ესპანეთის სამხეთში, ალმერიის პროვინციაში ძლიერი სიცხის ფონზე გაჩენილ ტყის ხანძარს სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა.
ანდალუსიის რეგიონულმა ხელისუფლებამ თავდაპირველად განაცხადა, რომ დაღუპულთა რაოდენობა ექვსიდან 12-მდე გაიზარდა, თუმცა მოგვიანებით ინფორმაცია დაზუსტდა და დაღუპულთა რიცხვად 11 დასახელდა.
რეგიონული მთავრობის ინფორმაციით, ალმერიის მუნიციპალიტეტ ბედარში რამდენიმე დაღუპული დამწვარ ავტომობილებში იპოვეს.
ხელისუფლებას დაღუპულთა ვინაობა ჯერ ოფიციალურად არ დაუდგენია, თუმცა ვარაუდობენ, რომ მათგან ბევრი უცხოელი ტურისტია.
ანდალუსიის საგანგებო სიტუაციების მინისტრის, ანტონიო სანსის თქმით, „ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ დაღუპულები უმეტესად, ან სრულად, უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან“.
მისი განცხადებით, ოთხი ადამიანი მარჯვენასაჭიან ავტომობილში იპოვეს, რაც შესაძლოა ბრიტანეთის მოქალაქეობაზე მიუთითებდეს, თუმცა მათი ვინაობის დადგენის პროცესი ამ დრომდე გრძელდება.
მინისტრის განმარტებით, სხვები სავარაუდოდ ცეცხლისგან გაქცევის მცდელობისას დაიღუპნენ.
ხანძრის შედეგად სულ მცირე რვა ადამიანი დაშავდა - მათგან ოთხი მძიმედ. ხელისუფლების ინფორმაციით, ხუთშაბათს შუადღეს ხანძრის დაწყებიდან 19 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. სტიქიამ კი უკვე 3 150 ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა.
მოწმეების თქმით, ხანძარი შესაძლოა ელექტროგადამცემი ხაზის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა, თუმცა, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
ბოლო წლებში ესპანეთში სითბური ტალღები სულ უფრო ხშირი და ხანგრძლივია. ტემპერატურა ხშირად 40°C-ს აჭარბებს, რაც ტყის ძლიერი ხანძრების გაჩენას უწყობს ხელს.
ხანძრის ჩასაქრობად ესპანეთის სამხედრო საგანგებო დანაყოფმა 150 სამხედრო გაგზავნა. ისინი მეხანძრეებთან და სხვა საგანგებო სამსახურებთან ერთად მუშაობენ. სამაშველო ოპერაციაში ადგილზე დაახლოებით 400 სპეციალისტია ჩართული.
