.

დონალდ ტრამპი დარღვევებად არ თვლის არც ირანის ბოლოდროინდელ გააქტიურებულ თავდასხმებს ამერიკული ბაზებისა თუ სპარსეთის ყურის ქვეყნების მისამართით.

„ვიტყოდი, რომ მსოფლიოს იმ ნაწილში ცეცხლის შეწყვეტაში იგულისხმება, როცა შედარებით ზომიერად ისვრიან. ამიტომ, ეს არც ისე ცუდია, მაგრამ სიმართლეა. ვგულისხმობ, რომ ცეცხლის შეწყვეტა იქ ძლიერ განსხვავდება მსოფლიოს სხვა ნაწილებში ცეცხლის შეწყვეტისგან“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

საგულისხმოა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი უკვე არაერთი კვირაა, აცხადებს თეირანსა და ვაშინგტონს შორის პოტენციური შეთანხმების „უახლოეს მომავალში“ გაფორმების შესაძლებლობაზე.

დაკავშირებული ამბები
წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ირანში ტრამპის სამხედრო უფლებამოსილებებს ზღუდავს აშშ-მა, ინდოეთმა, ავსტრალიამ და იაპონიამ საპორტო ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის მიმართულებით ახალი ინიციატივის შესახებ გამოაცხადეს