კატეგორიები

ფრანგი ევროპარლამენტარები რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის დასანქცირებას მოითხოვენ

ფრანგი ევროპარლამენტარები რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის დასანქცირებას მოითხოვენ
ევროპარლამენტის რამდენიმე დეპუტატი ფრაქციიდან „განაახლე ევროპა“ ევრობლოკის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა რუსი ჟურნალისტის, ქსენია ფედოროვას წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დასაწესებლად, რომელიც წარსულში რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალების,

Russia Today-ის (RT) ფრანგული რედაქციის ხელმძღვანელი იყო, ახლა კი ფრანგი ულტრამემარჯვენე ბიზნესმენის, ვენსან ბოლორეს მედიაიმპერიაში აგრძელებს საქმიანობას.

სიმბოლურია, რომ მის წინააღმდეგ ეკონომიკური და სამოგზაურო შეზღუდვების დაწესებას სწორედ ფრანგი პოლიტიკოსი ნატალი ლუაზო მოითხოვს, რომელიც ქსენია ფედოროვას მოიხსენიებს „ცნობილ რუს პროპაგანდისტად“ და ბრალს სდებს ევროკავშირისა და უკრაინაში ომის შესახებ „უკიდურესად მანიპულაციური და პროპაგანდისტული ნარატივების“ გავრცელებაში.

რუს ჟურნალისტს დასავლურ წყაროებში ხშირად მოიხსენიებენ „კრემლის დეზინფორმაციის გამხმოვანებლად“, რომელიც ფრანგი ულტრამემარჯვენე ბიზნესმენის მფლობელობაში არსებული სატელევიზიო მაუწყებლის, CNews-ის ეთერში ერთ-ერთი რუბრიკის წამყვანია, ასევე წერს სტატიებს ამავე მედიაკორპორაციის დაქვემდებარებაში მყოფი ყოველკვირეული გაზეთისთვის.

დასავლელი პოლიტიკოსების შეფასებით, მაყურებელსა და მკითხველს ის აცნობს მხოლოდ პრორუსულ თვალსაზრისს და მოქმედებს უშუალოდ კრემლის მითითებებით, მათ შორის მაშინ, როცა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან აგრესიას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს, გადაცემებში კი ზღუდავს განსხვავებულ აზრს, რომელიც მოსკოვს არ აწყობს.

მაგალითად, მაისის ერთ-ერთ გადაცემაში ქსენია ფედოროვამ უკრაინაში ომის დაწყების მიზეზად დაასახელა „ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება“, ხოლო 2022 წელს სამშვიდობო მოლაპარაკებები, მისი მტკიცებით, ჩაიშალა მხოლოდ იმიტომ, რომ „დასავლეთმა ამ კონფლიქტის გაჭიანურება გადაწყვიტა“.

ამავე დროს, სტუდიაში მოწვეული სტუმრებისგან ის არ შეხვედრია საწინააღმდეგო აზრს და ისინი მხოლოდ დაეთანხმნენ წამყვანის მოსაზრებას.

მსგავსი რიტორიკის გამო, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის თანაგუნდელმა ევროპარლამენტიდან საფრანგეთის კომუნიკაციების კომისიას საჩივრის წერილით მიმართა და განმარტა, რომ ქსენია ფედოროვას საქმიანობა პირდაპირ ძირს უთხრის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებასა და ინტერესებს.

თავად რუსი ჟურნალისტი არ მიიჩნევს, რომ ვინმეს დაკვეთას ასრულებს.

„მე ჟურნალისტი ვარ. ვაქვეყნებ ანალიზს, - ზოგჯერ კრიტიკულსაც, განსაკუთრებით დასავლეთის როლთან დაკავშირებით უკრაინის კონფლიქტის გახანგრძლივებაში. ამ ანალიზს, რა თქმა უნდა, შეიძლება შეედავონ, თუმცა მიუღებელია მისი აკრძალვა მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ იგი ვინმესთვის შემაშფოთებელია.

იმის თქმა, რომ დასავლური სახელმწიფოების პოლიტიკურმა, დიპლომატიურმა, სამხედრო და ეკონომიკურმა გადაწყვეტილებებმა გავლენა მოახდინა კონფლიქტის ხანგრძლივობაზე, დეზინფორმაცია არ არის. ეს არის სრულიად ლეგიტიმური საკითხი საჯარო დებატებისთვის.

შემაშფოთებელია ის, რომ საფრანგეთში ზოგიერთი პოლიტიკური ფიგურა, როგორც ჩანს, უფრო მეტად ცდილობს მათთვის არასასურველი ხმების ჩახშობას, ვიდრე საკითხის არსზე დისკუსიის გამართვას.

დეზინფორმაციასთან ბრძოლის საბაბით, ცენზურის დაწესების მცდელობა პლურალიზმის ძალიან შემაშფოთებელ გაგებაზე მიუთითებს“, - დაწერა რუსმა ჟურნალისტმა პლატფორმა X-ზე.

ქსენია ფედოროვას დასაცავად განცხადება გააკეთა იმ არხის დირექტორმა, სადაც ჟურნალისტი მუშაობს და თქვა, რომ მათი მიზანი არის თავისუფალი სიტყვის დაცვა და ყველა მოსაზრების გაჟღერება.

დაკავშირებული ამბები
რუსული მედია: დონეცკის ოლქში უკრაინული დრონის სამგზავრო ავტობუსთან შეჯახების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა ნატოს გენერალური მდივანი კიევს მოულოდნელი ვიზიტით სტუმრობს