ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა ოთხშაბათს, გვიან ღამით, ირანის წინააღმდეგ მორიგი „თავდაცვითი დარტყმების“ შესახებ განაცხადა. ცოტა ხნით ადრე კი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ირანი მოლაპარაკებებს ძალიან სუსტი პოზიციიდან აწარმოებს.
დარტყმების სამიზნე სტრატეგიულ საპორტო ქალაქ ბანდარ-აბასში მდებარე სამხედრო ობიექტი იყო. შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის თანახმად, ამერიკულმა ძალებმა თავდაცვის მიზნით გაანადგურა ირანის ოთხი დრონი, რომელიც „ჰორმუზის სრუტის მიმდებარე ტერიტორიისთვის საფრთხეს წარმოადგენდა“.
ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ბანდარ-აბასში მდებარე ობიექტზე დარტყმა იმ დროს განხორციელდა, როცა იქიდან მეხუთე დრონის გაშვება იგეგმებოდა.
ეს ბოლო სამი დღის განმავლობაში უკვე მეორე იერიშია, რომელიც ცეცხლის შეწყვეტისა და აქტიური მოლაპარაკებების ფონზე განხორციელდა.
ინფორმაცია დარტყმების შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მთავრობის კაბინეტის სხდომაზე განაცხადა, რომ მის ადმინისტრაციას ომის დასრულების გზაზე პროგრესი აქვს. მანვა გაიმეორა, რომ თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება ამერიკის შეერთებულ შტატებს „საქმის ბოლომდე მიყვანა“ მოუწევს.
„მათი საზღვაო ძალები აღარ არსებობს - როგორც ათასჯერ მითქვამს, მათი ფლოტი განადგურებულია. მათი საჰაერო ძალები განადგურებულია. ყველაფერი განადგურებულია და ახლა ისინი ძალიან სუსტ მდგომარეობაში აწარმოებენ მოლაპარაკებებს. ვნახოთ, რა მოხდება. შეიძლება დაბრუნება და ყველაფრის ბოლომდე მიყვანა მოგვიწიოს. შეიძლება არა. შეგიძლიათ სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს ესაუბროთ. ისინი კარგად მუშაობენ. მგონია, რომ ახლა მათ უბრალოდ შეთანხმების მიღწევა სურთ. მათ ეს უნდათ. არ ვფიქრობ, რომ სხვა არჩევანი აქვთ. ისინი ინტერნეტს აბრუნებენ, რადგან მძიმე დარტყმებს იღებენ. მათი ეკონომიკა თავისუფალ ვარდნაშია. მათ 250%-იანი ინფლაცია აქვთ. მათ ფულს ფასი აღარ აქვს. მთელი ეკონომიკური სისტემა ჩამოიშალა. მათ ეგონათ, რომ დროს გაწელავდნენ. „მას შუალედური არჩევნები აქვს“. მე შუალედურ არჩევნებზე არ ვნერვიულობ. ნახეთ, რა მოხდა გუშინ ღამით - ეს შუალედური არჩევნების დასაწყისი იყო. ხალხს ეს ესმის. მათ იციან, რომ ყველაფერი ძალიან მარტივია: არ შეიძლება ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს. ამას მთელი მსოფლიოსთვის ვაკეთებთ და არა მხოლოდ ჩვენთვის. და სხვათა შორის, სხვა ქვეყნებისგანაც დიდი მხარდაჭერა მივიღეთ. ეს საერთოდ არ გვჭირდება, მაგრამ მაინც დიდი მხარდაჭერა გვაქვს,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპი ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ აქტიურ პოლიტიკურ კამპანიას აწარმოებს. ეს იმ ფონზე, როცა რესპუბლიკელები მზარდი ხარჯებისა და საწვავის ფასების ზრდის გამო ამერიკელ ამომრჩევლებში უარყოფითი განწყობის გაძლიერებაზე ღელავენ.
