კატეგორიები

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განაცხადებით, ევროკავშირში გაწევრებისთვის ალბანეთი სწორ გზაზე დგას

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განაცხადებით, ევროკავშირში გაწევრებისთვის ალბანეთი სწორ გზაზე დგას
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას განაცხადებით, ევროკავშირში გაწევრებისთვის ალბანეთი სწორ გზაზე დგას, თუმცა სახელმწიფომ კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალისხმევა უნდა გააძლიეროს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განცხადება 2 ივნისს, ალბანეთში ოფიციალური ვიზიტისას გააკეთა. ალბანეთის კავშირში გაწევრების საკითხთან დაკავშირებით მან ორმხრივი შეხვედრა ალბანეთის პრემიერ-მინისტრთან ედი რამასთან გამართა.

„გაწევრებასთან დაკავშირებით გასული კვირას გამართულმა კონფერენციამ დაადასტურა თქვენი პროგრესი. ალბანეთმა პირველ, ძირითადი საფუძვლების კლასტერში შუალედური კრიტერიუმები შეასრულა. ეს არის წევრი სახელმწიფოების მკაფიო აღიარება ალბანეთის ვალდებულებისა, გააგრძელოს წინსვლა ევროკავშირის წევრობის გზაზე. ეს აღნიშნავს პროცესის მომდევნო, უფრო მოთხოვნადი ეტაპის დაწყებას, რომელიც ფოკუსირებულია იმპლემენტაციასა და მყარ შედეგებზე. როგორც თქვენ ხშირად ამბობთ, ეს რეფორმები უფრო მეტად არა ევროკავშირის პირობებია, არამედ თქვენი არჩევანია ალბანეთში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების შესაქმნელად. ევროკავშირის წევრობის არსებითი საფუძვლებია კანონის უზენაესობის მიმართ მუდმივი, ხელშესახები პოლიტიკური ერთგულება და დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის დაცვა. ამავდროულად მოგიწოდებთ, გააძლიეროთ ძალისხმევა კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტა.

პარასკევს 5 ივნიის მონტენეგროში გასამართი სამიტის წინ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში მოგზაურობს. სამიტზე  ევროკავშირის წევრი სახლმწიოების ლიდერებთან ერთად მაღალი დონის ოფიციალური პირები ჩავლენ ალბანეთიდან, ბოსნია-ჰერცეგოვინიდან, ჩრდილოეთ მაკედონიიდან, კოსოვოდან, სერბეთიდან და მონტენეგროდან, ქვეყნებიდან, რომლელთა მიზანიც ევროკავშირში გაწევრებაა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით ევროკავშირის წევრობა მხოლოდ ერთიან ბაზარზე წვდომას არ ნიშნავს, არამედ ეს პოლიტიკური კავშირის ნაწილია, რომელიც  საერთო ღირებულებებსა და ერთობლივ სტრატეგიულ არჩევანზეა დაფუძნებული.

„გამძლე დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ძლიერი ეკონომიკური კავშირების მეშვეობით, ევროკავშირმა წევრ სახელმწიფოებს ხანგრძლივი მშვიდობა და სტაბილურობა მოუტანა. გაფართოება იგივე შესაძლებლობებს სთავაზობს ჩვენს ევროპელ მეზობლებს, როგორიცაა ალბანეთი. მაგრამ ამ გლობალური გეოპოლიტიკური გაურკვევლობისა და ეკონომიკური არასტაბილურობის პერიოდში, გაფართოება მხოლოდ შესაძლებლობა კი არა, ასევე ევროპის გეოსტრატეგიული აუცილებლობაა. ეს არის ინვესტიცია ჩვენი კონტინენტის მშვიდობაში, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში. ამიტომ, მოუთმენლად ველი, პარასკევს, ტივატში, ევროკავშირის დასავლეთ ბალკანეთის სამიტზე თქვენთან შეხვედრას. ეს სამიტი იქნება ჩვენი თანამშრომლობის წინ წაწევის და ევროკავშირის გაფართოების იმპულსის გაძლიერების მკაფიო დემონსტრაცია“, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტა.

ორმხრივი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ალბანეთი შესაბამისი რეფორმების გატარებას გააგრძელებს.

„მსურს მადლობა გადავუხადო ანტონიოს, განსაკუთრებით იმ მუდმივი ერთგულებისა და დაუღალავი მხარდაჭერისთვის, რომელიც ჯერ კიდევ, პირველი ეტაპის დასრულებამდე ჰქონდა. კერძოდ, კლასტერული მოლაპარაკებების გახსნის ეტაპისას, რომელიც რამდენიმე დღის წინ, მთავრობათაშორის კონფერენციაზე დასრულდა და რომელმაც შემდეგ ეტაპზე გადაგვიყვანა. ახლა კონკრეტული თავების ჩახურვის პროცესს იმ დროს ვიწყებთ, როდესაც ჩვენ ყველანი ისეთი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რომლებიც ცალკეული აღარ არის, არამედ სულ უფრო მეტადაა საერთო ხასიათის. გარდა ამისა, სრულად ვიზიარებ პრეზიდენტის შეხედულებას, რომ მთელი ამ სამუშაოს ძირითადი ნაწილი თავად ჩვენზეა დამოკიდებული. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს საშინაო დავალება შესასრულებელი არა ბრიუსელის, ბერლინის ან პარიზისთვის, არამედ ალბანეთის სახელმწიფოს, ინსტიტუტებისა და დამოუკიდებელი ძალების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად“ - განაცხადა ედი რამამ.

დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყანა, რომლებიც მონტენეგროში გასამართ სამიტზე იქნებიან წარმოდგენილი, ევროკავშირში გაწევრების გზაზე სხვადასხვა ეტაპზე იმყოფებიან. ევროკავშირი ცდილობს, დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყანაში, უკრაინასა და მოლდოვეთთან ერთად, რეფორმები წაახალისოს და გაწევრების პროცესი დააჩქაროს, განსაკუთრებით რეგიონში რუსეთ მზარდი გავლენის ფონზე.

დაკავშირებული ამბები
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განაცხადებით, ევროკავშირში გაწევრებისთვის ალბანეთი სწორ გზაზე დგას ტირანის ცენტრში ოპოზიციის ათასობით მხარდამჭერი შეიკრიბა