კატეგორიები

მაისისთვის უჩვეულო სიცხემ ესპანეთში რეკორდული სიკვდილიანობა გამოიწვია

მაისისთვის უჩვეულო სიცხემ ესპანეთში რეკორდული სიკვდილიანობა გამოიწვია
ევროპული კონტინენტის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში, მაისისთვის უჩვეულოდ მაღალმა ჰაერის ტემპერატურამ ადამიანთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სერიოზული გავლენა იქონია.

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში ძლიერ სიცხესთან დაკავშირებული რეკორდული სიკვდილიანობა დაფიქსირდა.

სიკვდილიანობის ყოველდღიური მონიტორინგის სისტემის შეფასებით, მხოლოდ მაისის თვეში, ანომალურად მაღალი ტემპერატურის გამო, გარდაცვალების 101 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გაზაფხულის სეზონის ბოლო თვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გახდა 2015 წლის შემდეგ, როცა დაიწყო სტატისტიკის აღრიცხვა.

კერძოდ, ბოლო ათწლეულის მონაცემებს ეს რიცხვი 3.6-ჯერ აღემატება და სპეციალისტების აზრით, მკაფიო დემონსტრირებაა იმისა, რამდენად მზარდია სითბური ტალღის გავლენა ადამიანების ჯანმრთელობაზე, ტრადიციულად ცხელი საზაფხულო დღეების მიღმა.

ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრის, მონიკა გარსიას თქმით, ახლა პრობლემა მხოლოდ ის კი არაა, რომ ჰაერის ტემპერატურა ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტად მატულობს, არამედ ისიც, რომ ცხელი დღეები დროზე ადრე დგება, ორგანიზმი კი ამასთან შეჩვევას ვერ ასწრებს, განსაკუთრებით ცივი ამინდების შემდეგ. მისივე თქმით, შესამჩნევია არასაკმარისი ფიზიოლოგიური ადაპტაცია ცვალებად გარემოსთან, ხოლო ამ საკითხის ირგვლივ საზოგადოებრივი ცნობიერება ჯერ კიდევ დაბალია.

გაფრთხილებები ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებისგან ისმის იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მოსახლეობა ხვდება ექსტრემალურ მეტეოროლოგიურ პირობებს.

ესპანეთის ჯანდაცვის უწყების გათვლებით, სიკვდილიანობის საფრთხის მაჩვენებლები პროპორციულად მზარდი იქნება ჰაერის ტემპერატურის საშუალო ნორმაზე თითოეული გრადუსით მატებასთან ერთად.

ბოლო 10 წელიწადში ესპანეთში ძლიერ სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილიანობის შემთხვევათა რაოდენობამ 27 564 შეადგინა, მათგან ყველაზე რთული მდგომარეობა 2022 და 2025 წლებში იყო.

დაკავშირებული ამბები
მაისისთვის უჩვეულო სიცხემ ესპანეთში რეკორდული სიკვდილიანობა გამოიწვია კორუფციული სკანდალები ესპანეთში და პრემიერის განმარტებები