ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შაბათ-კვირას ირანის რამდენიმე სამხედრო ობიექტზე მიიტანა იერიშები. ამის შესახებ ცენტრალური სარდლობა იმ ფონზე აცხადებს, როცა სამშვიდობო შეთანხმების პროექტთან დაკავშირებული დეტალები სულ უფრო გაურკვეველი ხდება.
პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამერიკულმა ძალებმა რადარისა და დრონების მართვის ობიექტებს დაარტყეს ქალაქ გორუკსა და კეშმის კუნძულზე. ცენტრალური სარდლობის განმარტებით, დარტყმები თავდაცვითი ხასიათის იყო და „ირანის აგრესიული ქმედებების“, მათ შორის, ამერიკული დრონის ჩამოგდების საპასუხოდ განხორციელდა.
ამასთან, ქუვეითის სამხედრო ძალებმა ორშაბათ დილით ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ ირანული რაკეტებითა და დრონებით თავდასხმის მოგერიების შესახებ განაცხადეს.
„არმიის გენერალური შტაბი მოსახლეობას აცნობებს, რომ აფეთქებების ხმები, რომლებიც შესაძლოა ისმოდეს, საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ ამ მტრული თავდასხმების მოგერიების შედეგია,“ - ნათქვამია ქუვეითის არმიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაძაბულობის ზრდას წინ ცნობების გავრცელება უძღოდა იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებებში ვაშინგტონის პირობები შეცვალა. ამერიკული მედიის ცნობით, მან თეირანს ურთიერთგაგების მემორანდუმის ახალი ვერსია გაუგზავნა, რომელშიც მოლაპარაკების რამდენიმე პუნქტი გამკაცრებულია.
ნებისმიერმა ცვლილებამ შეთანხმების პროექტში შესაძლოა ომის ოფიციალურად დასრულებისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის პროცესი კიდევ უფრო შეაფერხოს.
„ჩვენ არ დავამტკიცებთ არცერთ შეთანხმებას, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ ირანელი ხალხის უფლებები სრულად არის დაცული,“ - განაცხადა ირანის პარლამენტის სპიკერი და მოლაპარაკებებში თეირანის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
სააგენტო „ტასნიმის“ ინფორმაციით, შეთანხმების ტექსტზე მუშაობა გრძელდება და და მასში შესწორებები ორივე მხარეს რეგულარულად შეაქვს. მხარეებს შორის გზავნილების გაცვლა რომ კვლავ გრძელდება, ამას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრიც ადასტურებს.
როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აღნიშნავს მისი პრიორიტეტები ირანისგან მომავალი ბირთვული საფრთხის აღმოფხვრა და ჰორმუზის სრუტის გახსნაა.
თეირანის თქმით კი, ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით არსებითი მოლაპარაკებების დაიწყებამდე 12 მილიარდი დოლარის ოდენობის გაყინული ირანული აქტივები უნდა განიბლოკოს. ამასთან, ირანული მედიის თანახად, თეირანმა ტრამპის ადრინდელი განცხადებები, თითქოს ირანის გამდიდრებული ურანის მარაგი განადგურდება, „უსაფუძვლოდ“ შეაფასა.
