აპრილის დასაწყისში ახლო აღმოსავლეთის რეგიონში შუამავლების მეშვეობით დამყარებული მშვიდობა პერიოდული ურთიერთიერიშების გათვალისწინებით, სულ უფრო მეტ რისკს აჩენს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებამ აქტუალობა დაკარგოს და ომმა უფრო ფართომასშტაბიანი ხასიათი შეიძინოს, ამჯერად სპარსეთის ყურის სახელმწიფოების ჩართულობით.
ქუვეითის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანმა დრონებითა და რაკეტებით შეუტია ქვეყნის დედაქალაქის საერთაშორისო აეროპორტს, რასაც ზიანი მოჰყვა. არიან დაშავებულები. შეჩერდა ავიამიმოსვლა.
პარალელურად, ირანის შეიარაღებულმა ძალებმა გაავრცელეს ვიდეომასალა, სადაც, მათი ცნობით, 2-3 ივნისის ღამით, ამერიკული იერიშების საპასუხოდ, გახსნეს ცეცხლი და გაუშვეს რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები მოწინააღმდეგის პოზიციებზე როგორც ქუვეითში, ისე ბაჰრეინში.
ამავდროულად, აშშ-ის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ თეირანის ეს იერიშები წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან ვაშინგტონმა შეძლო ისლამური ქვეყნის მხრიდან გაშვებული რაკეტების განეიტრალება. ამ ვერსიას თეირანში არ ეთანხმებიან - „რევოლუციურ გუშაგთა კორპუსის“ წარმომადგენლის მტკიცებით, მათ მიაღწიეს ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტის შტაბ-ბინას.
ეს ფლოტი აკონტროლებს დაახლოებით 2.5 მილიონ კვადრატულ კილომეტრს, მათ შორის სპარსეთის ყურეს, წითელ ზღვას, არაბეთის ზღვასა და ინდოეთის ოკეანის ნაწილს. მას განსაკუთრებული როლი აკისრია ისეთ სტრატეგიულ წერტილებში, როგორებიცაა ჰორმუზისა და ბაბ-ელ-მანდების სრუტეები - ამ სატრანსპორტო დერეფნებში თავისუფალი ნაოსნობა იქცა ერთ-ერთ საკვანძო და სადავო საკითხად ვაშინგტონსა და თეირანს შორის. მეხუთე ფლოტი კი, უზრუნველყოფს რეგიონში საზღვაო უსაფრთხოებას, ებრძვის მეკობრეობას, კონტრაბანდას და იცავს ნაოსნობის თავისუფლებას.
ცენტრალურმა სარდლობამ ასევე გაავრცელა ვიდეომასალა, რომლის თანახმადაც, სამხედროებმა დაარტყეს ნავთობტანკერს, რომელიც ირანული პორტებისთვის დაწესებული ბლოკადის გარღვევას ცდილობდა.
პერიოდული დარტყმების ფონზე, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თეირანსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებები „უწყვეტად მიმდინარეობს“ - მისი მტკიცებით, შუამავლების დახმარებით, არაპირდაპირი კომუნიკაციის გაწყვეტის შესახებ ცნობები არის „მედიის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია“.
„ფეიკ-ცნობები იმის თაობაზე, რომ ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რამდენიმე დღის წინ გაწყვიტეს კავშირები არის ცრუ და მცდარი.
ჩვენ შორის მოლაპარაკებები უწყვეტად გრძელდებოდა, მათ შორის ოთხი დღის წინაც, სამი დღის წინაც, ორი დღის წინაც, გუშინაც და დღესაც.
ზუსტად არასდროს იცი, სადამდე მიგვიყვანს, მაგრამ როგორც ირანს ვუთხარი: „ასეა თუ ისე, დროა, შეთანხმება გააფორმოთ. ამას 47 წლის განმავლობაში აკეთებდით და ასე გაგრძელება აღარ შეიძლება“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.
1-ელი ივნისის საღამოს „რევოლუციურ გუშაგთა კორპუსთან“ დაკავშირებულმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც, ლიბანში ისრაელის სამხედრო ოპერაციის გამო, თეირანმა გადაწყვიტა ვაშინგტონთან ყველა არაპირდაპირი კავშირი გაეწყვიტა.
მხარეებს შორის მთავარი შუამავალი პაკისტანი იყო, რომელმაც აპრილის დასაწყისში დონალდ ტრამპი გადაარწმუნა, მიეტანა მასირებული დარტყმები ირანზე, მისი მუქარის შემდეგ, რომ შეთანხმებაზე უარის თქმის შემთხვევაში, „მთელ ცივილიზაციას გაანადგურებდა“.
