„რუსულ დავოსად“ წოდებული პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი 3 ივნისს კრემლისთვის არასასურველი სცენარის ფონზე გაიხსნა.
რუსეთის ჩრდილოეთ დედაქალაქში უკრაინულმა ძალებმა დრონებით იერიშები მიიტანეს ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობტერმინალზე, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 1 100 კილომეტრით არის დაშორებული.
კიევის სამიზნეებად იქცა კრონშტადტში განლაგებული სამხედრო ობიექტებიც, სადაც უკრაინული მხარის ცნობით, ფაქტობრივად, განადგურებულია რამდენიმე გემი და საპორტო ინფრასტრუქტურა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შეფერხდა ავიამიმოსვლა პულკოვოს აეროპორტიდან და მისი მიმართულებით.
მიუხედავად იმისა, რომ ლენინგრადის ოლქის ადმინისტრაცია 3 ივნისის დილის საათებში მოწინააღმდეგის 350 დრონის ჩამოგდებაზე საუბრობდა, რუსულმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ მაინც ვერ შეძლო იმ უპილოტო საფრენი აპარატების გადაჭერა, რომლებიც აქტიურად გადაადგილდებიან პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმის ჩატარების პავილიონიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით.
„უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მებრძოლების, უპილოტო საფრენი აპარატების ძალების, სპეციალური ოპერაციების ძალების, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურისა და უკრაინის საზღვრის სახელმწიფო სამსახურის მიერ ჩატარებულმა გრძელვადიანმა სანქციებმა კარგი შედეგები მოგვიტანა.
გასულ ღამეს იერიშები მივიტანეთ რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ მნიშვნელოვან ობიექტებზე. მათ შორისაა პეტერბურგის ნავთობტერმინალი.
მანძილი უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან რუსული ნავთობმრეწველობის ამ ობიექტამდე, რომელიც ომს ემსახურება, დაახლოებით 1 100 კილომეტრს შეადგენს.
კიდევ ერთ სამიზნედ იქცა რუსული იარაღის საწარმო ობიექტი ტამბოვის ოლქში. ამ შემთხვევაში, ფრონტის ხაზიდან მანძილი თითქმის 600 კილომეტრს შეადგენს. მადლობას ვუხდი ჩვენს მებრძოლებს სიზუსტისთვის.
უკრაინის გეგმა გრძელვადიან სანქციებთან დაკავშირებით ზუსტად ისე რეალიზდება, როგორც ეს საჭიროა მშვიდობის მოსაახლოებლად“, - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პლატფორმა X-ზე.
პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი, როგორც წესი, კრემლის ხელმძღვანელობის კიდევ ერთი პროპაგანდისტული პლატფორმაა და, გასულ წლებთან შედარებით, სულ უფრო ნაკლებ მონაწილეს აერთიანებს.
ფორუმში ვლადიმერ პუტინიც მონაწილეობს, რომელიც კიევის იერიშებმა სტუმრების წინაშე უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა, რადგან ტრიბუნიდან ის პერიოდულად იმეორებს, თითქოს ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ „გეგმის მიხედვით“ მიმდინარეობს.
იმის გათვალისწინებით, რომ კრემლისთვის ეს ფორუმი ეკონომიკური თვალსაზრისით სტრატეგიული მნიშვნელობისაა, თანაც მიმართულია ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისთვის, სავარაუდოდ, მაღალ დონეზე დღის წესრიგში დადგება რუსული საჰაერო თავდაცვითი სისტემების ქმედუნარიანობისა და ეფექტურობის საკითხი.
