რუსული სახელმწიფო კორპორაცია „როსატომი“ ყაზახეთში პირველი ატომური ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს, რომელიც, წინასწარი გათვლებით, ცენტრალურ აზიაში ყველაზე მსხვილი უნდა იყოს - ასეთია ასტანასა და მოსკოვს შორის გაფორმებული შეთანხმების პირობები, რომელსაც ხელი მოაწერეს ვლადიმერ პუტინმა და ყასიმ ჟომართ თოყაევმა.
პროექტის ღირებულება 16 მილიარდ 500 მილიონ ამერიკული დოლარია, ხოლო ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილის დაფინანსებას მოსკოვი აპირებს.
სავარაუდოა, კრემლის ეს ნაბიჯი დაკავშირებული იყოს მის გეგმასთან, მეტად დამოკიდებული გახადოს ცენტრალური აზიის ქვეყნები, მით უმეტეს მისი მეზობელი სახელმწიფოები რუსულ ენერგიაზე.
„ყველანაირი საფუძველი გვაქვს, გამოვყოთ ენერგეტიკა როგორც ორმხრივი თანამშრომლობის ყველაზე წარმატებული მიმართულება. ჩემი შეხედულებით, ბალხაშის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ ხელმოწერილ შეთანხმებას უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვს.
ამ მასშტაბური პროექტის რეალიზების მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.
ვფიქრობ, ეს პროექტი გახდება ჩვენი სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის გამწევი ძალა, ასევე უზრუნველყოფს მომიჯნავე სფეროების განვითარებას. ბუნებრივია, პირველ რიგში ეს ყაზახეთს ეხება“, - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.
ასტანაში ვიზიტით მყოფი ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, ყაზახეთში განსახორციელებელი პროექტი მორიგ ჯერზე ადასტურებს, თითქოს რუსეთი მზად არის, ბირთვული შესაძლებლობები გამოყენებული იყოს მხოლოდ სამშვიდობო მიზნებისთვის. მისივე განცხადებით, მოსკოვი ამ პოლიტიკის ერთგული რჩება.
„სადგურის ექსპლუატაციაში შეყვანა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ყაზახეთისთვის ენერგორესურსების დაზოგვის თვალსაზრისით, ასევე ხელს შეუწყობს მოსახლეობისა და დაწესებულებების უზრუნველყოფას ხელმისაწვდომი და ეკოლოგიურად სუფთა ენერგიით.
როგორც ყაზახეთის პრეზიდენტთან საუბრისას აღვნიშნე, ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ საუბარი არ არის მხოლოდ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე, არამედ საუბარია მთლიანი სექტორის შექმნაზე, რომელიც მოიცავს განათლებას, კადრების გადამზადებასა და კიდევ ბევრ რამეს“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
საგულისხმოა, რომ საბჭოთა ხელისუფლების მმართველობისას, ყაზახეთი ბირთვული იარაღის გამოცდის პოლიგონად იქცა, რის გამოც ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი დღემდე დაუსახლებელი და სასიცოცხლოდ უსარგებლოა.
ამ ზონებთან მომიჯნავე რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის დიდ ნაწილს კი ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, ამიტომ დაგეგმილ რუსულ პროექტს ზოგიერთი მათგანი კრიტიკული თვალით უყურებს.
ამის მიუხედავად, ყაზახეთის ხელისუფლების პოზიციაა, რომ ქვეყნის ტერიტორიისა და მრავალმილიონიანი მოსახლეობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, ენერგოსექტორი იყოს განვითარებული, რისთვისაც ასტანა მიმართავს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას, რაც მაინც ვერ აკმაყოფილებს საზოგადოებრივ მოთხოვნებს.
ყაზახური მხარე მოსკოვთან მრავალი მიმართულებით თანამშრომლობს და ენერგოსექტორი არ არის გამონაკლისი. ამის მიუხედავად, უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაში ასტანა კრემლის პოზიციას მხარს არ უჭერს, ხოლო პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა არაერთხელ განაცხადა, რომ საჭიროა ომის შეჩერება, მშვიდობის დამყარება და პრობლემური საკითხების მოლაპარაკებების მაგიდასთან მოგვარება.
ვლადიმერ პუტინთან მჭიდრო პირადი თუ პოლიტიკური კავშირების მიუხედავად, კრემლის ლიდერმა, როგორც ჩანს, ვერ დაითანხმა თავისი ყაზახი კოლეგა ეღიარებინა მოსკოვის მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიები, რომლებსაც რუსეთი ე.წ. „დონეცკისა“ და „ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკებად“ ასაღებს.
