კატეგორიები

მარკო რუბიოს განცხადებით, ირანი თანახმაა, ბირთვული პროგრამის საკითხებზე მოლაპარაკებები აწარმოოს

მარკო რუბიოს განცხადებით, ირანი თანახმაა, ბირთვული პროგრამის საკითხებზე მოლაპარაკებები აწარმოოს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ირანი თანახმაა, ბირთვული პროგრამის გარკვეულ საკითხებზე მოლაპარაკებები აწარმოოს. ამის შესახებ მან სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე გამოსვლისას ისაუბრა. მას შემდეგ, რაც აშშ-მა ირანთან ომი დაიწყო, შტატების სახელმწიფო მდივანმა სენატორების კითხვებს პირველად უპასუხა.

„ირანთან მოლაპარაკებები შვეიცარიასთან მოლაპარაკებებს არ ჰგავს. ეს სრულიად განსხვავებულია. სამწუხაროდ, შუამავლების გამოყენება გვიწევს. მაგრამ ჩვენ წინაშეა შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება დღესვე შესრულდეს, თუ არადა, ხვალ ან მომავალ კვირას. ისინი პირველად დათანხმდნენ, აწარმოონ მოლაპარაკებები ბირთვული პროგრამის გარკვეულ საკითხებზე, რომელთა განხილვასა და  ხსენებაზეც კი ერთი თვის წინ, ერთი წლის წინ  უარს ამბობდნენ. ეს არ არის გარანტია, რომ საბოლოოდ ისეთ შეთანხმებას მივიღებთ, რომელიც სენატისთვის ან ამერიკელი ხალხისთვის მისაღები იქნება, მაგრამ ჩვენ შევძლებთ ჩავერთოთ პროცესში, რათა რეალურად ვნახოთ, რამდენად არიან მზად შორს წასასვლელად. სამწუხაროდ, ამ პროცესს ართულებს ის, რომ მათი შიდა რეჟიმი დანაწევრებულია, და პასუხების მიღებას დღეები სჭირდება“, - განაცხადა მარკ რუბიომ.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქება მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც ირანი ჰორმუზის სრუტეს სრულად გახსნის და ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვან დათმობაზე წავა.

სახელმწიფო მდივანი შტატების საგარეო პოლიტიკის გამო განსაკუთრებით დემოკრატმა სენატორებმა გააკრიტიკეს. სენატორი კრის ვან ჰოლენი კი პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მისი ადმინისტრაციას ადანაშაულებს, რომ ომში ისრაელის გამო ჩართო.

„ეს თქვენი პირველი საჯარო მოსმენაა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ ირანის წინააღმდეგ უკანონო ომი წამოიწყეს. ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ამას 40 წელი ელოდა. როგორც აღმოჩნდა, მან საბოლოოდ იპოვა საკმარისად სულელი და წინდაუხედავი პრეზიდენტი, რომელიც მას შეუერთდებოდა.  ამ ომს 14 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა, ასობით დაიჭრა და ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ომი ბენზინის, საკვებისა და სხვა მრავალი პროდუქტის ფასს ზრდის. ტრამპს აშკარად არ ადარდებს ეს. მან საწვავის მაღალ ფასებს „კაპიკები“ უწოდა და თქვა: „მე ამერიკელების ფინანსურ მდგომარეობაზე არ ვფიქრობ“. ეს შეერთებული შტატების პრეზიდენტის სიტყვებია. და რისთვის? პრეზიდენტმა 91 დღის წინ გვითხრა, რომ, ვციტირებ, „ირანთან ომი მოვიგეთ“. გასულ წელს მან ქვეყანას უთხრა, რომ ირანის ურანის გამდიდრების ობიექტები სრულად და მთლიანად განადგურებულია. ეს სიმართლე არ იყო? მოდი, ვაღიაროთ, ბატონო სახელმწიფო მდივანო, ტრამპის საგარეო პოლიტიკა სრულ კატასტროფად იქცა“, - განაცხადა სენატორმა კრის ვან ჰოლენმა.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, სენატორმა ჯინ შაჰინმა, მარკო რუბიო მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივნის ოფისი ამერიკელი ხალხისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე უარს ამბობს. მან ასევე მარკო რუბიოს ჰკითხვა, გააგრძელებს თუ არა აშშ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების დროებით მოხსნას.  

„მინდა შევეხო ნავთობს, რუსულ ნავთობს, სანქციებსა და ზოგად ლიცენზიებს, რადგან პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთს გაუხსნა გზა. სახაზინო დეპარტამენტის მიერ გაცემული ლიცენზიებით მას საშუალება მისცა, გლობალურად გაყიდოს ნავთობი. მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციას უნდა სცოდნოდა, რომ ირანთან ომი რუსულ ნავთობის მიმართ მოთხოვნას უფრო გაზრდიდა. მათ მაინც გადაწყვიტეს ამ ნავთობზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა და პუტინისთვის დამატებითი ფინანსური სარგებლის მიცემა. ამიტომ უნდა გვითხრათ, დაუჭერთ თუ არა მხარს ამ ლიცენზიების გაგრძელებას?“ - სენატორი, ჯინ შაჰინი.

მარკო რუბიოს განცხადებით, შეზღუდვები რუსულ ნავთობტანკერებს მხოლოდ დროებით მოეხსნა. მომავალში გადაწყვეტილებას კი აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი მიიღებს.

სახელმწიფო მდივანმა ასევე ისაუბრა აშშ-სა და ნატოს ურთიერთობაზე. მისი თქმით, შტატებს ნატოსგან ბაზების გამოყენების შესაძლებლობა აქვს, თუმცა ალიანსის ზოგიერთი წევრი ამაზე უარს ამბობს, რაც ნატოს მიმართ კითხვებს აჩენს.

დაკავშირებული ამბები
მარკო რუბიოს განცხადებით, ირანი თანახმაა, ბირთვული პროგრამის საკითხებზე მოლაპარაკებები აწარმოოს ირანი აშშ-სთან არაპირდაპირ მოლაპარაკებებს აჩერებს