ალბანეთის პოლიციამ წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ე.წ. „წიწაკის სპრეი“ გამოიყენა ტირანაში შეკრებილ მოქალაქეთა წინააღმდეგ, რომლებიც უკვე თვეზე მეტია, უწყვეტად აპროტესტებენ ადრიატიკის სანაპიროზე დონალდ ტრამპის სიძესთან დაკავშირებულ სადავო სამშენებლო პროექტს.
დემონსტრანტთა ნაწილი ქვეყნის პარლამენტის შენობასთან შეიკრიბა და შეეცადა, პიკეტირებით შეეშალა ხელი დეპუტატებისთვის, რათა მათ არ მისცემოდათ საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალება.
სპეციალური დანიშნულების რაზმმა მათი უკან დახევა სცადა, რასაც შეტაკებები და რამდენიმე მოქალაქის დაკავება მოჰყვა. ალბანური მედიის ცნობით, არიან დაშავებულები, როგორც მომიტინგეებს, ისე სამართალდამცავებს შორის.
მოქალაქეთა მოთხოვნას, შეწყდეს აშშ-ის პრეზიდენტის ოჯახთან დაკავშირებული პროექტის რეალიზება და გაუქმდეს ხელშეკრულება, ალბანეთის ხელისუფლება კატეგორიული უარით პასუხობს, რის გამოც ისინი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ედი რამას გადადგომისკენ მოუწოდებენ.
გასულ თვეში Euronews-სთან საუბრისას, მან განაცხადა, რომ პროტესტის მონაწილეთა ქმედებები გამოწვეულია ე.წ. „ჰიბრიდული ომით“, რომლის ფარგლებშიც ვრცელდება ცრუ და ანტისემიტური ნარატივი, რაშიც, როგორც ამბობს, „გარე მტრული ძალები არიან ჩართული“.
ალბანური ხელისუფლების მტკიცებით, ადრიატიკის ზღვის სანაპიროს განვითარება ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას, რადგან ყოფილი კომუნისტური წყობის სახელმწიფო ახლა ცდილობს, პოზიციონირდეს როგორც ელიტური ტურისტული მიმართულება და მიისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ.
მიუხედავად ამ ამბიციებისა, ბრიუსელიდან ტირანას მოუწოდეს, გადახედონ სამშენებლო პროექტის ხელშეკრულებას და დაუყოვნებლივ უზრუნველყონ გარემოსდაცვით კანონმდებლობის მორგება ევრობლოკის წესებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ალბანეთი გააფრთხილეს, რომ ეს შეაფერხებს მათ ევროინტეგრაციას.
