ნორვეგია უერთდება საფრანგეთის ინიციატივას, რომელის მიზანიც ბირთვული შეკავების საკითხზე ევროპულ ქვეყნებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობაა.
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტიორე ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთს ეწვია, მან საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან თავდაცვის საკითხებზე გამართა მოლაპარაკებები. შეერთებული შტატების ტრადიციული მოკავშირის ნორვეგიის ინიციატივაში ჩართვა კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ევროპა საკუთარი უსაფრთხოების სტრატეგიებს აძლიერებს, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის ომისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კრიტიკის ფონზე. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, რეგიონსა და მსოფლიოში უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, გეოპოლიტიკური კუთხით, ნორვეგიის ინიციატივაში ჩართვა ევროპის თავდაცვით შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააძლიერებს.
„ბატონო მინისტრო, თქვენ დათანხმდით, რომ ნორვეგია ბირთვული შეკავების გაფართოებულ ინიციატივას შეუერთდებოდა. ეს ჩვენი პარტნიორობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ამბიციურ თანამშრომლობასაც ბიძგს მისცემს. ეს ორმხრივი ვალდებულებაა, რომელიც ჩვენი საერთო ევროპული უსაფრთხოების სასარგებლოდ მოქმედებს. ნორვეგია მნიშვნელოვანი გეოგრაფიული და სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც მოკავშირეების ტერიტორიების გარე საფრთხეებისგან დაცვის თვალსაზრისით თანამშრომლობა უკვე გვქონდა, ბირთვული შეკავების გაძლიერებული ძალისხმევისას ჩვენი ურთიერთობა დამატებით მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.
პარიზმა და ოსლომ ასევე გააფორმეს ფართომასშტაბიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმება, სახელწოდებით „ნარვიკის შეთანხმება“, რომელიც ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სფეროში უფრო მჭიდრო დიალოგსა და თანამშრომლობას ითვალისწინებს.
ნარვიკის შეთანხმებით საფრანგეთის პრეზიდენტი აგრძელებს საფრანგეთის თავდაცვის საერთაშორისო პოლიტიკას, რომლის ფარგლებშიც საფრანგეთი ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებთან, მათ შორის დანიასთან, ფინეთთან და შვედეთთან კავშირებს აღრმავებს. ნარვიკის შეთანხმების ფარგლებში ფრანგულ სტრატეგიულ საჰაერო ძალებს შეთანხმებაში მონაწილე ქვეყნების სამხედრო ბაზების გამოყენება შეეძლებათ.
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის განაცხადებით, ნორვეგიამ უსაფრთხოების კუთხით კავშირების გაღრმავების გადაწყვეტილება ევროპაში არსებული უსაფრთხოების პოლიტიკური ვითარების, მათ შორის რუსეთის მასშტაბური გადაიარაღების პოლიტიკისა და რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე მიიღო.
„ცხრა ევროპულ ქვეყანასთან ერთად ნორვეგიაც მიიღებს მონაწილეობას თქვენი ინიციატივის შემდგომ პროცესში, რომელიც აჩვენებს, როგორ შეიძლება საფრანგეთის ბირთვულმა იარაღმა შეიტანოს წვლილი ევროპის უსაფრთხოებასა და ბირთვულ შეკავებაში. ბატონო პრეზიდენტო, თქვენი ინიციატივა მნიშვნელოვანია. მრავალი წლის განმავლობაში საფრანგეთის ბირთვული იარაღი მხოლოდ საფრანგეთის უსაფრთხოებასთან იყო დაკავშირებული. ახლა საფრანგეთი ახლო მოკავშირეებთან იწყებს დიალოგს, თუ როგორ შეიძლება მისმა ბირთვულმა იარაღმა უფრო ფართო გაგებით ევროპის უსაფრთხოებასა და სამხედრო საფრთხეეlბის შეკავებასაც შეუწყოს ხელი. ჩვენ გვსურს, ვიყოთ ამ დიალოგის ნაწილი ჩრდილოელ მეზობლებთან ერთად, ასევე ისეთ პარტნიორებთან, როგორებიც არიან გაერთიანებული სამეფო, გერმანია და პოლონეთი“, - განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გარ სტიორემ.
საფრანგეთმა ბირთვული შეკავების კუთხით თანამშრომლობა რამდენიმე ევროპულ ქვეყანასთან უკვე დაიწყო. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 2 მარტს განაცხადა, რომ გერმანია, პოლონეთი, საბერძნეთი, ნიდერლანდები, ბელგია, დანია და შვედეთი პარიზთან ბირთვულ თანამშრომლობას დათანხმდნენ. თანამშრომლობა ერთობლივ ბირთვულ წვრთნებს, ინფორმაციის გაზიარებასა და საბოლოოდ, საფრანგეთის ბირთვული შესაძლებლობების მქონე Rafale-ის ტიპის გამანადგურებლების მოკავშირე ქვეყნებში დროებით განთავსებას ითვალისწინებს.
