კატეგორიები

რუსეთთან პირდაპირი დიალოგის საკითხზე ევროპელ დიპლომატებს აზრთა სხვადასხვაობა აქვთ

რუსეთთან პირდაპირი დიალოგის საკითხზე ევროპელ დიპლომატებს აზრთა სხვადასხვაობა აქვთ
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, მოსკოვის გაფრთხილებას, უსაფრთხოების მიზნით, კიევი სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებმა დატოვონ, მხოლოდ ვაშინგტონი დაემორჩილა.

კაია კალასის თქმით, ევროპული სახელმწიფოებისგან განსხვავებით, აშშ-ის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ უკრაინის დედაქალაქის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

კიევში მომუშავე ამერიკელი დიპლომატები ამ ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტისთვის ამერიკელთა უსაფრთხოება ყველაზე პრიორიტეტული საკითხია და რომ ვაშინგტონი პერიოდულად მართავს დისკუსიას ამ თემაზე.

საგარეო საკითხებში ევრობლოკის უმაღლესი წარმომადგენელი ამბობს, რომ ევროპელმა დიპლომატებმა უნდა გადაწყვიტონ ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც უკავშირდება უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის შესახებ რუსეთთან შესაძლო პირდაპირ მოლაპარაკებებში ბრიუსელის შუამავლობას.

„სამშვიდობო მოლაპარაკებების მხრივ, ახლა ბევრი არაფერი ხდება და ასევე ვხედავთ, რომ რუსეთი ბრძოლის ველზე არახელსაყრელ მდგომარეობაშია.

ამიტომ სწორედ ეს არის ის ადგილი, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთობლივად უნდა განვიხილოთ მთავარი ინტერესები, მთავარი მოთხოვნები, რაც გვაქვს რუსეთისადმი, რადგან მაშინ, როცა ჩვენ მივუსხდებით მოლაპარაკებების მაგიდას, ძალიან მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული, რას ვაკეთებთ, რა არის ის საკითხები, რის განხილვასაც ვაპირებთ და ის, რომ ჩვენი ინტერესი არის გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობა. თუკი დაუფიქრდებით, რუსეთის ერთადერთი ინტერესი არის სანქციების მოხსნა, რაც სრულად არის ევროპის გადასაწყვეტი.

ახლა რუსული მხარი ზრდის ტერორისტული თავდასხმების რაოდენობას. სხვანაირად ამას ვერაფერს ვუწოდებ. ეს არის საზოგადოებაში შიშის დანერგვის მცდელობა. ოთხი წლის წინ ამან არ იმუშავა და არც ახლა მგონია, რამე შედეგი ჰქონდეს.

ამას გარდა, გუშინ უკრაინიდან მოვისმინეთ ერთი რამ, რომ ყველა დიპლომატიური წარმომადგენლობა რჩება ადგილზე, გარდა ერთისა. დიახ, ყველა ევროპული საელჩო დარჩა, ამერიკის კი წავიდა, რაც ასევე ძირს უთხრის დიპლომატიური წარმომადგენლობების სიმამაცეს“, - განაცხადა კაია კალასმა.

დიპლომატებს ბალტიური ქვეყნებიდან მიაჩნიათ, რომ წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, ევრობლოკმა ბევრი რამ უნდა გაიაზროს, ვიდრე გადადგამს მოსკოვისთვის სარგებლის მომტან ნაბიჯს. მათივე შეფასებით, ვლადიმერ პუტინის ერთადერთი მიზანი არის დროის მოგება და არა მართლაც ომის დასრულება.

„ახლა ყველა საუბრობს, ვინ უნდა იყოს ადამიანი, რომელიც პუტინთან მოლაპარაკებებზე იქნება წარმოდგენილი, მაგრამ, როგორც იცით, რეალობა ისაა, რომ პუტინს არ სურს არაფერზე საუბარი, ამიტომ უკრაინაზე წნეხს ზრდის. ყოველ ღამე ვხედავთ სასტიკ თავდასხმებს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, ამიტომ გვჭირდება ვკონცენტრირდეთ იმაზე, როგორ შეგვიძლია, გავაძლიეროთ ევროპული პოზიცია.

უკრაინა ახლა ევროპასა და ჩვენს რეგიონში უდიდესი სამხედრო ძალაა, ამიტომ საჭიროა, გავიაზროთ ეს ძირითადი პრინციპები. უნდა ვიმსჯელოთ, როგორ მივიყვანოთ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან, რადგან მას არაფერზე არ სურს საუბარი, ამიტომ, საჭიროა, რუსეთზე წნეხის გაზრდა.

ვიმედოვნებ, ძალიან მალე იქნება მიღებული სანქციების 21-ე  პაკეტი, ასევე გაიხსნება უკრაინისა და მოლდოვის გაწევრებისთვის აუცილებელი ყველა კლასტერი, რადგან, როგორც ჩვენ ახლა ვიაზრებთ, სამომავლოდ ევროკავშირს, ნატოსა და რუსეთს შორის არ გვექნება არანაირი ნეიტრალური ან მსგავსი ბუფერული ზონა.

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ თუკი ვინმე დააკაკუნებს კრემლის კარზე და ეტყვის პუტინს: „მოდით, ახლა შევხვდეთ“, ის იმავე მოთხოვნებს წამოაყენებს, რასაც აყენებდა პრეზიდენტ ტრამპთან მოლაპარაკებების დროს. მისი მთავარი მიზანი არის მეტი დროის მოგება“, - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ.

ევრობლოკის წევრი ქვეყნების დიპლომატებმა კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტერიალზეც გაიმეორეს, რომ ახლა მოსკოვი წამგებიან მდგომარეობაშია და ევროკავშირმა არ უნდა „დაიმციროს თავი“ კრემლის წინაშე.

9 მაისს ვლადიმერ პუტინმა ევროპელებს შესთავაზა, მათი სახელით მოლაპარაკებების მაგიდასთან გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერი დამჯდარიყო.

რუსეთის პრეზიდენტის ჩანაფიქრს დასავლეთში მალევე მიუხვდნენ და განმარტეს, რატომ ცდილობდა კრემლი მაინცდამაინც შრედერის კანდიდატურის წინ წამოწევას - 2005 წელს გერმანიის კანცლერის თანამდებობის დატოვების შემდეგ, ის მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებდა ვლადიმერ პუტინთან.

2022 წლამდე ყოფილი გერმანელი მაღალჩინოსანი შედიოდა რუსული სახელმწიფო ენერგოგიტანტის, „როსნეფტის“ სამეთვალყურეო საბჭოში, ასევე სხვადასხვა პოსტზე იყო სხვა რუსულ სახელმწიფო კომპანიებში, მათ შორის „გაზპრომში“, ამიტომ მისი კანდიდატურა კიევშიც და ბრიუსელშიც მაშინვე გამორიცხეს.

დაკავშირებული ამბები
რუსეთთან პირდაპირი დიალოგის საკითხზე ევროპელ დიპლომატებს აზრთა სხვადასხვაობა აქვთ კანონმდებლებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გასვლის გაუქმებას დაუჭირეს მხარი