ევროპულმა ქვეყნებმა რუსეთის მუქარა კივში მყოფი დიპლომატების მიმართ ერთხმად უარყვეს და დაადასტურეს, რომ მათი წარმომადგენლობები მუშაობას შეფერხების გარეშე გააგრძელებენ.
გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, პოლონეთი, ნიდერლანდები, ბელგია, შვედეთი და ესტონეთი იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებმაც რუსეთის ელჩები დაიბარეს, რათა კრემლის მიერ გამოქვეყნებული განცხადების გამო პროტესტი გამოეხატათ. რუსეთის ელჩი გამოიძახა ევროკომისამაც.
საქმე ეხება განცხადებას, რომლითაც რუსეთი უცხოელ მოქალაქეებსა და დიპლომატიურ პერსონალს მოუწოდებდა, მოსალოდნელი საჰაერო იერიშების წინ კიევი „რაც შეიძლება სწრაფად“ დაეტოვებინათ.
„თავისი ქმედებებით რუსეთი ყოველდღიურად აჩვენებს საკუთარ ცინიზმსა და საერთაშორისო სამართლისადმი უპატივცემულობას,“ - განაცხადა ოთხშაბათს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა და დაამატა, რომ „საფრანგეთი მოსკოვის დაშინების ტაქტიკას მკაცრად გმობს“. უწყების სპიკერი განმარტავს, რომ ეს „იმ სამხედრო ჩიხს ადასტურებს, რომელშიც ქვეყანა უკრაინაში აღმოჩნდა“.
მოსკოვის განცხადებას ესპანეთმაც უპასუხა და მადრიდში რუსეთის ელჩს „მკაცრი პროტესტი“ გამოუცხადა, როგორც დიპლომატების მიმართ საჯარო მუქარის, ისე კიევზე განხორციელებული ბოლო მასშტაბური თავდასხმის გამო. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაახლოებულმა წყაროებმა განაცხადეს.
„ესპანეთის მთავრობამ, ევროკავშირში თავის პარტნიორებთან კოორდინაციით, კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის თავდაცვის უფლების მხარდაჭერა და რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს აგრესია, პატივი სცეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს და კეთილსინდისიერად აწარმოოს მოლაპარაკებები სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“, - ამბობს წყარო.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტომ ბერენდსენმა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ რუსეთის ელჩების დაბარების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერეს.
„დიპლომატების, უცხოელებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინება მიუღებელია და გაეროს ქარტიის აშკარა დარღვევას წარმოადგენს. რუსეთის დაშინების მცდელობები მხოლოდ მის ნამდვილ სახეს წარმოაჩენს. ჩვენი საელჩო ღიაა, ჩვენი დიპლომატები კიევში რჩებიან“ - დაწერა მარგუს ცაჰკნამ.
ამავდროულად, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცხაებს, რომ მის დიპლომატიურ მისიებზე ნებისმიერი დარტყმა „განზრახ და მიზანმიმართულ ქმედებად“ ჩაითვლება.ს
სპასუხო რეაქციის ფონზე მოსკოვმა პოზიცია კიდევ უფრო გაამკაცრა.
„ევროკავშირმა განაცხადა, რომ რუსეთის გაფრთხილებების მიუხედავად, კიევში თავის დიპლომატიურ წარმომადგენლობას უცვლელად შეინარჩუნებს. როგორც ჩანს, ზედმეტი დიპლომატები ჰყავთ და მათი რაოდენობის შემცირება სჭირდებათ,“ - თქვა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა.
მოსკოვის მუქარამ გაამწვავა ევროკავშირის დედაქალაქებში მიმდინარე დებატებიც - უნდა ჩაერთოს თუ არა ევროკავშირი რუსეთთან პირდაპირ მოლაპარაკებებში უკრაინაში ომის დასასრულებლად.
„რუსეთი რუსეთს მშვიდობა საერთოდ არ აინტერესებს“, - განაცხადა ევროკომისიამ.
